ტარიფის გაზრდა ადგილობრივი მომხმარებლისთვის არ იგეგმება, სამაგიეროდ, საქართველოს დიდი შანსი ეძლევა და ეს უნდა გამოიყენოს
გვანცა წულაია
17.08.2021

ევროპაში გაზი საგრძნობლად ძვირდება. ევროპის ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასმა 1000 კუბურ მეტრზე 585 ამერიკულ დოლარს მიაღწია. ბოლო ხანებში გაზის ღირებულება მუდმივად იმატებს  და თითქმის ყოველ თვეში რეკორდს ხსნის. ახლა საინტერესოა, ემუქრება თუ არა საქართველოსაც რაიმე საფრთხე და კიდევ ერთხელ გაძვირდება თუ არა იგი ბიზნესისთვის ან თუნდაც მოსახლეობისთვის?

მას შემდეგ, რაც „გაზპრომმა" გადაწყვიტა, რომ უკრაინის გაზის გადამცემი სისტემის მყარი დამატებითი სატრანზიტო შესაძლებლობების მხოლოდ 4% დაეკავებინა, გაზის ფასმაც არანორმალურად მოიმატა. გარდა ამისა, პრობლემაა მაღალი მოთხოვნა და მიწისქვეშა საცავებში მარაგის კლებაც, რაც ასევე ფასის ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია.  

სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულება ორშაბათს ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე თითქმის 550 აშშ დოლარს შეადგენდა. აუქციონის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მან 586.3 აშშ დოლარს მიაღწია. ზრდამ, დაახლოებით, 2.5% შეადგინა.

ანალიტიკოსების აზრით, საცავებში გაზის მცირე რაოდენობის და აზიაში მოხმარების ზრდის ფონზე, უახლოეს პერიოდში გაზი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს, ხოლო „გაზპრომის“ მიდგომა უკრაინული ტრანზიტისადმი ვითარებას ბაზარზე კიდევ უფრო ართულებს. 

ამ დროისთვის არსებული ვითარება - მოხმარების ზრდა, საცავებში არასაკმარისი მარაგი, ევროპაში თხევადი გაზის იმპორტის შემცირება და „გაზპრომის“ მიდგომა - ფასების შემცირებას ხელს არ უწყობს, ამიტომ საინტერესოა, რა მოხდება საქართველოში და შესაძლებელია თუ არა, ტარიფების ცვლილება ქვეყნის შიგნითაც დაიწყოს?

როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე აღნიშნავს, ევროპაში ბუნებრივ აირზე ღირებულების გაზრდის მიუხედავად, საქართველოში ფასთა კორექტირება არ იგეგმება.

„ჩვენთან ტარიფი დადგენილი და ხელმოწერილია და მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა მართლაც სწრაფი ტემპით მატება დაიწყო, ვფიქრობ, საქართველოში წლის ბოლომდე არავითარი პრობლემა არ შეგვექმნება ტარიფთან დაკავშირებით როგორც სოციალურ გაზთან მიმართებაში, ისე კომერციულ ბუნებრივ აირთან. 

არ ვიცი, როგორი ხელშეკრულებაა „გაზპრომსა“ და საქართველოს შორის, რადგან ჩვენთან კომერციული ობიექტებისთვის ძალიან მცირე რაოდენობის ბუნებრივი აირი „გაზპრომიდან“ შემოდის, მაგრამ აზერბაიჯანთან  ჩვენ ძალიან მყარი ხელშეკრულება გვაქვს და არ მოგნია, მას რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს“, - განუცხადა გია არაბიძემ „რეზონანსს“. 

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასმა ისტორიული მაქსიმუმი განაახლა. ექსპერტთა აზრით, თუ აზიაში გაზის ფასი მკვეთრად არ გაიზარდა, რაც მოთხოვნას მნიშვნელოვნად შეამცირებს და ამავე დროს, „გაზპრომმა“ თავისი მიდგომა უკრაინული ტრანიზიტისადმი არ შეცვალა, ბუნებრივ აირზე დაბალი ფასი წლის ბოლოზე ადრე მოსალოდნელი არც არის. 

ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის“ პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაყმაძე ფიქრობს, რომ ამ ვითარებაში საქართველომ გეოგრაფიული მდგომარეობა უნდა გამოიყენოს. 

„ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასის ზრდამ უნდა დაგვაფიქროს იმაზე, რომ საქართველოს შანსი აქვს, კიდევ უფრო გაზარდოს თავისი სატრანზიტო პოტენციალი. წარმოიდგინეთ, საქართველომ უკვე 10 მილიარდი დოლარი მიიღო შაჰდენიზის საბადოდან მოპოვებული გაზის გატარებაში. ეს თანხა იმაზე მეტია, ვიდრე ამერიკასა და ევროპას გრანტების სახით დახმარება გაუწევია. სწორედ ეს უნდა გვაინტერესებდეს და ვფიქრობდეთ ამ მიმართულებით. 

საქართველოს ენერგეტიკული რესურსები არ გააჩნია, მაგრამ აქვს გეოგრაფიული მდგომარეობა და ჰყავს ნიჭიერი ადამიანები. თუ აქამდე ვიღაცები გვეუბნებოდნენ, რომ გაზზე ფიქრისთვის თავი დაგვენებებინა, თურმე ასე არ ყოფილა. საქართველო რატომ უნდა იყოს თამაშგარე მდგომარეობაში, როდესაც მსოფლიოში ყველაზე იაფი გაზი თურქმენეთში და ყველაზე კარგი გადამხდელი მომხმარებელი ევროპაშია? ამიტომ ეს გეოგრაფიული მდგომარეობა უნდა გამოვიყენოთ. 

ევროპაში გაზის ფასი ისევ გაიზარდა. ყველა მიხვდა, რომ ტანკერებით ჩატანილი ბუნებრივი აირი ძვირია, ეს ვერ უზრუნველყოფს, რომ გაზის ფასი იყო სტაბილური და მისაღები კონტინენტის ეკონომიკისთვის. ამისთვის მილსადენით მიწოდებული გაზია საჭირო. ერთი ვარიანტი არის რუსეთი, მაგრამ ევროპას ხომ უნდა დივერსიფიკაცია. საქართვველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ უფრო დიდი მოცულობის მიმწოდებელი გახდეს, ამიტომ ქვეყანამ ინიციატივა უნდა გამოიჩინოს  და ჩაებას ფართომასშტაბიან გეოეკონომიკურ თამაშებში“, - განუცხადა გიორგი ვაშაყმაძემ „რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×