ტრანსპორტის შეზღუდვისა და მგზავრობის არანორმალურად გაძვირების გამო, კომპანიებს ხარჯი გაეზარდათ
გვანცა წულაია
18.08.2021

საქართველოში დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკაში პრობლემებს ქმნის. ამ ეტაპზე ყველაზე დიდი თავსატეხი უტრანსპორტობაა, რის გამოც კომპანიებს ხარჯი გაეზარდათ. ამ გარემოებამ შესაძლოა, მათ პროდუქციასა და მომსახურებაზე ფასის გაზრდა გამოიწვიოს. სწორედ ამის შესახებ საუბრობენ სპეციალისტები, რომლებიც ქვეყანაში გაძვირების ახალი ეტაპის დაწყებას არ გამორიცხავენ. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების გამო, კომპანიები იძულებულნი არიან, თანამშრომელთა ტრანსპორტირება საკუთარი სახსრებით განახორციელონ. ისინი, ვინც დისტანციურ მუშაობაზე გადასვლა ვერ შეძლეს, სწორედ ასეთი მოცემულობის წინაშე აღმოჩნდნენ. 

რესტორან „შავი ლომის“ დამფუძნებლის, მერიკო გუბელაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის გამო თანამშრომლების გადაადგილებისთვის საჭირო ხარჯი დღიურად 200 ლარამდე გაეზარდა. რაც შეეხება სამუშაო დროის 23:00 სთ-მდე შემოკლებას, გუბელაძე ამბობს, რომ ამ ფაქტს მომხმარებლების რაოდენობის შემცირებაზე არ უმოქმედია.

„ერთსაათიან შეზღუდვას დიდი გავლენა არ მოუხდენია, ისედაც 00:00 სთ-მდე ვმუშაობდით და 23:00 სთ-ზე დაკეტვით ბევრი არაფერი შეცვლილა. სამზარეულო აქამდეც 10-ზე იკეტებოდა და მაგ დროს არაფერი აღარ ხდება. რაც შეეხება სტუმარს, აქ მოსული მაინდამაინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობს, შესაბამისად, ამის გამო რაოდენობის კლება არ გვაქვს და სტუმრები ნამდვილად გვყავს. ერთადერთი, გაგვეზარდა თანამშრომლების ხარჯი, ეს არის დღიურად 200 ლარი იმის გამო, რომ გვიწევს ტაქსებით მათი უზრუნველყოფა“,  - განაცხადა „ბიემთან" მერიკო გუბელაძემ.

საბოლოო ჯამში, ხარჯის გაზრდა კომპანიების მომსახურებასა და მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას გააძვირებს, მით უფრო მაშინ, როდესაც საწვავის ღირებულება ისევ მაღალ ნიშნულზეა და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ფასთა კლების ტენდენციაა, საქართველოში ამ დადებით გარემოებას ასახვა არ მოუხდენია. 

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი ადასტურებს, რომ ტრანსპორტის გაჩერების გამო, საკმაოდ პრობლემური ჯაჭვი იქმნება და რადგან კომპანებს ხარჯი გაეზარდათ, ეს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. 

„როდესაც კომპანიას ხარჯი ეზრდება, ამის დაფარვა უნდა მოახერხოს, წაგებაზე ხომ არ იმუშავებს? გაზრდილი ხარჯის დაფარვა ხდება მის მიერ წარმოებული მომსახურების თუ პროდუქციის ფასით, რასაც, რეალურად, ისევ ჩვენ, მომხმარებლები ვიხდით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება არის სრულიად არასამართლიანი. ეს შეზღუდვა გარკვეული სოციალური ფენებისთვის დაწესდა, რადგან აკრძალვა მხოლოდ იმ ხალხს ეხება, ვისაც არ აქვს იმის საშუალება, რომ ან საკუთარი ავტომობილი ჰყავდეს, ანდა ტაქსით გადაადგილდებოდეს. პანდემიის პერიოდში შეზღუდვებს ვემხრობი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ გარკვეული სოციალური ფენებისთვის.  

როდესაც რაიმე სფეროს რეგულირებას ახდენ, მაგალითად, ტაქსების შემთხვევაში, მაშინ ნება იბოძონ და ფორსმაჟორულ სიტუაციებში ან რეგულაციის დონე გაზარდონ, ანდა საერთოდ გააუქმონ. ასეთ შემთხვევაში ვისაც ექნება სურვილი, „იტაქსავებს" და დიდი კონკურენციის გამო ტარიფები აღარ მოიმატებს. 

საკმაოდ პრობლემური ჯაჭვია. მართალია, ყველა აკრძალვა იმისთვის წესდება, რომ მობილობა შემცირდეს, მაგრამ თუნდაც საათობრივი შეზღუდვა შესაძლოა, ისე იქნას შემოღებული, რომ კომპანიებს სერიოზული თავსატეხი არ გაუჩნდეთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ მერაბ ჯანიაშვილმა. 

უტრანსპორტობის შემდგომ, პრობლემაა საათობრივი შეზღუდვაც, რადგან რესტორნებსა და კაფე-ბარებს სამუშაო გრაფიკი შეუმცირდათ, ამის გამო მათმა ყოველდღიურმა შემოსავალმა იკლო და არაა გამორიცხული, რომ ამ ფაქტის გამოც მოხდეს მათი მომსახურებისა და პროდუქციის გაძვირება. როგორც ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი აღნიშნავს, ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ეკონომიკურ პრობლემებს ქმნის.

„ერთი საკითხია, რომ კომპანიებს ხარჯები გაეზარდათ, მაგრამ მეორე მხარეა ის, რომ მომხმარებელი ვერ მიდის გამყიდველთან და პირიქით. ცხადია, ეს ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. მსოფლიო მაგალითებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უფრო ამართლებს არა ტრანსპორტის გაჩერება, არამედ დამატება და შიდა რეგულაციების გამკაცრება. მაგალითად, ავტობუსში არ უნდა მოხვდეს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ეს საჭიროა სოციალური დისტანციის დაცვისათვის. 

რაც შეეხება დიდი ღონისძიებების აკრძალვას, ამას სრულად ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზით სარესტორნო ბიზნესი საკმაოდ სერიოზულად ზარალდება, ახლა სხვა გზა არ არის. პანდემიური მდგომარეობა ძალიან ურტყამს და აფერხებს ეკონომიკას, მაგრამ უნდა გამოინახოს ოქროს შუალედი“, - დასძინა  „რეზონანსთან“ სოსო სიმონიშვილმა. 

პრობლემა უფრო გაღრმავდება, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გამოსწორდება, რადგან ასეთ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა დამატებითი შეზღუდვების შემოღებას გეგმავს. ეს საკითხი, ჯერჯერობით, განხილვის საგანია, ამიტომ დადასტურებულად უცნობია, ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების შემთხვევაში, დამატებით რა რეგულაციების გატარებას აპირებს ღარიბაშვილის მთავრობა. „რეზონანსის“ ინფორმაციით, ახალი შეზღუდვები შესაძლოა, სექტემბრიდან ამოქმედდეს და ეს, დიდი ალბათობით, რესტორნებსა და ღამის კლუბებს შეეხებათ, რა შემთხვევაშიც მათი საქმიანობა მხოლოდ გატანის სერვისით გაგრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×