ნავთობი უკვე 1 თვეა იაფდება, ლარი 4 თვეა სტაბილურია, საცალო ქსელში საწვავის ფასი უმსაღლეს ნიშნულზეა გაყინული
გვანცა წულაია
19.08.2021

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება სწრაფად იკლებს. საგრძნობი გაძვირების შემდეგ, უკვე რამდენიმე კვირაა საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ღირებულება ეცემა. დადებით ტენდენციას საქართველოზე ჯერ გავლენა საერთოდ არ მოუხდენია. ქვეყნის შიგნით ისეთი ვითარებაა, თითქოს მსოფლიოში არაფერი იცვლება და სრული უძრაობაა.

დღეის მდგომარებით, მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი "ბერტის" ტიპის ნავთობის ღირებულება 65 დოლარს შეადგენს და უახლოეს მომავალაში, მისი შემცირება კიდევ მოსალოდნელია. ჯერ კიდევ ერთი კვირის უკან, მისი ფასი 69-71 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, მაგრამ ამ დადებით გარემოებას გავლენა საქართველოზე არ მოუხდენია და ქვეყანაში საწვავი ისევ უმაღლეს ნიშნულზეა. 

მაღალი ფასი ფიქსირდება საბითუმო ბაზარზეც. 1 ლიტრი ბენზინი 2.40 ლარი, ხოლო დიზელი - 2.28 ლარი ღირს.  როგორც „სენტა პატროლიუმის” დამფუძნებელი, ზაალ იაკობიძე აცხადებს, თუკი მსოფლიო ბაზარზე დადებითი ტენდენცია გაგრძელდება და ქვეყნის შიგნით არსებული ფაქტორები არ გაუარესდება, 7-10 დღეში ფასთაცვლილება საქართველოშიც მოხდება. 

„დღეის მდგომარეობით, საბითუმო ბაზარზე ბენზინი ღირს 2.40 ლარი და დიზელი 2.28 ლარი ღირს. მსოფლიო ბაზარზე გუშინ კიდევ კლება დაფიქსირდა, რომელიც სხვადასხვა პროგრამებში აისახება და დღეს გამოქვეყნდა. საკმაოდ კარგი ტენდენციაა. დაახლოებით 20 დოლარი ერთ ტონა საწვავზე. 

თუ ასე გაგრძელდა, 7-10 დღეში დანამდვილებით აისახება საქართველოს საცალო ქსელშიც. ოღონდ, თუ არაფერი შეიცვლება, ფასები დაბლა წამოვა, ანდა მინიმუმ შენარჩუნდება იმ ნიშნულზე, როგორზეც ახლაა და თანაც ლარის კურსიც არ გაუფასურდება. ახლა ვერ გეტყვით, რამდენთეთრიანი კლება შეიძლება იყოს, რადგან ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაგორ შემცირდება ფასი საერთაშორისო ბაზარზე“, - განუცხადა „რეზონანსს“ ზაალ იაკობიძემ. 

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ფაქტორები გამოსწორებულია და ლარის კურსიც გამყარებულია, ხოლო მსოფლიოში დაწყებულია დადებითი ცვლილებები, საქართველოში საწვავი ჯიუტად ერთ ნიშნულზეა. როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრმა პაატა ბაირახტარმა განაცხადა, მსოფლიო ბაზრებზე ფასების ვარდნა უკვე თვეზე მეტია მიმდინარეობს და ეს დრო კი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ საქართველოზე რაიმე მაინც შეცვლილიყო.

„მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი ნამდვილად არის შემცირებისკენ. უკვე თვეზე მეტია გრძელდება და ეს საკმარისზე მეტი დრო არის, რომ ამ გარემოებამ ადგილობრივ ბაზარზე ზეგავლენა მოახდინოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა ბაირახტარმა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც საერთაშორისო ბირჟებზე დაწყებულ დადებით გარემოებას საქართველოზე გავლენა არ მოუხდენია. 

„ბოლო 3-4-თვიან მონაკვეთში ეროვნული ვალუტა გამყარებული და დასტაბილურებულია, რომელიც ფასწარმოქმნაში ერთი-ერთი მთავარი ფაქტორია. ასეთი დადებითი ფაქტორები, თუ რატომ არ მოქმედებს ადგილობრივ ბაზარზე, შეიძლება რამდენიმე მომენტი გამოვყოთ. პირველი ისაა, რომ ბაზარზე არც თუ მაღალი კონკურენცია იყოს, როგროც ამას მოიაზრებს კონკურენციის სააგენტო. 

რეალურად, უცხოეთიდან საწვავი რამდენიმე მსხვილ იმპორტიორს შემოაქვს და ადგილობრივ ბაზარზე არსებული მცირე კომპანიები ბითუმად სწორედ მათგან ყიდულობენ პროდუქტს და მათზე არიან დამოკიდებულები. ასეთ რეალობაში სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ის, რომ ბაზარზე კონკურენცია ისევ არ არის მაღალი, რასაც ჩვენ საცალო ფასებიდანაც ვამჩნევთ. თუ ჯანსაღი ბაზარი ფასებს არ არეგულირებს, ასეთ შემთხვევაში, ფასწარმოქმნა იქნება განსხვავებული საერთაშორისო ტენდენციისგან“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ბაირახტარმა. 

როგორც აღმოჩნდა, ქვეყნის შიგნით არსებული დადებითი ფაქტორები და მსოფლიო ბაზარზე გაიაფებული ნავთობი, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საქართველოში საწვავის გაიაფდეს. გამოსავალი, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს, არის აქციზის განაკევთის შემცირება, ანდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აშენება, რასაც არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა არ ახორციელებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×