სპეციალისტები პესიმისტურად არიან განწყობილნი და უარესს წინასწარმეტყველებენ
გვანცა წულაია
19.08.2021

საქართველოში უმუშევრობის დონზე კიდევ გაიზარდა. ბოლო მონაცემები საკმაოდ მძიმეა, რომლის გამოსწორების შანსი ჯერ არ ჩანს. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ პრობლემა მთავრობის პოლიტიკაშია და არსებული მონაცემები საგანგაშოა. ვითარებას გამოსწორების პირი არ უჩანს, პირიქით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. 

ბოლო წელიწად-ნახევარში სამსახურისა და შემოსავლის გარეშე უმარვი ადამიანი დარჩა, რაც სტასტიკაში აისახა კიდეც. უმუშევრობა გაზრდილია წელსაც. 2021 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 22.1% შეადგინა. 

საქართთველოს ეროვნული სტატისტიკის ოფიციალური ინფორმაციით, 2021 წლის II კვარტალის სამუშაო ძალის მაჩვენებლების მიხედვით, ქვეყანაში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.4% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია, ხოლო დასაქმების დონე 1.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 40.1%-ს შეადგენს. 

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 1.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული მონაცემები, რომელიც უმუშევრობის დონზე ასახვას, საშინელია. 

„20%-ზე მეტი კი არა, უმუშევრობის მაჩვენებელი უკვე 10%-ს ზემოთ ითვლება კრიტიკულად. საშინელი ვითარებაა. ტრაფარეტული სიტყვები გამოგვდის ხოლმე, როდესაც რაიმე გამოსწორებაზე ვსაუბრობთ. ზოგჯერ, უიმედობაში ჩავვარდებით, რომ აზრი არ აქვს ვინმესთვის რაიმე რჩევის მიცემას. 

პირდაპირ შეიძლება ითქვას, პრობლემა ხელისუფლებაშია. მე პირადად, მათ ვეღარ ვენდობი. არსებული გარემო პრობლემას ქმნის ინვესტიციების მხრივ, რომლის მოზიდვა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს ასეთ საშინელ პერიოდში“, - განუცხადა „რეზონანსს“ გივი მომცელიძემ. 

საქართველოში ეკონომიკური ფაქტორები ასე თუ ისე გამოსწორებულია. ქვეყანაში ყოველთვე დიდი ეკონომიკური ზრდა შეინიშნება, მაგრამ ამ გარემოებას უმუშევრობის გამოსწორებაზე გავლენა არ მოუხდენია, მეტიც, როგორც აღმოჩნდა, მონაცემები უარესდება, ამიტომ საჭიროა გზების გამონახვა, რადგან არსებული მძიმე სიტუაცია როგორმე გამოსწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში სამსახურის და შემოსავლის გარეშე კიდევ ბევრი ადამიანი აღმოჩნდება, რაც შემდგომ სიღარიბის მაჩვენებელს გაზრდის. 

როგორც აკადემიკოსო ავთო სილაგაძე აცხადებს, რთული ვითარების გამო, არ არის გასაკვირი, რომ უმუშევრობის დონე გაზრდილია და თუ ვითარება არ გამოსწორდება, სტატისტიკა მეტად გაუარესდება. 

„არ არის გასაკვირი, რომ უმუშევრობის დონე გაიზარდა. თავისთავად ცხადია, ყველაფერი ხდება პანდემიიდან გამომდინარე. ეკონომიკის ოდნავ შეზღუდვაც კი მალევე იწვევს უმუშევრობის მატებას, ამიტომ ეს არ არის მოულოდნელი. სამწუხაროდ, გავდივართ იმ პერიოდს, როდესაც ამ რთული სიტუაციის პიკია. 

ასეთ ვითარებაში უმუშევრობის შემცირება შეუძლებელია. ერთადერთი ტურიზმი, მომსახურების სფერო ამუშავდა, მაგრამ გარკვეული შეზღუდვები იქაც დარჩა. ეს, რა თქმა უნდა,  უმუშევრობას ისევ გაზრდის. ღმერთმა დაგვიფაროს, არც ის შეიძლება, რომ ადამიანები უმშევრობით დაიღუპონ და არც ის, რომ პანდემიის შედეგად კოლაფსი მოხდეს ქვეყანაში. ამიტომ ახლა მთავრობა დანის პირზე დადის, რომ ოქროს შუალედი მოძებნოს, რათა არც ერთი მხარე კრიტიკულად არ დაზარალდეს. 

თუ ასე გაგრძელდა და პანდემიის მძიმე შედეგები არ შემცირდება, რა თქმა უნდა, უმუშევრობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგან მთავრობას უფრო მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს“, - განუცხადა ავთო სილაგაძემ „რეზონანსს“. 

მართალია, უმუშვერობის ზრდაზე გავლენა კორონავირუსის პანდემიამ და დაწესებულმა შეზღუდვებმა მოახდინა, თუმცა ამ მხრივ არსებული ვითარება 2019 წლამდეც არ იყო სახარბიელო. ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრობლემა უკვე მრავალი წელია უმუშევრობაა და სიტუაცია გამოსწორების ნაცვლად, უარესდება. ამ პირებებში კი, სანამ ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს და შეზღუდვები მოქმედებს, დადებითი ცვლილებაზე საუბარი ზემდეტია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×