ირაკლი ლომიძე
23.08.2021

პანდემიამ მსოფლიო ბაზრებზე ფასთა ახალი წესრიგი დაამყარა. ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი სახელმწიფო, რომელიც ამ პროცესს ჩამორჩა. შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად შეიცვალა საფასო პოლიტიკა და ტრენდს არც საქართველო ჩამორჩება. თუმცა სანამ ადგილობრივ ტენდენციებს მიმოვიხილავთ, აღსანიშნავია, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასები მუდმივად ზრდის ტენდენციას ინარჩუნებენ და ეს ეხება აბსოლუტურად ყველა დასახელების პროდუქტს იმის მიუხედავად, როგორია მოთხოვნა და წარმოების ტემპი, რომელიც ხშირად არსებულ მოთხოვნას ფეხს ვერ უწყობს. იაფი პროდუქტი, როგორც ასეთი, არსად ხელმისაწვდომი არ არის და არც ნიშნებია იმის, რომ გაზრდილი ფასები დაიწევს.

პანდემიის პირობებში ყველამ, ვისაც კი შესაძლებლობა ჰქონდა, ფასებს გადახედა. პირველ რიგში, ეს ეხება ხორბლის ფასს, 1ბუშელი 5 დოლარიდან 8 დოლარამდეა გაძვირებული. მაღალ ნიშნულზეა ნავთობპროდუქტების, ასევე ფერადი და ძვირფასი ლითონების ფასი, მათ შორის, ოქრო, რომელიც პანდემიამდე 1100 დოლარი ღირდა და უკვე 1800 დოლარამდეა.

ევროპაში გაზის 11 აგვისტოს, დღის ბოლოს, 4.37%-ით გაიზარდა.

ამრიგად, ნიდერლანდურ TTF-ში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ღირებულებამ ათას კუბურ მეტრზე 560 აშშ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება იზრავ ქონებას, მაგალითისთვის, გერმანიაში წლის მეორე კვარტალში საცხოვრებელ სახლებზე ფასი წლიურად 11%-ით გაიზარდა. 1 კვადრატული მეტრის ღირებულება დაახლოებით 9%-ით არის გაზრდილი და საშუალოდ 2 ათას 492 ევრომდეა.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოსთვის, აშშ-ში უძრავ ქონებაზე საშუალო ფასი 3 000 აშშ დოლარია, რაც 17%-ით მაღალია, წინა წლის მაჩვენებელზე. საცხოვრებელი სახლების საშუალო ფასი 363 ათას დოლარამდეა მომატებული, რაც 23%-ით მეტია 2020 წლის ივნისის მაჩვენებლებთან შედარებით.

საფრანგეთში ბინის ფასებმა წინა კვარტალთან შედარებით 5%-ით მოიმატა და საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 2900 ევროს შეადგენს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფასები ხელოვნურად არის გაზრდილი, ვინაიდან რიგი სიბიექტები სარგებლობენ პანდემიით და მოახდინეს ფასების ზრდა, რითაც მსხვილი ინდუსტრიები კოლოსალურ მოგებაზე გადიან.

„ისთ გეით ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი ფასების ზრდას პანდემიური პერიოდის მთავარ გამოწვევად მიიჩნევს და აცხადებს, რომ საშიში ვირუსის გავრცელებამ და მასთან დაკავშირებულმა საკითხებმა გლობალური ვაჭრობა თავდაყირა დააყენა, რაშიც ბიზნესი ზარალდება.

იაშვილის თქმით, გაძვირება ხშირად ლოგიკას არ ექვემდებარება და არ აქვს არგუმენტი, რაც შეიძლება გაძვირების მიზეზად დასახელდეს.

,,საერთაშორისო ბაზრებზე ფასები მატულობს და ამით საქართველო სერიოზულ პრობლემას განიცდის, ბიზნესი სერიოზულად დაზარალდა. მარტო ჩინეთი რომ ავიღოთ, იმპორტის ხარჯი, მინიმუმ, 5-6-ჯერ არის გაზრდილი. თითო კონტეინერის შემოტანა 14 000 დოლარზე ჯდება, როცა პანდემიამდე 3000 დოლარი ღირდა. კორონავიურუსმა მთელი გლობალური ვაჭრობა თავდაყირა დააყენა. ზოგ შემთხვევაში, არავინ იცის, რატომ მატულობს ფასი, მაგალითად, მოხდა ისე, რომ ფეროშენადნობებზე მოთხოვნა არნახულად გაიზარდა. რა ლოგიკით, უცნობია. მთლიანობაში კი ტენდენცია არასახარბიელოა, რაღაც ინდუსტრიებს პრობლემა აქვთ და კოტრდებიან, მაგრამ არიან ისინიც, რომელთა მოგება პიკს აღწევენ, სრული ქაოსია. ზოგადად, მოხმარება დაცემულია საქართველოში, ფული შეუმცირდა ხალხს, მაგრამ აქაც ყველაფერი ძვირდება, გლობალურ პრობლემებში ვართ", - განაცხადა ირაკლი იაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ფასები ზრდის ტენდენციაზე საუბრობს ანალიტიკოსი ნიკა შენგელიაც, რომლის ინფორმაციითაც, განსაკუთრებით გაზრდილია სურსათის ფასი და ეს ტენდენცია გაგრძელდება.

,,მწარმოებლებს, ასევე ჩამომსმხმელ საწარმოებსა თუ გამყიდველებს, გადასახადი გაუძვირდა, დოლარის კურსი მატულობს და უცხოურ ბაზრებზეც ფასები იზრდება. რამდენიმე ფაქტორია, რაც ერთდროულად მოქმედებს ფასებზე. მიუხედავად ამისა, პირველადი მოხმარების პროდუქტს რეალიზაციის მხრივ საფრთხე ნაკლებად ელის, რამდენიც არ უნდა ღირდეს, გაიყიდება, მაგრამ ძვირადღირებული პროდუქტი კი საერთოდ შეიძლება გაქრეს დახლებიდან.

სექტემბრიდან რიგი პროდუქტების გაძვირების ახალი ეტაპი დაიწყება. ოქტომბრიდან ველოდებით პურზე ფასების ზრდას, ასევე სექტემბერში დაგეგმილია ფედერელური სარეზერვო სისტემის (ფსს) სხდომა. შეიძლება მიიღონ გადაწყვეტილება რაოდენობრივი შერბილების ანუ ფულის ბეჭდვის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ეს კი დოლარის გაძვირებას გამოიწვევს. ამ პროცესს ძალიან მაღალი ალბათობით, ოქტომბრის ბოლოდან, ნოემბრის შუა რიცხვებიდან ფასების ზრდა მოყვება. დეკემბრიდან ხორცის ფასი მოიმატებს, ასევე რძის პროდუქტებიც გაძვირდება. ინფლაციაზე ძალიან მოქმედებს კომუნალური გადასახადებისზრდა. მართალია,

მთავრობამ გაზრდილი გადასახადები დენსა და გაზზე დაასუბსიდირა, მაგრამ 2022 წლიდან მწარმოებლებს თვითონ მოუწევთ გაზრდილი გადასახადის გადახდა, რაც ფასების მორიგ გაძვირებას გამოიწვევს. ხოლო ერთხელ გაძვირებული პროდუქტის ფასი არ დაიწევს, ამის მოლოდინი ნურავის ექნება" - განაცხადა ნიკა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

რაც შეეხება ინფლაციას საქართველოში, 2021 წლის ივლისში, წინა თვესთან შედარებით, 1,3%, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 11,9% შეადგინა - ფასების ზრდის ამაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაცია 14,3% იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზით, საქართველოში 2021 წლის ბოლოს ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 9,4% იქნება, ხოლო მიმდინარე წლის ინფლაციის საშუალო დონე 7,3%-ს მიაღწევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×