გვანცა წულაია
24.08.2021

საქართველოს ეკონომიკამ ნელ-ნელა გამოცოცხლება დაიწყო. ქვეყანაში, ყოველთვიურად ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება. ახლა მოლოდინიც საკმაოდ პოზიტიური არსებობს, თუმცა იმ პირობებში, თუკი საქართველო შეზღუდვებს თავს დააღწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყანის ეკონომიკურ განვითარებას დიდი საფრთხე ელის.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზს აკეთებს საქართველოს ეროვნული ბანკი. ცენტრალურმა ბანკმა მაკროეკონომიკური პროგნოზების საბაზო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარი გამოაქვეყნა. სებ-ის გათვლებით საბაზო პროგნოზის მიხედვით, 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის 8.5%-ით ზრდაა მოსალოდნელი. ამავე სცენარში, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 4%, 2023 წელს კი 5% იქნება. რაც შეეხება სებ-ის ოპტიმისტურ გათვლებს, მიმდინარე წელს ცენტრალური ბანკი ეკონომიკის 10%-იან ზრდას მოელის. მათი გათვლებით 2022 წლისთვის რეალური მშპ-ს ზრდა 5%, 2023 წლისთვის კი 5,5% იქნება. მოვლენების პესიმისტური სცენარით განვითარების შემთხვევაში ეროვნული ბანკი წელ ეკონომიკის 6%-იან ზრდას პროგნოზირებს, 2022 წელს ეს რიცხვი 2%, 2023 წლისთვის კი 4% იქნება.

მართალია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ საფრთხის წინაშეა, რადგან ქვეყანაში ამ დრომდე შეზღუდვები მოქმედებს და არ არის გამორიცხული, რომ დამატებით კიდეც რაიმე სახის შეზღუდვა დაწესდეს სწორედ ამიტომ, სპეციალისტთა ნაწილი აცხადებს, შეზღუდვების არ არსებობის შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა ყოველთვეში გაგრძელდება.

ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი აცხადებს, რომ ეროვნულმა ბანკმა პროგნოზში ის ციფრები ასახა, რომელიც ამ ვითარებაში უფრო რეალურია.

„დიდი ალბათობის, ეროვნულ ბანკში არ ცდებიან. უბრალოდ, მამავალში რა იქნება, ეს არავინ არ იცის, რადგან პროგნოზი შეიძლება გამართდლეს, ან - არა, მაგრამ ამ ვითარებიდან გამომდინარე, ის ციფრები ასახეს. რომელიც ყველაზე უფრო რეალურია, კარგ შემთხვევაში შეიძლება 10 %-იანი ეკონომიკური ზრდა იყოს და ცუდ შემთხვევაში 6 პროცენტი", - განაცხადა „რეზონანსთან" ზვიად ხორგუაშვილმა, რომლის განცხადებითაც თუკი ქვეყანაში დამატებითი სახის შეზღუდვები დაწესდება, ეს გარემოება მძიმე შედეგს მოტანს, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე უმუშევრობის და სიღარიბის ზრდის კუთხით.

„ეროვნული ბანკის პროგნოზში, დიდი ალბათობით, არ არის გათვალისიწინებული ის, რომ შეზღუდვების დაწესდებოდა. შესაბამისად, შეზღუდვების დაწესებამ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს საბაზისო პროგნოზზე და უფრო ნაკლები იყოს, რადგან ყველა ჯერზე, როდესაც ხელისუფლებამ შეზღუდვები დააწესა, ვნახეთ, რომ ძალიან ცუდათ აისახა ეკონომიკაზე. ახლა მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რამდენიმე დღის წინ დადებული სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობა მკვეთრად გაიზარდა და თანაც იმ პერიოდში, როდესაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. გარდა ამისა, დაიდო სტატისტიკა, რომ დაახლოებით, 60 ათასი ადამიანი დაემატა შემწოების მიმღებ წრეს, რაც ნიშნავს იმას, რომ სიღარიბე მკვეთრად გაიზარდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დამატებითი სახის შეზღუდვების დაწესება კიდევ უფრო რთულ შედეგებს მოიტანს, ერთი მხრივ ეკონომიკური ზრდის მიმართულებით და მეორეს მხრივ, უმუშევრობის და სიღარიბის კუთხით", - განუცხადა „რეზონანსს" ზვიად ხორგუაშილმა.

ქართული ეკონომიკა პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ მდგომარეობას თავს ნელ-ნელა აღწევს. ახლა მთავარია, მდგომარეობა შენარჩუნდეს და კიდევ ერთხელ ახალი რეგულაციების წინაშე არ აღმოვჩნდეთ. ფაქტია, ეკონომიკა რეცესიიდან გამოდის და აუცილებელია ამ პროცესის წარმატებით დასასრულებლად ყველაფერი ვიღონოთ.

ეკონომისტ სანდრო თვალჭრელიძის პროგნოზით, წელს 6-6.5-7%იანი ეკონომიკური ზრდა უფრო რეალურია.

„ვფიქრობ, რომ ამ ვითარებაში წელს 6-6.5-7%იანი ეკონომიკური ზრდა უფრო რეალურია. ბიზნესი თუ ნორმალურად იმუშავებს, ეკონომიკას ლოკალური შეზღუდვები ხელს ვერ შეუშლის. ბიზნესს სჭირდება ნორმალური მართვა და ამისთვის საჭიროა შესაბამისი ღინისძებების გატარება", - თქვა „რეზონანსთან" სანდრო თვალჭრელიძემ.

წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკაში არნახული ზრდა დაფიქსირდა. იანვარში ქართული ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა. კლება იყო თებრევალშიც, რა დროსაც ეკონომიკა 5.1%-ით შემცირდა. მარტში ქართული ეკონომიკა 4.2%-ით გაიზარდა. დიდი ნახტომი იყო აპრილის თვეში, 44.8%-იანი ზრდა. მაისი თვეში ეკონომიკა 25.8%-ით გაიზარდა, ხოლო ივნისში 18.7%. შეზღუდვების არ არსებობის შემთხვევაში, ზრდა მოსალოდნელია წლის დარჩენილ თვეებშიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×