„ჭკვიანი კამერები“ გამორთულია პერიოდულად, რომ მძღოლი ან მომხმარებელი არ „გაღიზიანდეს“
რეზონანსი
08.09.2021

2021 წელს საქართველოში ტექინსპექტირების ტემპი დაჩქარდა, მაგრამ ამან დიდი გარღვევა ვერ მოახდინა. ამის მიზეზი კანონის აღსრულების მიმართ ლოიალური დამოკიდებულებაა, განსაკუთრებით -  წინასაარჩევნოდ,  როცა „ჭკვიანი კამერების“ მხოლოდ ნაწილი მუშაობს და ავტომფლობელებს არ აჯარიმებენ. შესაბამისად, მოძრაობს ისეთი მანქანებიც, რომლებსაც ტექდათვალიერება საერთოდ არ აქვს გავლილი. 

ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ადასტურებს. ამჟამად კამერები ნაკლები დატვირთვით მუშაობს, ხან შეიძლება, სულაც გათიშული იყოს. ამ ეტაპზე  რამდენიმე ქალაქში ჩართულია, ნაწილობრივ მუშაობს, მაგრამ ეს ყველა ქალაქს არ ეხება. 

„სად ჩართულია და სად _ გამორთული, ვერ დავაკონკრეტებ, თუმცა არის ფაქტები, რომ გამართულად არ მუშაობს. ჩვენ ამ მიმართულებით 2020 წელს სპეციალური კვლევა ჩავატარეთ. ეს ეხებოდა ტექინსპეტირების პროცესსაც და აღმოჩნდა, რომ კანონის აღსრულება დამოკიდებულია კონკრეტული პირების ნება-სურვილზე, შეუძლიათ, გამორთონ, თუკი მოესურვებათ. ეს არის დაუშვებელი. აღსრულება უნდა ხდებოდეს უწყვეტ რეჟიმში, რაც არ ხორციელდება. მრჩება შთაბეჭდილება, რომ საჯარიმო სანქციები შეიძლება გამოყენებულ იქნას კონკრეტული მიზნისთვის, რომელსაც საგზაო უსაფრთხოებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

არაერთი შემთხვევაა, როცა „ჭკვიანი კამერები“ გამორთულია პერიოდულად, რომ მძღოლი ან მომხმარებელი არ „გაღიზიანდეს“. სინამდვილეში, ამ მიდგომას საგზაო მოძრაობაში მოაქვს მსხვერპლი, ავტოსაგზაო შემთხვევები და ასეთი სავალალო სტატისტიკით საქართველო ევროპაში ერთ-ერთ მოწინავეა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მესხიშვილმა.

მისი თქმით, 2021 წელს ტექინსპექტირების მიმართულებით ვითარება შეიცვალა და დაჯარიმების მექანიზმიც მუშაობს, თუმცა, 2019 წელთან შედარებით, მაინც ჩამორჩენაა.

„2020 წელი არ გამოდგება საზომად, რადგან ინსპექტირების პროცესი დიდი ხნის განმავლობაში შეჩერებული იყო, მერე გადავადდა კიდეც.  წელს ტექინსპექტირების ცენტრებში მცირეოდენი მატება არის, მაგრამ, 2019 წელთან შედარებით, მიმართვიანობა აშკარად დაბალია. პირველადი ინსპექტირების რაოდენობა პანდემიამდე, დაახლოებით, 700 000-მდე იყო, რაც ძალიან მცირეა. ამ დონეზეც რომ ავიდეს 2021 წელი, სულაც არ ნიშნავს, რომ პროგრესია. 100 000-ზე მეტი ავტომობილია დამატებით 2019-2020 წლებში დარეგისტრირებული და თუ მიმართვიანობა მაინც დაბალია, ესე იგი, ტექინსპეტრირებაში პრობლემაა. 

უამრავი გაუმართავი ავტომობილი მოძრაობს ქვეყნის მასშტაბით, რაზეც პოლიცია არ რეაგირებს. ამას თუ ისიც ერთვის, რომ არც კამერა მუშაობს, გამოდის, მთლიანად მძღოლების კეთილგონიერებასა და კანონმორჩილებაზეა სფერო დამოკიდებული და არა - კანონის აღსრულებაზე. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს შედეგი“, - აღნიშნა მესხიშვილმა.

ტექინსპეტირების პროცესთან დაკავშირებით პრობლემას ადასტურებს ავტოექსპერტი ვაჟა იორდანაშვილი. მისი ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მძღოლების მიმართვიანობა 20%-ით გაზრდილია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„კამერები ნაწილობრივ მუშაობს, გვაქვს დაჯარიმების ცალკეული შემთხვევები. ვერ ვიტყვით, რომ საქმე კარგადაა, თუმცა შარშანდელთან შედარებით უკეთესობაა. 2020 წელს საერთოდ არ დაჯარიმებულან ავტომფლობელები, წელს ცოტათი გამოსწორდა მდგომარეობა. ცენტრებში, დაახლოებით, 20%-ით გაზრდილია მომართვიანობა, მაგრამ ეს არ არის სასურველი შედეგი. მილიონ ერთეულზე მეტი ავტომობილია, რომელიც აქტიური სტატუსით მოძრაობს საქართველოში და თუკი კანონის აღსრულების მიმართულებით მთავრობა ზომებს არ გაამკაცრებს, მათი დიდი ნაწილი ისევ თავს აარიდებს ტექდათვალიერებას“, - აღნიშნა „რეზონანსთან" იორდანაშვილმა.

გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის ტექნიკური ინსპეტირების ზოგიერთ კომპანიაში ამბობენ იმასაც, რომ დღეში 4-5 ავტომობილი შედის, რაც მაინც ზრდაა, რადგან 2020 წელს ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად ნულოვან დონეზე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „აირბალონის" წარმომადგენელი ნოდარ რამიშვილი ადასტურებს.

„დღეში 5-6 მანქანა გადის ინსპექტირებას. ცხადია, ეს ცოტაა, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ წინა წელს საერთოდ არ იყო მოთხოვნა. საერთოდ კი, პანდემიამდელ პერიოდამდე, ანუ 2019 წლამდე, მიმართვიანობა 60%-ით არის შემცირებული. ცალკე თემაა ტაქსები, რომლებიც უფრო აქტიურად გადის ტექნიკურ ინსპექტირებას. ამ მიმართულებით კონტროლი ნამდვილად მაღალ დონეზეა, ამაზე ვერაფერს ვიტყვით", - განაცხადა  რამიშვილმა.  

რაც შეეხება მოსალოდნელ რეგულაციებს, ცნობილია, რომ მთავრობა ისეთ ავტომობილზე, რომლის გამონაბოლქვშიც დამაბინძურებელი ნივთიერებები დადგენილ ნორმატივებს აღემატება, პასუხისმგებლობის გამკაცრებას გეგმავს. ამის შესახებ მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია საუბარი, რომელიც პარლამენტს 2021 წლის საშემოდგომო სესიისთვის გადაეგზავნა.

დოკუმენტის თანახმად, ცვლილების შეტანა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ იგეგმება და მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ისეთი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისთვის, რომელთა განაფრქვევში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივებს აღემატება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×