დღეს თუ აფხაზეთი მაინინგის გამო სანახევროდ ჩაბნელებულია, ხვალ შეიძლება, პრობლემები მთელ ქვეყანაში დაიწყოს
ირაკლი ლომიძე
09.09.2021

კრიპტოვალუტის უკიდეგანო გამომუშავებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მდგრადობა ეწირება. „ბიტფურის" სახელმწიფოსთვის უსარგებლო საქმიანობის გამო, სექტორი და მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა მილიონობით ლარის ზარალს განიცდის. კომპანიის საქმიანობა ენერგეტიკას მძიმე დღეში აგდებს, ციფრული ვალუტის გამომუშავების უკონტროლობამ კატასტროფამდე მიიყვანა აფხაზეთი, სადაც მთელი ელექტროენერგია მაინინგის პროცესს ხმარდება და რეგიონი ამ დროს ნახევრად ჩაბნელებულია. 

როგორც ცნობილია, ბიტკოინის ღირებულება უკვე  45 000-50 000 დოლარის ფარგლებშია, რაც ვალუტის გამომმუშავებლებს დიდ სტიმულს აძლევს. „ბიტფურის" მფლობელობაში არსებული უმსხვილესი დატა-ცენტრის მუშაობის გამო 2021 წლის ივლისში საქართველოში პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის ხარჯი გაიზარდა.

თუ ივნისში პირდაპირმა მომხმარებლებმა 288.932 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია დახარჯეს, ივლისში ეს 341.659 მლნ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. ეს, ძირითადად, განპირობებულია იმ ცვლილებით, რომლის მიხედვით, 1-ლი ივლისიდან პირდაპირ მომხმარებლად ითვლება ის, ვინც თვეში 400 ათას კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს.

„ბიპიენის“ ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვეში კრიპროვალუტის მწარმოებელმა კომპანიამ „საქართველოს რკინიგზაზე“ 3-ჯერ მეტი დენი მოიხმარა. ივლისში „ბი ეფ დი სიმ" (ბიტფური) გახარჯა 39.406 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, „საქართველოს რკინიგზამ“ კი _ 12.182 მლნ კვტ/სთ. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში პირდაპირმა მომხმარებლებმა აითვისეს 1844.9 მლნ კვტ/სთ, რაც ქვეყნის მთლიანი მოხმარების 22,1%-ია.

ციფრული ვალუტის გამომუშავების ბოლოდროინდელმა ბუმმა ენერგეტიკას დიდი თავსატეხი გაუჩინა. ენერგეტიკოსები სახელმწიფოს მხრიდან კრიპტოვალუტის მოპოვებაზე მაღალი ტარიფის დაწესებას მოითხოვენ. მართალია, ჯერჯერობით, მაინინგის ობიექტებისა თუ შედარებით პატარა ფერმების აკრძალვაზე საუბარი არ არის, თუმცა სადავოა გადასახადის ის ფორმა, რომლითაც დატა-ცენტრები სარგებლობენ. 

როგორც ენერგეტიკოსებს, ასევე საბანკო სფეროს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კრიპტოვალუტის გამომუშავებაზე მაღალი გადასახადი უნდა დაწესდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელს კომუნალური ტარიფი გაუძვირდება, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

კონკურენტუნარიანი გარემოს პირობებში ციფრული ვალუტის მაინინგი არ წარმოადგენს საფრთხეს, მაგრამ არსებულ ვითარებაში ეკონომიკის დამანგრევლადაც შეიძლება იქცეს. ამის მიზეზი, როგორც ენერგეტიკოსი გია არაბიძე ამბობს, საგადასახადო პოლიტიკაა, რითაც დატა-ცენტრები ბოროტად სარგებლობენ.

„მათი ელექტროენერგიით მომარაგება კომერციულ საწყისებზე უნდა ხდებოდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ობიექტებმა დენი კომერციული ფასით უნდა შეიძინოს. ისედაც მაღალი ტარიფი აწევს დენზე მოსახლეობას და  ამ დროს იაფი ელექტროენერგიით მარაგდება გლდანისა და გორის დატა-ცენტრები. ისინი უფრო იაფს იხდიან, ვიდრე მოსახლეობა, რაც უსამართლობა და არასწორი დამოკიდებულებაა. კონკურენტუნარიანი გარემოს პირობებში ყველაფერი ეს გასაგები იქნება, მაგრამ არსებული ტარიფის პირობებში კრიპტოობიექტებისთვის სასათბურე პირობების შექმნა ქვეყნისთვის ძალიან ცუდია. როცა ელექტროენერგია მიიმართება ეკონომიკაში, კერძოდ, მრეწველობაში, როგორც წესი, იგი მშპ-ის ზრდას ემსახურება, რასაც ბიტკოინის გამომუშავება ვერ უზრუნველყოფს", - განაცხადა არაბიძემ ,,რეზონანსთან“ და დასძინა, რომ ამწუთას საქართველოს არ აქვს იმდენი დენი, რომ ციფრული ვალუტის ცენტრებს მიზერულ ფასად მოვემსახუროთ. 

ანალოგიური მოსაზრება აქვთ საბანკო სფეროს სპეციალისტებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კრიპტოვალუტების წარმოების პროცესი რიგით მოქალაქეებს  აზარალებს, რადგან დიდწილად ამის გამოც დადგა დენის გაძვირების საკითხი.  ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ გოჩა თუთბერიძის შეფასებით, კრიპტოვალუტის გამომუშავება ქვეყნის ეკონომიკას ტვირთად აწვება.

„საფრთხე ეკონომიკისთვის ნამდვილად დიდია, რადგან  სარგებელი ფაქტობრივად, ნულოვანია. არ ვამბობ, რომ უნდა აკრძალონ მაინინგი, მაგრამ დაბალი ტარიფით ელექტროენერგიის მიწოდება არასამართლიანია. ჩვეულებრივი ტარიფით თუ იყიდიან დენს, პრობლემა არ არის. სხვა შემთხვევაში, ყოველთვის დაზარალდება მოსახლეობა, რომელსაც  ისედაც გაუძვირდა გადასახადი ელექტროენერგიაზე. მოთხოვნა მატულობს მაინინგის გამო და, შესაბამისად, ფასიც იზრდება. 

თავიდანვე იყო შეცდომა ამ კომპანიის შემოყვანა და სასათბურე პირობების შექმნა, ვინაიდან რეალურად არაფერს აძლევს ქვეყანას - არც სავალუტო შემოსავალი იზრდება ამით, არც ბიუჯეტს აქვს ხეირი და არც სახელმწიფოს. მომხმარებელი და ენეროსექტორი კი ზარალდება", - განუცხადა  „რეზონანსს" გოჩა თუთბერიძემ. 

როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტების საოცარმა ზრდამ შექმნა უზარმაზარი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. ე.წ. მაინინგის პროცესს ძალიან დიდი ოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. დროთა განმავლობაში ბიტკოინის მოპოვება უფრო და უფრო მეტად რთულდება, წარმატებული მაინინგისთვის კი, შესაბამისად, უფრო მეტი ელექტროენერგია არის საჭირო. სწორედ ამიტომ, ხარჯების ოპტიმიზაციისთვის, მაინერების დიდი რაოდენობის განთავსება ისეთ ქვეყანაშია მიღებული, სადაც ელექტროენერგიას დაბალი ფასი აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×