„დაახლოებით, 13-15 წლის შემდეგ ადამიანს შეიძლება, პროფესიის შეცვლაც კი დასჭირდეს"
გვანცა წულაია
09.09.2021

კორონავირუსის პანდემიამ ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა. მთელი მსოფლიო დისტანციურ რეჟიმში მუშაობაზე გადაეწყო, რამაც თავისებურებები და ერთგვარი პრობლემები შექმნა. ალბათ, სამომავლოდ დასაქმების ძველი სტრუქტურა აღარ იქნება. 

დღეს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც დისტანციურად მუშაობა გავრცელებული პრაქტიკაა. ასეთი დღის წესრიგი შექმნა კორონავირუსის პანდემიამ. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა, რომ ადამიანმა სასურველი ადგილიდან აკეთოს საქმე, მაგრამ ეს, გარკვეულწილად, პრობლემებს წარმოშობს, თუმცა ახალ გარემოებას დადებითი ფაქტორებიც ახლავს თან. 

სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ რადიკალური ცვლილებები მოხდა, თუმცა ცხოვრების წესის შეცვლას თავისი დადებითი მხარე აქვს და პანდემიამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ტექნიკური პროგრესი. 

„ცვლილებები ნამდვილად მოხდა, თანაც _ რადიკალური. პირველ რიგში, ეს ინფორმაციის შეგროვების, მონიტორინგის, მართვის, სწავლების ცალკეულ სფეროებში მოხდა, თუმცა ყველგან დისტანციური მუშაობა შეუძლებელია, განსაკუთრებით იქ, სადაც აუცილებელია პრაქტიკისა და უნარჩვევების გამოვლენა, მაგალითად: სამედიცინო სფეროში, სახელოვნებო სტუდიებში და ა.შ. 

მაკროეკონომიკური კუთხით თუ შევხედავთ, ზოგი ჭირი მარგებელია _ პანდემიამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ტექნიკური პროგრესი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში წვდომის, გავრცელებისა და გამოყენების კუთხით. რაღაცის დასანერგად თუ ადრე თვეები და წლები იყო საჭირო, ახლა გაცილებით სწრაფად წავიდა საქმე წინ. 

ალბათ, სამომავლოდ დასაქმების ძველი სტრუქტურა აღარ იქნება. ოფისის ისტორიული დატვირთვა, რაც ადრე იყო, შეიძლება, აღარც კი იყოს. ამ პროცესს შედეგი ჯერ არ მოუტანია, რადგან ახლაც მიმდინერობს, მაგრამ ის, რომ ძველებური მართვა, საქმიანობა, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის დამოკიდებულება ვეღარ იქნება, ეს ფაქტია“, - განაცხადა „რეზონანსთან“ სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ ახალ გარემოებას ფეხი უნდა ავუწყოთ, რაც პროგრესს უკავშირდება. 

ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც ადამიანს ხვდება, შეიძლება, მის ქცევაში ითხოვდეს დამატებით მობილიზაციას, კვალიფიკაციის შეცვლას და ა.შ. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ დიპლომის მიღების შემდეგ, ადამიანის მიერ მიღებული ცოდნის რესურსი 7-8 წელიწადში მორალურად ძველდება, დაახლოებით, 13-15 წლის შემდეგ კი ადამიანს შეიძლება, პროფესიის შეცვლაც დასჭირდეს ანდა ძველ სპეციალობაში ახალი პრინციპული მიდგომების, უნარჩვევების გამოვლენა გახდეს საჭირო. ეს აუცილებლად უკავშირდება პროგრესს და ჩვენც უნდა ავუწყოთ ფეხი ამ მიმართულებას და შევეცადოთ, ვიყოთ ავანგარდში“, - დასძინა „რეზონანსთან“ სოსო არჩვაძემ. 

დისტანციურად მუშაობა, ალბათ, პანდემიის შემდგომი ახალი რეალობის განუყოფელი ნაწილი გახდება, თუმცა ფაქტია, რომ ახალ გარემოებას ბევრი გამოწვევა ახლავს. მსოფლიოში ეს პრაქტიკა აქამდეც არსებობდა, თუმცა საქართველოში დისტანციურ რეჟიმზე მასობრივად გადაწყობა პანდემიას უკავშირდება, ამიტომ ქვეყანა ახალ გამოწვევას ეტაპობრივად „ერგება“. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ დამსაქმებელი მის მიერ დასაქმებულებს მუშაობის უშუალო პროცესში ვერ ხედავს, რაც, შეიძლება ითქვას, ერთგვარი დისკომფორტია. 

„კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი დისტანციური მუშაობის/სწავლის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ბევრი პრობლემაა, თუმცა შესაძლებლობების ფანჯარა მაინც გამოჩნდა“.

„ცხადია, სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა ვერ მოხდა და ასე ვერც მოხდება, რადგან არის რაღაცები, რასაც დისტანციურად ვერ გააკეთებ, მაგალითად, ქირურგიულ ოპერაციას. საერთოდ, პანდემიურმა კრიზისმა შესაძლოა, ბევრი რამ წაახალისოს. ამ ყველაფერმა დაგვანახვა, რომ სტაბილურად 9-დან 6 საათამდე სამსახური, ხშირ შემთხვევაში, საჭირო აღარ არის და ბევრი რაღაცის გაკეთება დისტანციურად არის შესაძლებელი, თუნდაც ის, რომ ახლა ურთიერთობა ელექტრონული ფოსტის საშუალებით ხდება და აღარ არის საჭირო საბუთების ჩაბარება და ა.შ.  

ცხადია, დისტანციური სწავლების პრობლემა არსებობს. ეს, როგორც უმაღლესში, ისე სკოლაში შესაძლებელია მხოლოდ ნაწილობრივ. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ სკოლა მხოლოდ სწავლებისთვის არ არის, იგი საჭიროა სოციალიზაციისთვის, კომუნიკაციისთვის, ამიტომ სჯობს, არ იყოს დისტანციური მოდელი. უმაღლეს განათლებაში ნაწილობრივ ვირტუალური სწვლება შესაძლებელია, თუმცა გააჩნია სპეციალობას. თანაც, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და ინტერნეტთან წვდომა ყველას არ აქვს. მუშაობის შემთხვევაში კი, როდესაც ოჯახში ბევრი ადამიანი ცხოვრობს, იზოლირება რთულია. 

საბოლოო ჯამში, ბევრი პრობლემა იყრის თავს, თუმცა შესაძლებლობების ფანჯარა მაინც გამოჩნდა და არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც საქმის დისტანციურად შესრულება ისეთივე წარმატებულია, როგორც ადგილზე მისვლით და ეს ბევრ რესურსს ზოგავს“, - განუცხადა სოსო ბერიკაშვილმა „რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×