ლეგალურად დასაქმების პროგრამები ფუჭი და უსარგებლო აღმოჩნდა
გვანცა წულაია
09.09.2021

გერმანიაში ქართველების ლეგალურად დასაქმების პროგრამა ჩავარდა _ სეზონურ სამუშაოებზე მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა მაშინ, როდესაც წასვლის მსურველთა რაოდენობა 100 ათასსაც კი აჭარბებდა. საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმება კიდევ ორ ქვეყანაში იგეგმება, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ გერმანიის მაგალითი, ისრაელისა და საფრანგეთის შემთხვევაში, დიდ გავლენას მოახდენს და ამ მიმართულებით უკვე აღარავინ ისარგებლებს.

გერმანიაში, დღეის მდგომარეობით, სეზონურ სამუშაოებზე საქართველოდან მხოლოდ 208 ადამიანი დასაქმდა (2021 წლის აპრილიდან). საქართველოს შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან - ისრაელთან და საფრანგეთთან აქვს, თუმცა, ჯერჯერობით, სამუშაოდ ჩვენი მოქალაქეები არც გამგზავრებულან.

 „კონკრეტულად როდის და რა ვადით გაემგზავრებიან მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, ამის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული ვადები. ისე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან და რა პირობებზე მოხდება შეთანხმება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში. 

თავდაპირველად ვერავინ წარმოიდგენდა, რომ გერმანიაში მხოლოდ 208 საქართველოს მოქალაქე დასაქმდებოდა, რადგან წასვლის მსურველთა რაოდენობა ძალიან დიდი იყო. გერმანიაში ჩასვლის შემდეგ ვითარება მალე სრულიად სხვანაირი აღმოჩდა, ქართველების უმეტესობა შრომითი პირობებით უკმაყოფილო იყო, რის შემდეგაც მათ სამშობლოში ნაადრევად დაბრუნება გადაწყვიტეს. 

პროფესორი პაატა აროშიძე აღნიშნავს, რომ გერმანიის შემთხვევაში პრობლემა იყო მოლოდინი, იქ წასულ ქართველებს არ დახვდათ ის პირობები, რაც წინასწარ წარმოედგინათ. 

„გერმანული შრომითი კულტურა საქართველოს კულტურისგან დიდად განსხვავდება. გერმანელი დამსაქმებელი დასაქმებულისგან მოითხოვს ძალის, ენერგიის მაქსიმალურ დახარჯვას. ეს ქართველისთვის უცხო აღმოჩნდა. მაგალითად, ქართველისთვის, ვინც მუშაობს მშენებლობაზე, წარმოუდგენელია, ყოველ საათში არ შეისვენოს და სიგარეტი არ მოწიოს. ეს იქ შეუძლებელი აღმოჩნდა და უკმაყოფილებაც გაჩნდა. 

ფაქტია, გერმანელი დამკვეთებისგანაც იყო ხარვეზები, პირობებს გადაუხვიეს, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ის შრომის პირობები, რომელიც ქართველებს იქ დახვდათ. იგი არ შეესაბამებოდა მათ წარმოდგენას. სოფლის მეურნეობის სამუშაოები ყველგან მძიმედ მიიჩნევა, მაგრამ ეს „მძიმე“ სამუშაო გერმანიაში წასული ქართველებისთვის კიდევ უფრო მძიმე აღმოჩნდა“, - განაცხადა „რეზონანსთან“ პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ გერმანიის ამბავი ისრაელისა და საფრანგეთის მიმართულებაზე დიდ გავლენას მოახდენს. 

აკადემისკოსი ავთო სილაგაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც მიიჩნევს, რომ გერმანიის მაგალითი გარკვეულ გავლენას მოახდენს სამუშაოს მაძიებლებზე, მაგრამ მოთხოვნასთან დაკავშირებით - არა. 

„გერმანიის შემთხვევა გავლენას ნამდვილად იქონიებს, მაგრამ მოთხოვნასთან დაკავშირებით - არა. ეს იქნება ორგანიზებისა და რეალური მოლოდინის თვალსაზრისით. ის ელემენტარული ინფორმაცია, რომ უცხოეთში იმუშავებს და  ბევრი რამ იქნება უზრუნველყოფილი, ვეღარ დააკმაყოფილებს ადამიანს და იგი უფრო მეტ გარანტიას მოითხოვს. 

მეორე მხრივ, საქართველოში პროგრამის კოორდინატორებმა უნდა გაითვალისწინონ ბევრი ნიუანსი, რომლებმაც თანდათან იჩინა თავი. თავის დროზე, რაღაც-რაღაცების  გამოსწორება შეიძლებოდა. ახლა, როგორც მსურველებმა, ისე ჩვენმა ქვეყანამ, წინასწარ მოლაპარაკებებში უნდა გაითვალისწინონ ის პრობლემები და ნიუანსები, რომლებიც იყო და ასეთ შემთხვევაში, გვექნება უკეთესი სასტრატო პირობები და არა ისეთი, როგორიც აქამდე იყო. ყოველი შეცდომა და ხარვეზი შემდგომი ნაბიჯისთვის სამაგალითო უნდა იყოს“, - განუცხადა ავთო სილაგაძემ „რეზონანსს“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×