კურსი გარკვეულწილად შეიცვლება, თუმცა წლის ბოლომდე დიდ რყევას ყველა გამორიცხავს
ირაკლი ლომიძე
13.09.2021

ლარის კურსის სტაბილურობა დიდხანს ვერ გასტანს. მართალია, მკვეთრი გაუფასურება მოსალოდნელი აღარ არის, თუმცა, როგორც სპეციალისტები პროგნოზირებენ, არჩევნების შემდეგ ლარი შედარებით შესუსტდება, ხოლო 3,25-იანი ნიშნული ის ზღვარია, რასაც ეროვნული ვალუტა წლის ბოლოს მიაღწევს. ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, ლარმა კრიზისული პერიოდი გადალახა,  ცუდი მდგომარეობა არ არის, თუმცა ოქტომბერ-ნოემბერში ცვლილება მოსალოდნელია.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ლარზე გლობალური ფაქტორების გავლენას ვარაუდობს, განსაკუთრებით _ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკა, რაც დოლარის გამყარებას გამოიწვევს.

„რა თქმა უნდა, ლარის კურსი ამ წუთში პოლიტიკურ ფაქტორს ექვემდებარება. წინასაარჩევნოდ სოლიდური დანახარჯი იქნება პარტიების მხრიდან, მაგრამ მთავრობა და ეროვნული ბანკი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლარის გაუფასურება არ დაუშვან, დაახლოებით 10 ოქტომბრიდან კი ველოდებით ლარის შედარებით შესუსტებას დოლართან მიმართებით. კონკრეტულად ამაზე  იმოქმედებს ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილება, შეაჩეროს რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკა, რაც დოლარის გამყარებას გამოიწვევს. ყველა ნიშანია, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს. ამას ემატება ისიც, რომ  აშშ-ის შრომის ბაზარზე დასაქმებულთა რაოდენობა გაუტოლდა პანდემიამდელ მაჩვენებელს, რაც შესაბამისად დოლარის გამყარებას გამოიწვევს“, - განუცხადა შენგელიამ „ბიზნეს-რეზონანსს“.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ლარი იმ დგომარეობაშია, როცა კურსს შიდა ფაქტორები ნაკლებად განსაზღვრავენ.

„არჩევნებია და ლარი რომ გაუფასურდეს,  ეს მორიგი ტალღა იქნება ისედაც გაძვირებული პროდუქციისა და მომსახურების გაძვირებისკენ, ამიტომ ამას გამოვრიცხავთ. სებ-ი ყველაფერს გააკეთებს, არჩევნებამდე ლარი იყოს მყარი და ნორმის ფარგლებში, 3,10-3,15-ის ფარგლებში. ვფიქრობ, გაუფასურება მოსალოდნელია 10-15 ოქტომბრიდან. ამასთან, ნოემბერში იმპორტი მატულობს, ადგილობრივი პროდუქცია მილევად რეჟიმში იქნება. ჩვეულებრივ ველოდებით გაუფასურებას ამ ფაქტორის გავლენითაც. 

დაახლოებით 3.25-ის ფარგლებში იტრიალებს წლის ბოლოსთვის გაცვლითი კურსი. მაქსიმუმ, 3,30-მდე შეიძლება მივიდეს, ამ მაჩვენებელს არავითარ შემთხვევაში არ გასცდება“, - დასძინა შენგელიამ.

რაც შეეხება ინფლაციას, ანალიტიკოსის შეფასებით, ინფლაციური პროცესები  2022 წლის მეორე კვარტალის პირველ ნახევრამდე გაგრძელდება. მისი მოთოკვა არც გაისად იქნება იოლი.

„2021 წელი ინფლაციის პერიოდია. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გადამზიდავები აპირებდნენ ტარიფების ზრდას და ასეც მოხდა, ლოგისტიკა 300-400%-ით არის გაძვირებული. გადაზიდვების ფაქტორს კომუნალური გადასახადების ზრდაც დაემატა და მივიღეთ მძიმე მდგომარეობა - 12,9%-ის დონეზეა ინფლაცია“, - აღნიშნა შენგელიამ.

ლარის გაუფასურებას, ჯერჯერობით, გამორიცხავს საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ ტენდენცია დამოკიდებული იქნება, მსოფლიოში როგორ წარიმართება კორონავირუსი და როგორ გამოცოცხლდება მსოფლიოს ეკონომიკა.

„მოკლევადიან პერიოდში ლარს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ამას განაპირობებს რამდენიმე  ფაქტორი, მთავარია ის გარემოება, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმაოდ აღმავალია. ეს ქმნის კარგ პირობას იმისთვის, რომ  ლარი სტაბილური იყოს. როგორ შევინარჩუნებთ ზრდის ტემპს, ამაზე იქნება დამოკიდებული ლარის  შემდგომი ქცევა. 

ახლა მთელი აქცენტი საარჩევნო ღონისძიებებზეა გადატანილი და ბიზნესიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება. მომავალი წლის დასაწყისში გარკვეული კორექტირება იქნება როგორც ლარის კურსის, ასევე ეკონომიკური ზრდის მიმართულებითაც. იმპორტი თანდათან გამოცოცხლდება იმის მიხედვით,  მსოფლიოში როგორ წარიმართება ეს ვირუსი, ამაზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული. იმპორტის გაზრდილმა მაჩვენებლებმა შესაძლებელია, ნეგატიურად იმოქმედოს გაცვლით კურსსა და ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც კი“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან" თოქმაზიშვილმა.

რაც შეეხება გლობალური პროცესების გავლენას, პროფესორი ამ მხრივ ანგარიშგასაწევ ფაქტორად მიიჩნევს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებსა და, აქედან გამომდინარე, დოლარის კურსზე ზემოქმედებას.

„დოლარის გამყარებას არ ველოდები. ამ მხრივ უფრო  საწინააღმდეგო მოსაზრებები ისმის. თუ ნავთობის ფასი გაიზრდება და ეს მოსალოდნელიცაა, დოლარი ვერ გამყარდება. დიდი მნიშვნელობა აქვს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობას იმ გლობალურ სავაჭრო ეკონომიკაზეც, რაზეც ბევრადაა დამოკიდებული ამერიკული ვალუტის კურსი. 

ერთადერთი, შესაძლოა, ეკონომიკის აღმავლობასთან ერთად მოიმატოს მოთხოვნამ ენერგორესურსებზე და ამან გაზარდოს ენერგორესურსებზე ფასი, რაც ასევე ამ სეგმენტში ტარიფების ცვლილებას გამოიწვევს. 

რაც შეეხება საქართველოს, მას საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და გაისად ეს მაჩვენებლები თანდათან შემცირდება. ამის პარალელურად, ლარის გაუფასურების რისკიც მოიმატებს", - დასძინა თოქმაზიშვილმა. 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ საინვესტიციო ბანკი „გალტ ენდ თაგარტი" საქართველოში ინფლაციის კიდევ უფრო მატებას პროგნოზირებს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ, საბაზისო ეფექტის გათვალისწინებით, 2021 წლის დეკემბერში ინფლაცია 14%-მდე გაიზრდება. ანალიტიკოსების შეფასებით, ამას საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა და ასევე, ლარის გაუფასურების ეფექტი გამოიწვევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×