ნინა გარდაფხაძე
13.09.2021

321-ე ღამეა, ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში პროტესტს განაგრძობენ. ფართომასშტაბიანი აქციების შემდეგ „ენკამ“ სამუშაოები შეაჩერა, თუმცა ოფიციალურად ამას არ აღიარებს. „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ახლა ხეობაში, როგორ გრძელდება პროტესტი და რა ხდება ადგილზე, სადაც ნახევარ წელზე მეტია, პოლიცია და დემონსტრანტები დგანან, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო 2-3 თვეა, მასშტაბური მშენებლობის ადგილას სიწყნარე და სიმშვიდეა.

დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ბოლო სიახლე მხოლოდ  ისაა, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანია „ენკა რენუებლზს” შორის გაფორმებული ნამოხვანჰესის მშენებლობის კონტრაქტის შესწავლის მიზნით, საერთაშორისო კომპანია „სიემესი" გამოავლინა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია შეირჩა სხვა მომსახურების კომპანიებისგან განსხვავებული, დაბალი ფასის გამო. მან უნდა მოახდინოს ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი და შეადაროს საერთაშორისო პრაქტიკას. ამ ცნობისა და ხეობაში მიმდინარე სხვა პროცესების შესახებ „ბიზნეს-რეზონანსი“ პროტესტის ერთ-ერთ ავტორს, ვარლამ გოლეთიანს გაესაუბრა.

„ბიზნეს-რეზონანსი“: დავიწყოთ ბოლო ამბით. ენდობით თუ არა კომპანიას, რომელიც ჰესის შესახებ ხელშეკრულებას შეისწავლის და ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ამ საკითხზე თქვენთან სახელმწიფოს?

ვარლამ გოლეთიანი: პროტესტის დაწყებიდან 320 დღე გავიდა და ისე აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება კვლავ არ გვთვლის ანგარიშგასაწევ ძალად, რომელსაც მსგავს საკითხებზე უნდა ესაუბროს. ამიტომ პროცესისა და კონტრაქტის შემსწავლელი კომპანიის მიმართ ჩვენ სრული უნდობლობა გვაქვს. არავის ჰქონია ჩვენთან ამ საკითხზე კომუნიკაცია.

„ბ-რ“: რა ხდება ახლა ხეობაში, მიმდინარეობს თუ არა სამუშაოები. ბარიკადის აღების შემდეგ, გაქვთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება?

ვ. გ: ამ ეტაპზე, ხეობაში სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა „ენკას“ ოფიციალური განცხადებები სხვაგვარია. ვფიქრობ, ეს იმისთვის ხდება, რომ საზოგადოებაში ნიჰილიზმი  დათესონ. ჩვენ ისევ ვდგავართ. ყოველ დილას კომპანიას აქვს დილის „რიტუალი“. ყოველდღე მოდიან, ჩვენ გზას ვკეტავთ და აბრუნებენ თავიანთ ტრაილერებს უკან, თან იღებენ ამ პროცესს და ბრუნდებიან უკან. ეს არის მათი ყოველდღიურობა. დღეს არ აგდებენ. ეს, ერთი მხრივ, სჭრიდებათ, შესამოწმებლად, ისევ ვდგავართ თუ არა იმავე ინტენსივობით და, მეორე მხრივ, თუ ჰესის კონტრაქტი მოიშლება და საქმე წავა არბიტრაჟში, აგროვებენ მტკიცებულებებს, რომ შემდეგ დავა გაუადვილდეთ და აჩვენონ, რა რესურსი დახარჯეს.

მართალია, გვიჭირს და ალბათ, კიდევ ამ პირობებში მოგვიწევს გაჩერება, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა არ დაგვაყრევინებს ფარ-ხმალს. პირიქით, გვიხარია, რომ ერთად ვართ და ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ამაზე უფრო სასიამოვნო პროცესი არ შეიძლება, რამე იყოს. შეგვიძლია, გავაკრიტიკოთ ხელისუფლება და ამის სრული ლეგიტიმური უფლება გვაქვს, მაგრამ იმავდროულად მნიშვნელოვანია, რომ არ ვყრით ფარ-ხმალს, ვიბრძვით და, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე.

„ბ-რ": არსებობს მოსაზრება, რომ სამშენებლო პროცესის შეჩერება მოჰყვა წინასაარჩევნო პროცესს. თქვენი განწყობა როგორია?

ვ. გ: დღესაც მიდის პაექრობა იმაზე, რომ სამუშაოები უნდა განახლდეს, თუმცა ამ ყველაფერს დაემთხვა საარჩევნო პროცესი და ახლა იქ ნამდვილად არ აწყობთ საპოლიციო აქტივობები, ამიტომაც არის ყველაფერი გაჩერებული. პოლიცია არ ერევა, თორემ „ენკას“ ჩვეულებრივ სამუშაო პროცესის გაგრძელება უნდა. 

არჩევნების შემდგომ შესაძლოა, სურათი საერთოდ შეიცვალოს და სხვანაირად შებრუნდეს ყველაფერი, პოლიციაც ჩაერთოს, გაუკეთონ დერეფნები ა.შ. გარდა ამისა, ვითარების შედარებითი განმუხტვა გამოიწვია პრემიერის განცხადებამაც, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ პროცესი ასე ვერ გაგრძელდება. მეორე დღიდან სიტუაცია შეიცვალა და დღემდე ასეა. არ ვიცით, რა იქნება არჩევნების შემდეგ, მაგრამ ისევ სახალხო პროტესტის იმედად ვართ.

„ბ-რ“: რაც შეეხება 2 აქტივისტს, რომლებიც დაკავებული იყვნენ და გაათავისუფლეს. როგორია სამართალწარმოება მათთან მიმართებით?

ვ. გ: როგორც აღნიშნეთ, ორივე მათგანი გათავისუფლებულია, თუმცა მაქსიმალურად წელავენ საბოლოო სასამართლოს. ვფიქრობ, მძევლად იტოვებენ იმ შემთხვევისთვის. თუ ხელისუფლებასა და ჩვენ შორის დაპირისპირება განახლდა, მაშინ გამოიყენებენ მათ საქმეებს.

„ბ-რ“: 5 ივლისს, თქვენი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, არასამთავრობოების ნაწილი, რომელიც თქვენთან ერთად იბრძოდა, გაგემიჯნათ. რა განმარტების გაკეთება გსურთ ამ თემაზე?

ვ. გ: დიახ, არასამთავრობოების ნაწილის განცხადება იყო ასეთი, თუმცა მედიაციის პროცესში ჩვენ კვლავ ვართ ერთად და ვიბრძვით ერთ მხარეს. სხვა მხრივ მეტ განმარტებას ვერ გავაკეთებ.

რაც შეეხება 5 ივლისს თბილისში პარაკლისზე ჩვენ ჩამოსვლას, თავიდანვე ვიცოდით, რომ ამას მოჰყვებოდა აზრთა სხვადასხვაობა და საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მხრიდან ჩვენ მიმართ აგრესია, მაგრამ ეს ნაბიჯი გადავდგით. ცხადია, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ქვას ურტყამს სხვას, იყოს ეკლესიის წევრი, მაგრამ ჩვენთვის, ვისაც „პრაიდის" მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება გვაქვს და მიგვაჩნია, რომ ეს პროვოკაცია და საზოგადოების გახლეჩის მცდელობაა, უნდა არსებობდეს სივრცე, სადაც პროტესტს გამოვხატავთ. ამის გამო „ბნელი", „მოძალადე" და სხვა შეფასებები, რაც ისმოდა მათგან, უბრალოდ, მიუღებელია, თუმცა მოსალოდნელიც იყო. ამ პროცესში აუცილებელია ღრმა ანალიზი და არა _ ზედაპირული მიდგომა, რაც, სამწუხაროდ, ხდება.

შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები ითხოვენ, გაწყდეს 2019 წლის 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა; გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ"; გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი; თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა; გამოვლინდნენ უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები პირები და დადგეს მათი პასუხისმგებლობის საკითხი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×