„ვერ წარმომიდგენია, რომ ახალი ინვესტორი შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც ამ პროექტით დაინტერესდება"
ირაკლი ლომიძე
23.09.2021

ნამოხვანჰესის პროექტის არსებული სახით გაგრძელება, დიდი ალბათობით, გამოირიცხა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ახალი ტენდერი როგორი პირობითაც არ უნდა გამოაცხადოს მთავრობამ, ამაზე არავინ წამოვა. 2 მეგაპროექტის - ანაკლიისა და ნამოხვანის გაჩერება უკვე სიგნალია ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში მასშტაბური პროექტების განხორციელებისგან თავი შეიკავონ. რეალური ინვესტორის მოლოდინი ფაქტობრივად არ არის. რაც არ უნდა იყოს, თურქულ და რუსულ კომპანიებს ხალხი ყოველთვის ეჭვის თვალით შეხედავს, ეს გამოჩნდა ზუსტად „ენკას" შემთხვევაში.  

სპეციალისტები ახლა იმაზე მსჯელობენ, რა საზღაურის გაღება მოუწევს ქვეყანას პროექტის სანაცვლოდ, რა ეკონომიკური და, გნებავთ, პოლიტიკური ფასი ექნება ნამოხვანჰესის გაჩერებას საქართველოსთვის და რას კარგავს ქვეყანა.

ენერგეტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ  პროექტი რეალურად ვერ გაგრძელდება. ამის ალბათობას, ენერგეტიკოს გია არაბიძის მოსაზრებით,  განაპირობებს ისიც, თუ რა დაპირისპირების პირობებში დატოვებს თურქული კომპანია  მასშტაბურ პროექტს, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტად მიიჩნეოდა.

„სერიოზული და სოლიდურია დანაკარგი, რაც საქართველოს ნამოხვანჰესის პროექტის შეჩერების გამო მიადგება. ელექტროენერგიაში თუ გადავიყვანთ, ეს არის 1,5 მლრდ კვტ/სთ, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება და ამ მოცულობის დენი გახდება შესასყიდი, რაც, თავის მხრივ, დიდი პრობლემაა. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე საფეხურით ჩამოიწევს საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და იმპორტს მივებმევით.

ცალკე პრობლემა ისიც, რომ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი დაიკარგება, თუ ეს მშენებლობა შეჩერდა.  ამდენი ხანია, კომპანია მუშაობს, მილიონობით დოლარია დახარჯული  და შემდეგ უარს გვეუბნება მუშაობაზე. ეს ყველაფერი, ჯამში, ვფიქრობ, ძალიან ცუდი იქნება ჩვენი ენერგეტიკისთვის და არა მარტო ენერგეტიკისთვის, არამედ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალიც მნიშვნელოვნად დაკნინდება. 

ვერ წარმომიდგენია, რომ ახალი ინვესტორი შეიძლება გამოჩნდეს, რომელიც ამ პროექტით დაინტერესდება. არადა,  ნამოხვანის ელექტრული ენერგია როგორც თევზს წყალი, ისე სჭირდება ჩვენს ენერგოსისტემას. საქართველოში შემოსული ინვესტიციების თითქმის 70%, ძირითადად, ენერგეტიკაზე მოდიოდა და ამ შესაძლებლობასაც დაკარგავს ქვეყანა. ცხადია, თურქი ინვესტორი გვიჩივლებს არბიტრაჟში და  ვინც ამას დაინახავს, ყველა მოერიდება ინვესტირებას საქართველოში“, - განაცხადა „რეზონანსთან“ არაბიძემ.

პროექტთან დაკავშირებით მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა ეკონომისტმა რამაზ გერლიანმა. მისი თქმით,  შესაძლებელია, დაუფიქრებელი ქმედება მთავრობას ასულობით მილიონი ლარი დაუჯდეს, რაც ისევ ბიუჯეტიდან გახდება გადასახდელი და საბოლოოდ ქვეყნის ინტერესები დაზარალდება.

„პროექტი რა სახით უნდა გაგრძელდეს, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ ფორმით ჰესის მშენებლობა არ იყო სწორი. მთავრობის შეცდომის გამო ქვეყნის საინვესტიციო იმიჯი ძალიან დაზარალდება.  ცუდი ის არის, რომ საერთაშორისო დონეზე, მასშტაბური პროექტის შეწყვეტის გამო, ინვესტიციებს სერიოზული საფრთხე ადგება. ხალხი თუ იტყვის, რომ ასეთი ჰესი არ სჭირდება ქვეყანას, ცხადია, რაღაცაში არის საქმე და ანგარიში უნდა გაეწიოს მათ აზრს. ამისთვის საჭიროა რეალურად ყველაფრის კარგად ცოდნა. ჰიდროლოგების, გეოლოგებისა  და ენერგეტიკოსების კვლევის შემდეგ უნდა გადაწყვეტილიყო, გვჭირდება თუ არა ჰესი რიონის ხეობაში. 

რაც მთავარია, ინვესტორს უნდა ესაუბრებოდეს არა მთავრობა, არამედ _ კერძო ბიზნესი, უამრავი შეცდომაა თავიდანვე დაშვებული. ხალხში იგულისხმება მესაკუთრეები, თორემ სანამ ეს მიწა სახელმწიფოს უზის ბალანსზე, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც,  ვინც ხელების ფათურს დაიწყებს საქართველოს მიწაზე, მოჩიჩქნიან, გაავერანებენ და მერე შეგვრჩება დაუსრულებელი პროექტი, გარემოზე მიყენებული ზარალი, რასაც დღეს რიონის ხეობაში ვხედავ“, - აღნიშნა გერლიანმა.

ასევე დიდია ალბათობა, რომ საქართველოს პროექტის გაჩერება დაუჯდეს იმაზე ბევრად მეტი, რაც  კომპანიამ უკვე დახარჯა ქვეყანაში.

„ძალიან ძნელია, ზარალი დათვალო, თუმცა ,,ენკა“, თუ ის რეალური ინვესტორი იყო, ხელშეკრულების შეჩერების რეალური მიზეზიდან გამომდინარე, ზარალის კომპენსაციას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს იმ თანხაზე მეტიც, რაც კომპანიამ სინამდვილეში დახარჯა. ეს არის ერთ-ერთი აპრობირებული მეთოდი, როცა კომპანიამ შეიძლება, 10% დახარჯოს და 100%-ად გიქციოს ხარჯი, საურავების ჩათვლით. არა მარტო საქართველოში, ბევრგან ხდება ასე, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც დემოკრატიულად არ არიან მომწიფებული. 

მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნის ინვესტორია, პრობლემა ყოველთვის იქნება, როცა პროექტი არასწორად არის შემუშავებული, დახარჯულია ადამიანური, პირადი რესურსი და ჩვენი ქვეყნის პოტენციური საინვესტიციო დრო, როგორც ეს ანაკლიაში მოხდა, ასევე ხუდონჰესზე და სხვა. მარტო მიწების გამოსყიდვაში 400 მილიონი ლარი დაიხარჯა ანაკლიაში, ასეა ნამოხვანის შემთხვევაშიც. ძალიან ცუდად აისახება ეს ზარალი საქართველოს ეკონომიკაზე“, - დასძინა „რეზონანსთან" გერლიანმა.

ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად  კარგი მრჩევლები ეყოლება მთავრობას და რამდენად ექნება სამართლებრივი შესაძლებლობა, დავა არბიტრაჟამდე და საქართველოს გამტყუნებამდე არ მივიდეს.

როგორც იურისტი ლევან ალაფიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, ამის ალბათობა დიდია.

„თურქი ინვესტორის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე ხნით ადრე პრემიერმა საჯაროდ განაცხადა, რომ დახვდა მძიმე მემკვიდრეობა და ასეთი პირობებით პროექტს არ გააგრძელებს. პირობები მისაღები რომ ყოფილიყო, „ენკა“ ხელშეკრულებას არ გაწყვეტდა. ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ არაფერი გააკეთა, უფრო ხისტად თუ ვიტყვი, ყველაფერი გააკეთა, რათა თურქული კომპანია საქართველოდან წასულიყო. 

საინვესტიციო პროექტის შეჩერება და ინვესტორის გაგდება ქვეყნიდან თავისთავად კიდევ უფრო დაამძიმებს საქართველოს რეპუტაციას, მით უმეტეს, როცა კიდევ ერთი მეგაპროექტი ჩერდება „ანაკლიის“ შემდეგ. ახლაც თითქმის ანალოგიური სიტუაციაა, რაც საინვესტიციო გარემოზე უაღრესად ნეგატიურად იმოქმედებს და მოკლე თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში, უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და მთლიანად მოსახლეობაზე“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ დავა არბიტრაჟამდე მივა, იურისტის შეფასებით,  საქართველოს დაეკისრება ასეულობით მილიონი ლარი, რაც ისევ ბიუჯეტის გადასახდელი გახდება, ინვესტორთა აქტიურობა და შესაბამისად, საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება და დასაქმების მაჩვენებელზეც იმოქმედებს. 

აქედან გამომდინარე, უფრო გონივრულად უნდა მოქცეულიყო მთავრობა, მაგრამ ინვესტორი ვერ დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ენკამ“ რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის პროექტის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა. როგორც ირკვევა, ხელშეკრულების გაუქმების მიზეზად კომპანიამ პირობების შეუსრულებლობა და ფორსმაჟორი დაასახელა. რიონის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას 2019 წლიდან ეწინააღმდეგებოდა, აქტიური პროტესტი კი  დაახლოებით ნახევარი წელი მიმდინარეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×