ჯერჯერობით, პანდემიური კრიზისისგან დაკარგულის აღდგენაც ვერ ხერხდება და ახლის შექმნაზე საუბარი ზედმეტია
გვანცა წულაია
23.09.2021

საქართველოში უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ტემპი კი - დაბალი. მძიმეა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც, გამოსწორების ნაცვლად, სულ უფრო უარესდება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გავლენა კი კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა და რეალობის შეცვლას წლები დასჭირდება.

უმუშევრობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამომწვევი პრობლემაა, რომლის გამოსწორებაც ვერ ხერხდება, პირიქით, ბოლო ორ წელიწადში მონაცემები საკმაოდ დამძიმებულია. მიზეზი კორონავირუსი და ეკონომიკური შეზღუდვებია. ამ პირობებში ქვეყანას ცხოვრება დღემდე უწევს, თუმცა საქართველოს პანდემიამდეც ჰქონდა აღნიშნული პრობლემა. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიანიშნებს, რომ საქართველოში უმუშევართა პროცენტული კლება არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება. ფონდი თავის ანგარიშში მიუთითებს, რომ საქართველოში უმუშევრობის დონე რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ახალი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი მატება ქვეყანაში ბოლოს მხოლოდ 2014-15 წლებში დაფიქსირდა. 

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე სსფ-ის მონაცემებს აფასებს და გარკვეულწილად ეთანხმება კიდეც. მისი დაკვირვებით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე მეტად დროებით გაჩერებული სამუშაო ადგილები აღდგა. 

„როგორც ვხედავთ, შარშანდელთან შედარებით, მონაცემები არის უკეთესი, რადგან ეკონომიკა ახლა უფრო გახსნილია. წელს აქტიურობა გაცილებით მეტია და ეს თითქმის ყველა პარამეტრში იკვეთება. რა თქმა უნდა, ორიენტაცია მხოლოდ გასულ წელზე არ უნდა გაკეთდეს. 

როდესაც ეკონომიკა უფრო გააქტიურებულია, თავისთავად ცხადია, რომ სამუშაო ადგილების შექმნა მეტად რეალურია. არსებობს სექტორები, სადაც დასაქმება შარშანაც იყო და წელსაც, მაგალითად, განათლების სფეროში. თუნდაც ტურიზმის დარგი რომ ავიღოთ, როდესაც დარგი ამუშავდა, იქ გაჩერებული და დაპაუზებული სამუშაო ადგილები აღდგა. 

დასაქმების ახალ ადგილებზე საუბარი შესაძლოა, ნაკლებად იყოს, მაგრამ დროებით შეჩერებული სამსახურები გააქტიურების პერიოდში ამოქმედებას იწყებს მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მშენებლობაში. ეს პირობითად ახალია, მაგრამ ეს ის სამუშაო ადგილებია, რომლებიც გასულ წელს იყო დაპაუზებული”, - განუცხადა „რეზონანსს” სილაგაძემ და დასძინა, რომ თუკი ადგილობრივი წარმოება განვითარდება, ამით სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. 

„პრობლემები, რა თქმა უნდა, სხვა დროსაც არ გვაკლდა. ცხადია, უმუშევრობა პანდემიამდეც იყო, მაგრამ კატასტროფული - არა. ამოცანები მაშინაც იგივე იყო, რაც ხვალ და ზეგ იქნება. ეროვნული წარმოება უნდა განვავითაროთ და ცხადია, ამ გზით ახალი სამუშაო ადგილებიც შეიქმნება. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოში იმპორტი უფრო ადვილად შემოდიოდა და ხელს არ ვუწყობდით ეროვნული წარმოების განვითარებას. ამჟამინდელმა მთავრობამ პოზიცია შეცვალა და აქცენტი ექსპორტზე აიღო, მაგრამ მაინც არასაკმარისია”, - დასძინა „რეზონანსთან” ავთანდილ სილაგაძემ.  

2015-დან 2019 წლამდე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 12 600 ადამიანით შემცირდა, რაც ადასტურებს, რომ კორონავირუსის პანდემიამ სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა, რადგან 2019 წლიდან 2021 წლის მეორე კვარტალის პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 81 300-ით შემცირდა.

ბუნებრივია, რომ პანდემიის პირობებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან რთული ამოცანაა. სტატისტიკოსი გივი მომცელიძე მიიჩნევს, რომ ამ დროს დიდი როლი აკისრია ინვესტიციებს. რაც ურო მეტი უცხოური კაპიტალი შემოვა ქვეყანაში, მით მეტი ადამიანი დასაქმდება. 

„კრიზისების დროს სამუშაო ადგილების შექმნას ვინ ჩივის, რაც არის, ისიც იკარგება. ალბათ, უახლოეს თვეებში გამოჩნდება, ეკონომიკურმა ზრდამ რამდენად აღადგინა ზოგიერთი სამუშაო ადგილი, მაგრამ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ასე მოხდეს, რადგან ბევრი მაჩვენებელი იმაზე უფრო მიუთითებს, რომ ზრდაც ნამდვილად ვერ იქნება, თუნდაც - ინვესტიციების გამო. ამ მხრივ ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ. ინვესტიციებია ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნას აჩქარებს და ეს თუ არ გვექნა, იმედიც არ უნდა გვქონდეს. 

კაპიტალდაბანდების მხრივ ცუდი სიტუაციაა და კომპანია „ენკას” ამბავი საინვესტიციო მიმართულებით უარყოფით გავლენას მოახდენს. ეს ხანძარია პოტენციური ინვესტორებისთვის. ნებისმიერი ინვესტიცია, მისი მოგება სულ რომ უცხოეთში გადიოდეს, მაინც ქმნის დოვლათსა და სამუშაო ადგილს. ადგილობრივი, ეროვნული წარმოება ჩვენთან რატომღაც მხოლოდ სოფლის მეურნეობასთან ასოცირდება, არადა, უამრავი სხვა რამეც შეიძლება ვაწარმოოთ. არ უნდა ვიყოთ მაინცდამაინც ელემენტარულ დარგებზე ორიენტირებულნი”, - განუცხადა „რეზონანსს” გივი მომცელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×