პანდემიის დროს საგარეო ვაჭრობის დისბალანსი ცოტათი გამოსწორდა
გვანცა წულაია
13.10.2021

საქართველომ საგარეო მიმართულებით პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა. ქართული პროდუქცია მსოფლიოში ისევ პოპულარობით სარგებლობს, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. ქვეყანამ პანდემიის პირობებში ექსპორტის გაზრდა მოახერხა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლანდელი მაჩვენებლის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა უფრო მეტი უნდა გაკეთდეს, რათა ექსპორტ-იმპორტს შორის დისბალანსი მინიმუმადე დავიდეს. 

სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის დოკუმენტის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 374 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 13%-ით მეტია. უფრო მეტად - 23.4%-ით გაიზარდა იმპორტი, რამაც სექტემბერში 926 მილიონი დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით იმპორტის მოცულობა 176 მილიონი დოლარით არის გაზრდილი. 

რაც შეეხება მთლიანად სამი კვარტლის შედეგებს, ამ პერიოდში საქართველოს ექსპორტი 2.98 მილიარდი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 24%-ით მეტია. იმპორტი კი - 7.03 მილიარდი დოლარი, რაც წინა წელთან შედარებით, 21.6%-ით მეტია.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავა კმაყოფილი მიღწეული შედეგით: „თუ შევადარებთ პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, 9%-იანი მატება გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ ვაჭრობის წინასწარი მონაცემები გამოქვეყნდა. მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სექტემბერში, ისევე როგორც წინა პერიოდში, ერთ-ერთ მთავარი ექსპორტიორი დარგი იყო დამამუშავებელი მრეწველობა, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება - ქართული ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები და ასევე სამრეწველო პროდუქტები. ასევე, მთავარ ექსპორტიორ დარგებს შორისაა პირველადი სოფლის მეურნეობისა და სამთომოპოვებითი სამრეწველო პროდუქცია“, - აღნიშნა თურნავამ.

მართლაც, როგორც იანვრის, ისე მთლიანად იანვარ-სექტემბრის ექსპორტის მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად გადააჭარბეს პანდემიამდელი, 2019 წლის სექტემბრისა და იანვარ-სექტემბრის მაჩვენებლებს. ექსპორტის ყოველდღიური, სადღეღამისო მოცულობა 2021 წლის სექტემბერში 2270 ათასი აშშ დოლარით აღემატებოდა 2019 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელს.

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, სექტემბრის ექსპორტი აღემატებოდა მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელს - 14.5%-ით, იმპორტი, შესაბამისად, 23.1%-ით და მთლიანი ბრუნვის მაჩვენებელი - 20.5%-ით.  იმპორტის რამდენადმე წინმსწრები ზრდა, ექსპორტის ზრდასთან შედარებით, დიდწილად უკავშირდება საქართველოს სატრასპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის და მნიშვნელობის ამაღლების გამო რეექსპორტის ასევე საგრძნობ მატებას - გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20.0%-ით. რეექსპორტის ყოველდღიური, საშუალო სადღეღამისო მოცულობა გასულ წელთან შედარებით 0.5 მლნ  დოლარითაა გაზრდილი.

„საქართველოს აქტიური ჩართვა შრომის საერთაშორისო დანაწილებაში, ქართული პროდუქციის უფრო ფართო და მყარი პოზიციონირება მსოფლიო სავაჭრო რუკაზე ქვეყანაში ბოლო წლებში გატარებული ეკონომიკური რეფორმებისა და ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების წარმატებული რეალიზაციის შედეგია“ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

როგორც ჩანს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში, საქართველომ ადგილობრივი წარმოებისა და ექსპორტის გაუმჯობესებისთვის „მოიცალა“. ღვინო და ალკოჰოლური სასმელები მთავარი საექსპორტო საქონელია, რაც ტრადიციულად დამახასიათებელია, თუმცა დღეს, არაერთი ქართული პროდუქციაა წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყანაში და პანდემიის პირობებში პოზიციები უფრო გამყარებულია. 

აკადემიკოსი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, რომ დღეს ნამდვილად კარგი შედეგი გვაქვს, თუმცა მეტი უნდა გაკეთდეს, რათა ექსპორტის არეალი უფრო გაფართოვდეს. ამის შედეგად სამამულო წარმოება გაიზრდება, შეიქმნება სამუშაო ადგილები და გაჩნდება დამატებითი შემოსავალი. 

„ეს კარგი მაჩვენებელია. ნებისმიერი წარმატება, მით უმეტეს პანდემიის პირობებში, მისაღებია. შეიძლება მოცულობის თვალსაზრისით არ იყოს დიდი, მაგრამ მატების  ტენდენცია გამოკვეთილია და ეს დადებითია, რაც მთავრობის ხელმძღვანელობით გაკეთდა. საერთოდ, ექსპორტის ზრდის ჩვენთვის ჰაერივით საჭიროა, რადგან ერთი მხრივ, შევძლოთ უცხური ვალუტის მოზიდვა და მეორე კუთხით, შევამციროთ იმპორტის რაოდენობა, რათა უცხოური ვალუტის გადინება შევაჩეროთ, 

გარდა ამისა, ექსპორტის ზრდა ნიშნავს წარმოების ზრდას, სამუშაო ადგილების მატებას და დამატებით შემოსავალს. ჩვენი ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ იმპორტი შევამციროთ და ექსპორტი გავზარდოთ.

ახლანდელი პოზიციების შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა მთლიანობაში არასაკმარისია, მოცულობის თვალსაზრისით. შესაძლოა, პროცენტულად მაღალი იყოს, მაგრამ არ იყოს მოცულობით დიდი. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, გაცილებით მეტი აქტიურობა ყველა მიმართულებით“, - განუცხადა „რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ. 

საქართველომ პანდემიის პირობებში ექსპორტის მიმართულების საკამოდ კარგი შედეგი აჩვენა, ადგილობრივი წარმოება აშკარად გამოცოცხლდა. ახლა, მინიმუმ, მისი შენარჩუნება, მაქსიმუმ კი, გაუმჯობესებაა აუცილებელი, რაზეც სპეციალისტები საუბრობენ. ახლანდელი მაჩვენებელი არ არის ის შედეგი, რითაც უნდა დავკმაყოფილდეთ. 

ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე აცხადებს, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი შეუძლია. მთავარია, ამისთვის შესაბამისი პოლიტიკა არსებობდეს: 

„ექსპორტის მაჩვენებელი რაც უფრო მაღალი იქნება, მით უკეთესი, რადგან ეს ნიშნავს ადგილობრივი წამოების ზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას და ათვისებას. რაც თავისთავად გამოიწვევს ქვეყანაში მეტი უცხოური ვალუტის შემოდინებას. 

ყველაფერი დაკავშირებულია იმ მოცემულობასთან, რაც გვაქვს პანდემიის პირობებში. გამომდინარე იქიდან, რომ წინა წელს, ქვეყნებს შორის ვაჭრობა შეზღუდული იყო. თეორიულად, ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს, ექსპორტის მხრივ განვითარება ყოველთვის შეუძლია. ნებისმიერი ახალი წარმოების გაჩენის შემთხვევაში, მაჩვენებლების გაუმჯობესება შესაძლებელია. მთავარია, ამის შესაბამისი და სწორი პოლიტიკა არსებობდეს ქვეყანაში. ექსპორტზე ორიენტირებულ საწარმოებს უნდა დავეხმაროთ როგორც საგადასახადო კუთხით, ისე პროგრამული მიმართულებით“, - განუცხადა „რეზონანსს“ ზურაბ კუკულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×