"მიუხედავად, რომ ფასი მაქსიმუმზეა, ამაზე მეტსაც უნდა ველოდოთ უახლოეს თვეებში"
თიკა სიბოშვილი
13.10.2021

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობზე ფასის ზრდა და ლარის კურსის ბოლოდროინდელი მერყეობა საქართველოში ნავთობპროდუქტებზე უკვე აისახა. ქვეყანაში თითქმის ყველა ტიპის საწვავი გაძვირდა და 1 ლიტრის ფასმა 3 ლარს გადააჭარბა. ტენდენცია ჯერჯერობით შეუქცევადია და მინიმუმ წლის ბოლომდე არაფერი გამოსწორდება.

ბოლო დღეებში ადგილობრივ ბაზარზე საწვავი 8-10 თეთრით უკვე გაძვირდა და როდემდე გაგრძელდება ფასების მატება უცნობია. მსოფლიოში უკვე საგანგაშო ტენდენციებია. საინტერესოა, რა ელის საქართველოს და როგორ აპირებს  მდგომარეობიდან გამოსვლას?

ქვეყანაში საცალო ქსელში ფასები უკვე გაიზარდა და არსებობს მოლოდინი, რომ გაძვირება კიდევ დიდხანს გაგრძელდება. საწვავის ღირებულებაზე დამატებითი გავლენა შესაძლოა, ვალუტის კურსმაც მოახდინოს, თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით საფრთხე არ იგრძნობა. 

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიზე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ამბობს, რომ ის, რაც მოსალოდნელი იყო უკვე მოხდა და ფასების მატების ტენდენცია 2022 წლის იანვრამდე გაგრძელდება.

„საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი მაღალია და როგორც ვპროგნოზირებდით 80-დოლარიან ნიშნულს გადასცდა. გვქონდა რეკომენდაციები მთავრობისთვის, თვეების წინ ვამბობდით, რომ უნდა მოეხდინათ აქციზის განაკვეთის შემცირება ან საერთოდ გაუქმება იმის გამო, რომ ასე მკვეთრად არ გაზრდილიყო საწვავზე ფასი. სამწუხაროდ, ეს არ გაითვალისწინეს და ახლა გაძვირება ნამდვილად იქნება. იმის მიუხედავად, რომ ნიშნული მაქსიმუმზეა, ამაზე მეტსაც უნდა ველოდოთ უახლოეს თვეებში.

ვვარაუდობთ, რომ  2022 წლის პირველი კვარტლიდან შესაძლებელია, ოდნავ შეიცვალოს მდგომარეობა და შედარებით დაბალი ფასი იყოს საერთაშორისო ბირჟებზე“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას შენგელიამ.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის გაზრდას იმპორტიორი ქვეყნებისთვის საკმაოდ ცუდი შედეგი მოაქვს. ამის გამო სახელმწიფოები ვალდებულები არიან მდგომარეობას შეეგუონ და აქედან გამომდინარე იმოქმედონ. ფაქტია, მდგომარეობა თუ ასე გაგრძელდება ინფლაციას შემცირება არც მომავალში უწერია, რაც ისედაც დამძიმებულ სოციალურ ფონს კიდევ უფრო დაამძიმებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია „სენტა პეტროლეუმის“ დამფუძნებელი და დირექტორი ზაალ იაკობიძე ადასტურებს, რომ ქსელში ფასმა ცვლილება უკვე განიცადა. თუ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება დაიწევს, ეს საქართველოშიც შესაბამისად აისახება.

„საბითუმო ბაზარზე ცვლილება უკვე მოხდა და საწვავის ფასი 2.60 ლარის ფარგლებშია, როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზეც. უფრო ზუსტად კი, ბოლო დღეებში 8-10 თეთრით გაიზარდა საბითუმო ბაზარზე მისი ღირებულება. 

ჯერ მხოლოდ ერთი დღეა, რაც უმნიშვნელო შემცირება დაიწყო საერთაშორისო ბაზარზე და ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერ მხოლოდ 83 დოლარს ჩამოსცდა 1 ბარელი ნავთობი. თუ ფასმა დაიწია, შესაბამისად, იგივე ასახვა იქნება ჩვენთანაც“, - აღნიშნა იაკობიძემ „რეზონანსთან“  საუბრისას.

ისედაც რთულ მდგომარეობაში საინტერესოა, კიდევ სადამდე შეიძლება გაიზარდოს ნავთობპროდუქტების ღირებულება. აუცილებელია, რომ ამ პროცესის შესაჩერებლად ხელისუფლებამ რამე დაუპირისპიროს, თორემ შესაძლებელია კიდევ უფრო კრიტიკულ ნიშნულამდე მივიდეს ფასები.

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მდგომარეობა გამოასწოროს, ამიტომ საჭიროა სწრაფი რეაგირება.

„გამოსავალი, გლობალურ ტენდენციებთან მიმართებით, როგორც წესი, ქვეყანას არ გააჩნია, თუმცა არსებულ რეალობაში, სოციალური ფონის შესამსუბუქებლად, შესაძლებელია რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა, როგორც მონეტარული, ისე ფისკალური კუთხით.

პირველ რიგში, განხილული უნდა იყოს ეროვნული ვალუტის საკითხი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შესაძლებელია ეროვნული ვალუტის უკეთესი სწონასწორობის ნიშნულში მოქცევა, ანუ გამყარება, რაც თავისთავად სამომხმარებლო პროდუქციის ფასებზეც პოზიტიურად აისახება. 

მეორე ტექნიკური მექანიზმი, რომელიც მთავრობას გააჩნია, არის აქციზის განაკვეთის გადახედვა და დაბრუნება 2017 წლამდელ ნიშნულზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი შვება ჩვენი მოსახლეობისთვის, სოციალური ფონის განსამუხტად და რა თქმა უნდა, საწვავის ფასების შეამცირებლად“, - აღნიშნა ბაირახტარმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ის ბერკეტები, რაც ხელისუფლებას აქვს, დროულად უნდა გამოიყენოს და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოსახლეობას სხვა რაღაცებზე არ უნდა ელაპარაკოს.

„ბერკეტები ნამდვილად არსებობს და გააჩნია კიდეც ხელისუფლებას, მაგრამ ამის გამოყენებაზე კი არ მიმდინარეობს საუბარი, სულ სხვა რამეზე. ამიტომაც ვიღებთ იმ შედეგს, რაც ახლა გვაქვს. იმის ნაცვლად, რომ ეს მძიმე სოციალური ფონი გამოსწორდეს, ისინი, ძირითადად, გვესაუბრებიან საკითხებზე, რომლებიც მომხმარებლისთვის არის მეასე ხარისხოვანი“, - დასძინა პაატა ბაირახტარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×