უკვე გამოთქვამენ შიშს, რომ ევროპის ქვეყნებში ბევრი ოჯახი კომუნალურ გადასახადებს ვეღარ გადაიხდის
ირაკლი ლომიძე
21.10.2021

ენერგეტიკული კრიზისი განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდას საგრძნობლად შეაფერხებს. უცხოელი ანალიტიკოსები ევროპაში მილიონობით ადამიანის გაღარიბებაზეც კი ალაპარაკდნენ. ცხადია, ეს  გარკვეულ გავლენას მოახდენს  ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებზე, თუმცა დააზარალებს მათაც, რომლებსაც ამ ქვეყნებთან სხვა ტიპის კავშირიც აქვთ, მათ შორისაა, საქართველოც. ევროპასთან ჩვენი მტკიცე ხაზია ქართველი ემიგრანტები და შეიძლება მათი შემოსავლები შემცირდეს. თუმცა, თუკი შინამეურნეობებში დასაქმებულებს გარკვეული პრობლემა შეექმნებათ, სამაგიეროდ, სეზონურ სამუშაოებზე და ფაბრიკა-ქარხნებში დასაქმების მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპაში გაზისა და ელექტროენერგიის უკიდურესად მაღალი ფასების გამო, შესაძლოა, მილიონობით ადამიანი გაღარიბდეს. უკვე გამოთქვამენ შიშს, რომ  ბევრი ოჯახი კომუნალურ გადასახადებს ვერ გადაიხდის. 

ევროკავშირის კომისრის სამუშაოსა და სოციალური უფლებების საკითხებში, ნიკოლას შმიდტის თქმით,  კონტინენტზე ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, 2022 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. ზოგიერთი ქვეყანა მხარს უჭერს ელექტროენერგიის გადასახადის გაუქმებას ევროკავშირში, მაგრამ ბრიუსელი ამ წინადადებას არ ემხრობა.

ელექტროენერგიისა და გაზის ფასი 2021 წლის დასაწყისიდან 400%-ზე მეტით გაიზარდა. ამას დაემატა ნავთობის ფასების მკვეთრი ზრდა - ოქტომბრის შუა რიცხვებში, "ბრენტის" ფასი ბარელზე 85 დოლარზე მაღლა ავიდა.

ევროკავშირის ქვეყნების გაღარიბების საკითხს ქართველი ანალიტიკოსები, ცოტა არ იყოს, სკეპტიკურად უყურებენ. ,,ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი  რამაზ გერლიანი ფიქრობს, რომ სინამდვილეში ადგილი ექნება ეკონომიკური კეთილდღეობის ვარდნას, რაც ევროკავშირის ქვეყნების დასაქმების სტრუქტურაზე აუცილებლად აისახება. ეს შეიძლება ემიგრანტებისთვის სახარბიელოც კი აღმოჩნდეს.

,,სიღარიბეზე არ არის საუბარი, მაგრამ კეთილდღეობა აღარ იქნება, ამ პროცესს რეალურად ველით. ევროკავშირის განვითარებული ქვეყნებისთის, რომლებიც ინტენსიური ზრდის პიკში იმყოფებიან, პრობლემები მოსალოდნელია. ლოგიკურია, პროცესები პარტნიორ ქვეყნებზე მოახდენს ზეგავლენას. ადგილი ექნება გარკვეული ტიპის სოციალურ-ეკონომიკური აქტივობების შემცირებას. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომ,  ამით მეტი სიკეთეც კი შეიძლება მიიღონ, ვიდრე სხვა თანაბარ პირობებში. 

კრიზისული ვითარება, როგორც წესი, ყველა ქვეყანას თანაბრად არ ეხება, დაბალგანვითარებული ქვეყნები ამ დროს მაშველ რგოლებადაც გამოდიან, ვინაიდან მაღალანაზღაურებადმა  კვალიფიციურმა ძალამ შეიძლება დატოვოს ევრო სივრცე და ჩანაცვლდეს. შესაბამისად,  მეტი მოთხოვნა გაჩნდეს ჩემისთანა ტიპის ქვეყნისთვის და მათი მოქალაქეებისათვის“, - აღნიშნა გერლიანმა.  

მისი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, სამუშაო ადგილები გამოთავისუფლდეს, რადგან მოსალოდნელია შემოსავლების კლება, საუკეთესო შემთხვევაში, არსებულ ნიშნულზე შენარჩუნება.

,,ევროპაში განსაკუთრებით შინამეურნეობებში მომსახურე პერსონალს გაუჭირდება, როგორიცაა დამლაგებლები, მომვლელები და სხვა. ქართველ ემიგრანტებს ამ მხრივ პრობლემა ნამდვილად ელით. თუმცა, პარალელურად, სეზონური სამუშაოს მაძიებლებს უფრო გაუმართლებთ, ალბათ, ფაბრიკა-ქარხნებში მეტი ადგილი გამოჩნდება, რადგან დაბალ ფასად და ხელფასის ზრდის გარეშე სამუშაოს შესასრულებლად ბევრი ევროპელი უარს იტყვის", - დასძინა ,,რეზონანსთან“ გერლიანმა.

ევროპის ეკონომიკურ  პერსპექტივას განსხვავებულად აფასებს ეკონომისტი აკაკი ცომაია, რომელიც ფიქრობს, რომ განვითარებული ქვეყნები ამ გამოწვევას გაუმკლავდებიან და მოსახლეობის მასობრივ გაღარიბებას ადგილი არ ექნება.

,,ის, რომ ევროპა გაღარიბდება, ხმამაღალი განაცხადია. ასე მარტივად მაღალგანვითარებული ქვეყნები არ ღარიბდებიან. ცხადია, ენერგომატარებლების ფასების მკვეთრი გაზრდა ზოგადად  სახელმწიფოებზე უარყოფითად მოქმედებს, მაგრამ ეს არ ხდება პირველად. ანალოგიურ პროცესებზე ადგილი ჰქონდა გასული საუკუნის 70-იან წლებში ენერგომატარებლების გაძვირების გამო, მაგრამ განვითარებულმა სამყარომ ეს კრიზისი გადალახა. 

არავისთვის არ არის უცხო, რომ გაზისა და ასევე ნავთობის ფასები არასტაბილურია. გარკვეული ხნის განმავლობაში იქნება პრობლემა, მაგრამ ხანგძლივად არ გაგრძელდება და ენერგოკრიზისი დიდ დეპრესიაში არ გადაიზრდება“, - განაცხადა ცომაიამ ,,რეზონანსთან“.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა შენელდა აშშ-შიც. სააგენტო ,,როიტერსი“ აღნიშნავს, რომ აღდგენის შენელება მიწოდების ჯაჭვის შეფერხების, მუშახელის დეფიციტის და კორონავირუსთან დაკავშირებული გაურკვევლობით არის გამოწვეული. 

ამის მიუხედავად, ზოგიერთ რეგიონში აღინიშნა ხელფასის სტაბილური ზრდა. ფირმებმა გაზარდეს როგორც საწყისი ანაზღაურება ახალი თანამშრომლების მოსაზიდად, ასევე არსებული თანამშრომლების განაკვეთები მათ შესანარჩუნებლად.

თუმცა, რეგიონების უმეტესობაში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა შეიმჩნევა, რაც გამოწვეულია მზა პროდუქტებზე და ნედლეულზე მოთხოვნის გაზრდით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×