"ხელის შეშლა, ჩარაზვა, კარანტინები ნებისმიერ აწყობილ ქვეყანას დაანგრევს"
გვანცა წულაია
21.10.2021

საქართველოს მთავრობა ლოქდაუნის შემოღებას აღარ გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, ირაკლი ღარიბაშვილს და მინისტრებს ქვეყნის ჩაკეტვა არც უფიქრია. ეს კი უდავოდ დადებითი სიგნალია ბიზნესისთვის, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი შეზღუდვა გამოიარა და უამრავი გამოწვევის წინაში აღმოჩნდა. 

მთავრობისგან დადებითი მინიშნება უკვე გაისმა. ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილია, რომ ქვეყანაში არანაირი ლოქდაუნი და შეზღუდვა არ გამოცხადდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, ბიზნესი გააგრძელებს მუშაობას, ხოლო საქართველოს მთავრობა პანდემიასთან ბრძოლას უსაფრთხოების წესების კონტროლითა და ვაქცინაციის ტემპის გაუმჯობესებით აპირებს. 

„წლის დასაწყისში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლოქდაუნის გარეშე, უსაფრთხოების წესების კონტროლით და ვაქცინაციის დაჩქარებით ვებრძოლოთ პანდემიას. ახლაც არანაირ ლოქდაუნს არ ვგეგმავთ, დარწმუნებული ვართ, რომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გავიღოთ იმისთვის, რომ ვაქცინაცია უფრო დაჩქარდეს. დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია პანდემიის დამარცხება, ხოლო ბიზნესმა უნდა გააგრძელოს საქმიანობა.

ჩვენ წინ გვაქვს ზამთრის ტურისტული სეზონი, რომელიც დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ინფიცირების რიცხვის მატებაა, მაგრამ არ ვგეგმავთ, რომ რაიმე შეზღუდვა იყოს, პირიქით, უსაფრთხოების წესებს მაქსიმალურად გავამკაცრებთ, ვაქცინაციას გავაძლიერებთ, რომ ეკონომიკამ იმუშაოს“, - განაცხადა თურნავამ.

პოზიტიური სიგნალია ეპიდემიოლოგებისგანაც, ანუ მათგან ვისი რეკომენდაციითაც საქართველოს მთავრობა შეზღუდვებს აწესებს და ხსნის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არსებობის პირობებში შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ უნდა დადგეს.

„მას შემდეგ, რაც ვაქცინა შემოვიდა, ჩემი პირადი პოზიცია ასეთია, რომ არავითარი შეზღუდვა აღარ უნდა იყოს გარდა იმისა, რომ ადამიანები იყვნენ აცრილები. მერე შეზღუდვები აღარ არის საჭირო. რამენაირად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ კიდევ და კიდევ მეტი ადამიანი აიცრას. აქ არის საუბარი არა აცრილებზე და აუცრელებზე, არამედ იმაზე, ვინ არის უსაფრთხო და საფრთხის შემცველი უპირველესად საკუთარი თავისთვის და მერე საზოგადოებისთვის - ასე უნდა მოხდეს გარკვეულ მომსახურებაზე და გასართობ დაწესებულებზე წვდომა, ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა იმნაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში. 

კერძო სექტორი პანდემიის პირობებში ძალიან დაზარალდა, ამიტომ ნებისმიერი პოზიტიურ გზავნილი ბიზნესზე დადებითად აისახება. სწორედ ამის შესახებ საუბრობს რესტორანთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე. 

“ნებისმიერი დადებითი მესიჯი ბიზნესზე პოზიტიურად მოქმედებს, ეს აქსიომაა. ხელის შეშლა, ჩარაზვა, კარანტინები ნებისმიერ აწყობილ ქვეყანას დაანგრევს. შვეიცარიაშიც რომ იგივე გააკეთო, ეს ქვეყანა ხვალვე გადაიქცევა უდაბნოდ”, - განუცხადა “რეზონანსს” გაბრიჩიძემ და დასძინა, რომ კერძო სექტორს დახმარება სჭირდება. 

“არაერთხელ დაგვიყენებია ის საკითხი, რომ ჩვენს დარგს სადაგასახადო პრეფერენციები აუცილებლად სჭირდება. საკმაოდ კარგი პროგრამები შეიმუშავა ეკონომიკის სამინისტრომ, რაც ცოტათი ნამდვილად წინ წამოგვწვევს. ბანკებმაც უნდა გაიგონ, რომ მნიშვნელოვანი ბიზნესი, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში კრედიტებს იღებდა და ვალდებულებას პირნათლად ასრულებდა, ახლა უნდა დახმარება და მხარის დაჭერა. ხვალ და ზეგ ათჯერ მეტი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგმება. დღეს ხელახლა ვცდილობთ, რომ ფეხი ავიდგათ. ამ დარგს სჭირდება ხელშეწყობა, როგორც პატარა ბავშვს”, - დასძინა გაბრიჩიძემ “რეზონანსთან”. 

ორ ლოქდაუნ გამოვლილი კერძო სექტორი ძალების აღდგენა ნელ-ნელა ახერხებს. ახლა ბიზნესს ჩვეულებრივ პირობებში მუშაობის გაგრძელება ჰაერივით სჭირდება. კერძო სექტორის წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ პოზიტიური მესიჯების გაგზავნა ბიზნესზე დადებითად იმოქმედებს. 

როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმეთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, იმისთვის, რომ კერძო სექტორს მომავალში პრობლემა არ შეექმნას, დადებით გზავნილთან ერთად, საჭიროა ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურებაც. 

“დადებითი მესიჯების გაგზავნა კერძო სექტორზე კარგად მოქმედებს. პოზიტიური გზავნილები გარდა, ბიზნესმა როდესაც იცის, თუ როგორი იქნება მთავრობის ნაბიჯი, ეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. როდესაც კერძო სექტორმა წინასწარ იცის, თუ რა ნაბიჯს გადადგავს სახელმწიფო, ბუნებრივია, უფრო მზად ხვდება ამ ყველაფერს და თუ ამას ემატება პოზიტიური ნაბიჯი, ეს ყველაფერი დადებითად აისახება ბიზნესზეც. 

აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ მხოლოდ ნათქვამი, რომ ლოქდაუნი არ იქნება, ბიზნესისთვის გამოსავალი არ არის. თუკი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ დასტაბილურდება და ამ მხრივ ქვეყანაში ნორმალური ვითარება არ შეიქმნება, ეს მაინც პრობლემაა, რადგან მეტი ინფიცირებული ნიშნავს სახლში მეტ მყოფ ადამიანს, ეკონომიკაში ნაკლებად ჩართულ ხალხს და ა.შ. ამიტომ ამ პოზიტიური მესიჯების გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსწორებაზე ვიმუშავოთ, თუ გვინდა ბიზნესის და ეკონომიკის უფრო მეტად ამოქოქვა”, - განუცხადა “რეზონანს” გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ კერძო სექტორი ძალების აღდგენას ახერხებს.  

ბოლო პერიოდში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ გართულდა. რამდენიმე დღის უკან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია მეხუთე ტალღა. სწორედ ამიტომ, როგორც მოსახლეობაში, ისე ბიზნეს წარმომადგენლებში, გაჩნდა იმის მოლოდინი და შიში, რომ ქვეყანაში კიდევ ერთი ლოქდაუნი ანდა წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდებოდა, თუმცა, როგორც გაირკვა, ამ ეტაპისთვის მთავრობა ქვეყნის ჩაკეტვას არ გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×