ლევან მეხუზლა: "წელს, რთველთან ერთად, ისეთი სიახლეებიც დავენერგეთ, რაც მომავალში ქართული მეღვინეობის წარმატების საწინდარი იქნება"
თამარ ვეფხვაძე
25.10.2021

წლევანდელი შემოდგომა საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის. ერთ-ერთი მთავარი მოვლენა წარმატებულად ჩატარებული რთველი 2021 იყო, რაც საწინდარია, რომ ქართული ღვინო მაღალი ხარისხის იქნება და კიდევ უფრო დაიმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო ღვინის ბაზარზე. 

„რთველი, ფაქტობრივად, დასრულდა კახეთში და დასკვნით ეტაპზეა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში. ისევე როგორც კახეთში, რაჭაშიც რთველის მიმდინარეობის მანძილზე არანაირი შეფერხება არ გვქონია. სულ რამდენიმე დღეში მაღალმთიან რაჭა-ლეჩხუმშიც დაბინავდება მოსავალი. წელს, რთველთან ერთად, ისეთი სიახლეებიც დავენერგეთ, რაც მომავალში ქართული მეღვინეობის წარმატების საწინდარი იქნება - ვენახების კადასტრის პროგრამა. 

წლევანდელი რთველი პირველად ჩავატარეთ ვენახების კადასტრის პირობებში. ეს მევენახეობისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. ვენახების კადასტრის გარეშე არ არსებობს განვითარებული მევენახეობის არც ერთი ევროპული ქვეყანა. ვენახების კადასტრის პროგრამის ფარგლებში კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში აღვწერეთ მევენახეობის სრული ინფორმაცია, დაწყებული ვენახების გეოგრაფიული მდებარეობით, დასრულებული ვაზის ჯიშებისა და მევენახეების რაოდენობის სტატისტიკით. მომავალში სწორედ ეს ინფორმაცია განსაზღვრავს, რა სახეობის მაღალხარისხოვანი ქართული ღვინო შეგვიძლია ვაწარმოოთ.  

კადასტრის პროექტი მუდმივად განახლებადია. ამ დროის მონაცემებით, კახეთში 37 000 მევენახეა რეგისტრირებული და ვენახები 38000 ჰექტარზე მეტ ფართობზეა გაშენებული, ხოლო რაჭა-ლეჩხუმში  1700 მევენახეა და ვენახები გაშენებულია 500 ჰექტარზე მეტ ფართობზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, რომელიც რთველის პერიოდში საკოორდინაციო შტაბს ხელმძღვანელობდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება რაჭის რთველის სპეციფიკაზეც გაამახვილა. კერძოდ, ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, რაჭის რეგიონის შესასვლელებში სპეციალური საკონტროლო პუნქტებზე მოწმდება ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან რაჭის შემოტანა.  ამავე მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს.

წელს კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში დაახლოებით 235000 ტონა ყურძენი გადამუსავდა, აქედან აქედან რაჭა-ლეჩუმში 1700 ტონამდე ალექსანდრიულ-მუჯურეთული, ჯამში მევენახეებმა დაახლოებით 240 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლი  მიიღეს.

მევენახე ფერმერთა მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისევ როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებდა. 

 მეღვინეობის დარგის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ექსპორტის მაჩვენებლები, რომლებიც პანდემიის პირობებშიც სტაბილურად მზარდია. 2021 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 60 ქვეყანაში 72,5 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინით მიღებული შემოსავალი 168 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 11%-ით მეტია, 12%-ით გაზრდილია ექსპორტირებული ღვინის რაოდენობაც.

მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია:  პოლონეთი - 24% (4156777), ჩინეთი - 16% (3961484), ლატვია - 2% (1218075), ლიეტუვა - 36% (744600), აშშ - 18% (807413), გერმანია - 21% (604136) და დიდი ბრიტანეთი -  178% (513724).

მიმდინარე წელს, ზრდა აღსანიშნავია შემდეგ  ქვეყნებში: კანადა - 88% (261538), შვედეთი - 59% (96400), ჩეხეთი - 202% (112356), საფრანგეთი - 7% (56800), ყაზახეთი - 32% (2805598), ისრაელი - 28% (304827), აზერბაიჯანი - 21% (162527), თურქეთი - 209% (93330), უკრაინა - 8% (8609575), რუსეთი - 7% (43350901), მონღოლეთი - 146% (362370), ბელარუსი - 12% (2642509) და ა.შ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 25,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 17%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 47,5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (ზრდა 7%).

ექსპორტირებულია 660 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 97% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს; ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 84% შეადგინა.

ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 270 მლნ აშშ დოლარი შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

გასული წლისგან განსხვავებით გააქტიურებულია პოპულარიზაციის ღონისძიებებიც ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. 2021 წელს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება: ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ქართული ღვინო წელს 10 ქვეყანაში იყო წარდგენილი: აშშ, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია, რუმინეთი, იაპონია, საფრანგეთი, რუმინეთი და ჩინეთი.

 მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ქართული ღვინის სტრატეგიულ საექსპორტო ბაზრებზე მარკეტინგული კამპანიის წარმოება გაძლიერდება და მიმართული იქნება ქართული ღვინის როგორც ნიშურ სეგმენტში, ასევე სავაჭრო ქსელებში  მაშტაბური რეალიზაციის ხელშეწყობისკენ. 

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით დაგეგმილია ახალი ბაზრების ათვისება: სამხრეთ კორეა, კანადა, სკანდიინავიის ქვეყნები და სხვ.

ღვინის კერძო ინდუსტრიასთან კოორდინაციით, 2030 წლისთვის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად და ქართული ღვინის ხარისხის მდგრადი უზრუნველყოფის საფუძველზე, ღვინისა და სხვა ყურძნისეული ალკოჰოლური სასმელების გაყიდვებით მიღებული შემოსავალი ქვეყნისთვის 1 მლრდ დოლარს მიაღწევს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×