ირაკლი ლომიძე
25.10.2021

ნავთობპროდუქტების იმპორტში ტენდენცია მეტ-ნაკლებად პოზიტიურია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მატება შეინიშნება, თუმცა ყველაზე მზარდია დინამიკა საავიაციო ნავთის იმპორტში, რაც ტურიზმის გამოცოცხლებას და ზოგადად ავიაციაში გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. 

კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,3 ათასი ტონა, რაც 3,8 ათასი ტონით , ანუ 31,4%-ით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან (12,1 ათასი ტონა) და 3,6 ათასი ტონით ანუ 76,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (4,7 ათასი ტონა)  შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის სექტემბერში საავიაციო ნავთის იმპორტის 57,8%  (4,8 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 24,1% (2,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 12%  (1,0 ათასი ტონა) - იტალიიდან, 6% (0,5 ათასი ტონა) - თურქეთიდან. 

2021 წლის იანვარ-სექტემბრის  განმავლობაში კი საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 64,1 ათასი ტონა, რაც 21 ათასი ტონით, ანუ 48,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (43,1 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 53,4%  (34,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 18,7% (12 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 14,8% (9,5 ათასი ტონა) - იტალიიდან, 10% (6,4 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 2,3% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 0,8% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან.

საერთაშორისო ავიარეისები მნიშვნელოვნად არის მომატებული, რაც დადებითად აისახა იმპორტის მხრივ და ტენდენცია, ფაქტობრივად, შემოაბრუნა. ნავთობპროდუიქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთავრალაშვილი ფიქრობს, რომ იმპორტის ამგვარი ტენდენციას მომავალშიც შენარჩუნდება.

,,ბიზნესი სწავლობს პანდემიასთან თანაცხოვრებას და ეს განსაკუთრებით ტურიზმს ეხება. საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა, რამაც ეკონომიკურ ზრდაშიც საკმაოდ სერიოზული წვლილი შეიტანა და ეს ჩანს სტატისტიკაშიც. ამ თვალსაზრისით, საავიაციო ნავთის იმპორტში  ჩვენ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად გვაქვს, შარშანდელთან შედარებით დიდი ზრდაა, თუმცა ამას ყველა ნავთობპროდუქტზე ვერ ვიტყვით. 

რაც შეეხება სანავთობო ბიტუმს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები განსაკუთრებით შარშან იყო აქტიური, წელს შენელდა და ეს ადეკვატურად აისახა იმპორტზეც, არის კლება. ვითარება მაინც და მაინც დამაკმაყოფილებელი არ არის საავტომობილო ზეთის  იმპორტში მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელოდ გაიზარდა. ამავე დროს, ირანი არის ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი, როცა ვიცით, რომ ეს ქვეყანა საავტომობილო ზეთის წარმოებაში მაღალი სტანდარტით არ გამოირჩევა. დიდი წილი უხარისხო და არასტანდარტული, დაბალი ხარისხის ზეთია, თუმცა არარეალური საბაზრო ღირებულებისაა და ეს მოთხოვნაზე აისახება. ფაქტია, რომ ირანი არ არის აღიარებული, როგორც საავტომობილო ზეთის მწარმოებელი ქვეყანა. სჯობს, ბაზარზე დომინანტი იყოს  ევროპული საავტომობილო ზეთები,  რომელიც მაღალი სტანდარტით გამოირჩევა“, - განაცხადა ,,ბზინეს-რეზონანსთან“ ვანო მთვრალაშვილმა.

რაც შეეხება  საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში შეადგინა 1,96 ათასი ტონა, რაც 0,37 ათასი ტონით, ანუ 23,3%-ით მეტია აგვისტოს მაჩვენებელთან (1,59 ათასი ტონა) შედარებით და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (2,24 ათასი ტონა) 0,28 ათასი ტონით, ანუ 12,5%-ით ჩამორჩება. მათ შორის, მიმდინარე წლის სექტემბერში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,47 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც იმპორტმა 0,45 ათასი ტონა (23,0%) შეადგინა; რუსეთის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 0,23 ათასი ტონაა (11,7%);  გერმანიიდან იმპორტმა კი  0,12 ათასი ტონა (6,1%) შეადგინა. .

რაც შეეხება საცხებ-საპოხი მასალების იმპორტს 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, მან შეადგინა 13,92 ათასი ტონა, რაც 0,14 ათასი ტონით, ანუ 1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (13,78 ათასი ტონა) შედარებით.

2021 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 2,22 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 15,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 2,19 ათასი ტონა (15,7%); ირანი - 2,12 ათასი ტონა (15,2%),  გერმანია - 1,23 ათასი ტონა (8,8%) და სხვ.

2021 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,9 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით , ანუ 2,1%-ით ნაკლებია აგვისტოს მაჩვენებელთან (14,2 ათასი ტონა) შედარებით და 3,7 ათასი ტონით , ანუ 21%-ით ნაკლებია გასული წლის სექტემბრის  მაჩვენებელთან (17,6 ათასი ტონა) შედარებით. 

აქედან იმპორტის 84,9% (11,8 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 7,9% (1,1 ათასი ტონა) - ერაყზე, 7,2% (1,0 ათასი ტონა) - თურქმენეთზე.

2021 წლის იანვარ-სექტემბრის  განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 84,9 ათასი ტონა, რაც 5,6 ათასი ტონით, ანუ 6,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (90,5 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 89% (75,6 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, თურქმენეთიდან  6%-ით (5,1 ათასი ტონა) განისაზღვრა; ერაყის შემთხვევაში,  4,2%-ია (3,6 ათასი ტონა), რუსეთიდან - 0,6% (0,5 ათასი ტონა), ხოლო თურქეთიდან ამ მაჩვენებელმა  0,1% (0,1 ათასი ტონა) - შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×