ხარჯების შემცირების ნაცვლად, ფინანსური ვალდებულებების ტვირთი უფრო და უფრო მძიმდება
ირაკლი ლომიძე
25.10.2021

ბიუჯეტის დეფიციტი 10 წლის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა.  როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ეს არნახული ზრდაა, რაც ეპიდემიური ვითარებით არის გამოწვეული.  მართალია,  2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკამ  გამოცოცხლება დაიწყო და საკმაოდ მაღალი ზრდაც არის, მაგრამ საბიუჯეტო დეფიციტი მაინც კრიტიკულ ნიშნულზეა, რის შემცირებასაც მთავრობა, როგორც წესი, ვალების ზრდით შეეცდება. ეს კი საშიში ტენდენციაა. 

ეკონომისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ,,ქამრების შემოჭერის“ რეალურ გზას დაადგნენ, რასაც მრავალი წლის მანძილზე საშველი არ დაადგა და ხარჯების შემცირების ნაცვლად,  ფინანსური ვალდებულებების ტვირთი უფრო და უფრო მძიმდება. ფაქტობრივად ვალიდან ვალამდე ცხოვრობს ქვეყანა, რაც საბოლოოდ ეკონომიკის ზრდას სერიოზულად აფერხებს.

მდგომარეობა კი ნამდვილად საგანგაშოა. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით დაადგინა, რომ ქვეყნის მთავარი ხაზინის დეფიციტმა 9 თვეში 2.565 მლრდ ლარი შეადგინა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, ბიუჯეტის დეფიციტი დამატებით 279 მლნ ლარით გაიზარდა.

დეფიციტშია ასევე ბიუჯეტის საოპერაციო სალდოც, კერძოდ, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში ბიუჯეტში შემოსავლების სახით, 8.996 მლრდ ლარი შევიდა, ხოლო ამავე პერიოდში ხარჯებმა 9.975 მლრდ ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 9 თვეში ბიუჯეტის ასეთი მაღალი დეფიციტი უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია. 

სპეციალისტები მთავრობას ურჩევენ, სესხის აღების მავნე პრაქტიკას გადაუხვიონ და  ბიუჯეტი დაგეგმონ იმ ფარგლებში, რაც ქვეყანას შეუძლია. სტატისტიკოს გივი მომცელიძის შეფასებით, როდესაც ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება, ინფლაციას და მოქალაქეების კეთილდღეობას სერიოზული საფრთხე ექმნება. ამიტომ სასწრაფოდ არის ზომები მისაღები. 

,,მთლიანად ეკონომიკა და მოქალაქეები სერიოზულ საფრთხეში არიან ბიუჯეტის გაზრდილი დეფიციტის გამო.  ჩანს, რომ მთავრობა საგარეო ვალის აღებას კიდევ შეეცდება. იმის მაგიერ, რომ ბიოროკრატიული ხარჯი შეამცირონ და გამოთავისუფლებული რესურსი ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებლად მიმართონ,  ისევ ვალებით ამძიმებენ ქვეყანას, რაც საბოლოოდ სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის. ერთადერთ იმედს იძლევა ის გარემოება, რომ  საქართველო ასრულებს საერთაშორისო მოთხოვნებს, რეკომენდაციებს, რასაც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები უწესებენ ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს. 

ეკონომიკა ამ მდგომარეობიდან  სწრაფად უნდა გამოვიყვანოთ. ამისთვის უნდა გავზარდოთ წარმოება და საბიუჯეტო სახსრების მობილიზება შევძლოთ. ამისთვის კი, ქვეყნისთვის პრინციპულად არის მნიშვნელოვანი, ბოლო პერიოდში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება და ვაქცინაციის ტემპის დაჩქარება, რათა არ დაგვჭირდეს ხელახლა რეგულაციების დაწესება და რიგი შეზღუდვების შემოღება" - აღნიშნა მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“. 

ბიუჯეტის დეფიციტი გრძელვადიან პერიოდში ყოველთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ პრობლემისგან ქვეყანა ისე მარტივად ვერ გამოვა. როგორც ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი აღნიშნავს, პრობლემა შეექმნება მთლიანად ქვეყნის რეიტინგს:

"გაზრდილი დეფიციტი ნიშნავს მეტ ვალს, მეტ პასუხისმგებლობას, რომლის შესამცირებლად რესურსის გამონახვა არ იქნება ადვილი. ცხადია, რეიტინგებზეც ნეგატიურად იმოქმედებს. პირველ რიგში, ველოდები უარყოფით შეფასებებს სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან, როგორიცაა, მაგალითად, „ფიტჩი“. 

დიდ რისკს ეწევა ქვეყანა ვალების ზრდით, ყოველი შემდეგი ვალი უფრო ძვირი ჯდება და ნიშნავს, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ფულის მოძიება შეიძლება ვერ შევძლოთ. ვალის ზედა ზღვარსაც ვარღვევთ უკვე და არავინაა შემდავებელი. იმის ნაცვლად, რომ ბიუროკრატიული ხარჯი შემცირდეს, ისევ ამ გზას ადგანან, რაც ეკონომიკურ ენაზე უკან დახევას ნიშნავს“ - განაცხადა ხორგუაშვილმა და დაძინა, რომ  ბიუროკრატია არის შესამცირებელი.

,,დეფიციტი ღრმავდება,  ვერც საგარეო ვალს შველიან. მეტიც, ბიუჯეტის ახალ პროექტში, თავდაპირველ ვერსიაში, ახალ ვალთან დაკავშირებით ჩანაწერი შემაშფოთებელია. ჩვენს მდგომარეობაში ვალს არ მოგვცემენ ან ძალიან მაღალ ფასად, რითაც კრიზისს უფრო მეტად გააღრმავებენ და ქვეყანას საბოლოოდ მოესპობა განვითარების შანსი ", - დასძინა ხორგუაშვილმა.

მთავრობის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს დეფიციტის შესამცირებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში,  პრობლემა გაღრმავდება, რადგან მონეტარული და ფისკალური თვალსაზრისით მძიმე პერიოდი გვაქვს და ქვეყნის სტაბილურობა ამ საკითხის მოგვარებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიხედვით, ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ს არ უნდა აჭარებებდეს. 2021 წელს ეს მაჩვენებელი დაშვებულზე ორჯერ მეტია და 7%-ს აღემატება.

როგორც ითქვა,  ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის მთავარი მიზეზი კორონავირუსი და მისგან წარმოქმნილი პრობლემებია. ჩვენი ქვეყანა  ამ მხრივ გამონაკლისი არ არის,  თუმცა საქართველოს დეფიციტის შემცირების გაცილებით ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე  ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×