არანაირი სუბსიდია აღარ იქნება, ამიტომ დენისა და გაზის ხარჯი 20-25%-ით მოიმატებს
ირაკლი ლომიძე
25.10.2021

მიმდინარე ზამთარს საქართველოს მოსახლეობა 15-25%-ით გაძვირებული კომუნალური ტარიფებით ხვდება. ეს ეხება როგორც ელექტროენერგიის, ასევე გაზისა და წყლის გადასახადს, როგორც კომერციული ასევე, სამომხმარებლო ტარიფების კუთხით. ,,ბიზნეს-რეზონანსი” დაინტერესდა,  როგორ შეძლებს მოსახლეობა ცივი სეზონის გამკლავებას, ისედაც მაღალი ინფლაციის ფონზე, რომელიც პენსიონერებისა და საზოგადოების მოწყვლადი ნაწილისთვის ფიქსირებულს ბევრად აღემატება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის  29 დეკემბრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლიდან, თბილისსა და რეგიონებში ელქტროენერგიის მოხმარების ტარიფები გაიზარდა. 

სემეკის გადაწყვეტილებით, თბილისში კომპანია „თელასის“ აბონენტთათვის ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მოხმარების საფასური 3.497 თეთრით მოიმატა. შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებიც 101 კვტ.სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, 1 კვტ.სთ-ზე 14.544-ის ნაცვლად, 18.041 თეთრს იხდიან (დღგ-ის ჩათვლით), 101 კვტ.სთ-დან 301 კვტ.სთ-მდე 18.556 თეთრის ნაცვლად 22.053 თეთრს, ხოლო 301 კვტ.სთ-დან ზემოთ 23.040 თეთრის ნაცვლად 26.537 თეთრს. 

მიუხედავად 1 წლის წინ გაზრდილი ტარიფებისა, საქართველოს მოსახლეობა კომუნალურების წნეხს მხოლოდ ამ ზამთარს იგრძნობს. რადგან აქამდე, პრემიერ გახარიას მიერ ინიცირებული სუბსიდირების პროგრამებით ცივი სეზონი მოსახლეობას გაზრდილი ტარიფებით არ გადაუტანია.

გარდა ამისა, რამდენიმე თვის წინ გაიზარდა ბუნებრივი აირის გადასახადი. დედაქალაქში ცვლილებამ 1 კუბურ მეტრზე 8 თეთრი შეადგინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ტარიფმა თითქმის 20%-ით მოიმატა. იგი ძალაში მაშინვე შევიდა, თუმცა წნეხს მოსახლეობა სწორედ ახლა იგრძნობს, როდესაც გაზაფხულამდე გაზის მოხმარება, გათბობის მიზნით, მკვეთრად გაიზრდება.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძე პარლამენტში ყოფნისას მხოლოდ იმის პირობა გასცა, რომ კომუნალური გადასახადების კუთხით სუბსიდირების ნაწილი მარტოოდენ მიზნობრივ ჯგუფებზე შენარჩუნდება. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც არ წარმოადგენს დაუცველ სოციალურ ფენას, არაპანდემიურ პერიოდში კომუნალური ტარიფი არ დაფინანსდება.

ამის მეტი გიორგი კაკაურიძეს არაფერი უთქვს. შესაბამისად, ვის შეეხება კომუნალურების სუბსიდირება, იქნებიან მხოლოდ სოცდაუცველები, თუ შეღავათი სხვა, მოწყვლად ჯგუფებზე, მაგალითად, პენსიონერებზეც გავრცელდება, ოფიციალური უწყებები ჯერ არაფერს ამბობენ. რეალურად რა მოცემულობა იქნება ზამთრის წინ არჩევნების შემდეგ გავიგებთ, როცა ელექტორატის გულის მოგება მთავრობას აღარ დასჭირდება.

პროფესორი, პაატა აროშიძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტს, უბრალოდ, ვეღარ ექნება სუბსიდირების რესურსი და მიზნობრივი დაფინანსება ყველა ასპექტით უფრო გამართლებულია. 

,,ამ ყველაფერს ორი მხარე აქვს. აშკარაა, რომ ხალხს უჭირს გადასახდების გადახდა, თუმცა ყველა მუდმივად ვერ იქნება სუბსიდიის ქვეშ. ეს არ შედის არც ბიუჯეტის პოექტში და შესაბამისად, არც არსებობს რესურსი, რომ მასშტაბური სოციალური პაკეტი განხორციელდესს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ახლა პოლიტიკაც ეკონომიკაც, კულტურაც და სხვა ყველა სფეროც, მხოლოდ და მხოლოდ მედიცინის მძევალია და ასე იქნება ვაქცინაციის პროცესი სანამ სამიზნე მაჩვენებელს მიაღწევს. 

გადასახადების ზრდა, არა მხოლოდ ჩვენთან, მთელ მსოფლიოში მტკივნეულად აღიქმება, მდიდარ ქვეყნებშიც კი. მაგრამ შეუძლებელია საგარეო ვალით და ნასესხები ფულით დაუსრულებლად გაგრძელდეს ქვეყნის ფუნქციობა“, - განაცხადა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონასთან“. 

სტატისტიკოსი, სოსო არჩვაძე კი ამბობს, რომ მოსახლეობისთვის ზამთრის გადატანა რთული იქნებოდა ტარიფების უცვლელობის პირობებშიც კი, მით უფრო ახლა, როცა ფასი გაზრდილია ყველა კომუნალურ მომსახურებაზე. 

,,შეიძლება ითქვას, რომ შარშან და წინა წლებშიც სუბსიდირება მიზნობრივი ჯგუფებისთვის იყო, რადგან მაღალი კორელაიცა არსებობს მოხმარებასა და შემოსავლების სიდიდეს შორის. ახლა გასათვალისწინებელია პანდემია და ის მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშეც ქვეყანა უკვე ორი წელია დგას და ამის გამო ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი სახელმწიფოსთვის, პანდემიასთან ბრძოლასთან ერთად, მოწყვლადი ჯგუფების დახმარება და ბიზნესის მხარდაჭერა უნდა იყოს. ამიტომ სუბსიდირების მიზნობრივი ჯგუფებისთვის გაგრძლებას, ცხადია, ვემხრობი. 

რაც შეეხება იმას, როგორ გადაიტანს მოსახლეობა გაზრდილი ტარიფების პირობებში მომავალ ცივ სეზონს, აქ უნდა ითქვას, რომ გადასახადის უცვლელობის პირობებშიც კი, რთული იქნებოდა ეს, რადგან ინფლაციის მაღალი ნიშნული ისედაც ართულებს ხალხის ყოფას. ერთი სიტყვით, რთული ზამთარი გველოდება“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სოსო არჩვაძემ. 

ტარიფების სუბსიდირების პროგრამა 2020 წელს დაიწყო და ის ბიუჯეტს გასულ წელს 328.9 მილიონი ლარი დაუჯდა. კომუნალური ტარიფების სუბსიდირება ორ ეტაპად განხორციელდა - აქედან პირველი ეტაპი გასული წლის გაზაფხულზე - მარტში, აპრილსა და მაისში იყო. 

პროგრამის ფარგლებში მომხმარებლები/ოჯახები იღებდნენ კომუნალური ტარიფების სუბსიდიას იმ შემთხვევაში თუ ისინი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის 200 კილოვატ/საათზე ნაკლები მოცულობას; ბუნებრივი გაზის 200 კბ/მ-ზე ნაკლები მოცულობას ხარჯავდნენ. მათ ასევე სასმელი წყლისა და დასუფთავების მოსაკრებლის დაფინანსებაც ეძლეოდათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×