მეზობელი ქვეყნის ვალუტის გაუფასურება არასდროს ახდენდა ქართულ ლარზე გავლენას და არც ამჯერად მოახდენს
გვანცა წულაია
26.10.2021

თურქული ვალუტის გაუფასურება ქართული ბაზრისთვის მრავალმხრივ საინტერესო აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ თურქული პროდუქტი იაფდება, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი, რომ ლარზე ნეგატიურ გავლენას რეგიონული ვალუტების, მათ შორის, ლირის გაუფასურება ახდენს. მისი ისტორიული გაუფასურების პარალელურად, ლარი მყარდება, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ლარის კურსზე გავლენას, ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებთან ერთად, მხოლოდ დოლარის კურსი ახდენს და სხვა საფუძველი ამ პროცესს ნაკლებად აქვს. 

აქამდე თუკი გავლენიანი კომპანიების ანალიტიკოსები აცხადებდნენ, რომ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე დევალვაციური პროცესი ქართულ ვალუტაზე 10-15%-ით ზემოქმედებდა, დღეს მიდგომა შეიცვალა და სრულიად განსხვავებული შეფასებები ისმის. კერძოდ, „თი-ბი-სი კაპიტალი" თურქული ლირის გაუფასურების მიზეზებს მიმოიხილავს და ასკვნის, რომ მას ლარზე გავლენა არ ექნება. 

„თი-ბი-სი კაპიტალი“ წინა შეფასებას ინარჩუნებს იმის შესახებ, რომ არ არის აუცილებელი, ლირის გაუფასურებას ლარის გაუფასურება მოჰყვეს მაშინ, როდესაც ლარი ლირის მიმართ მყარდებოდა ლარის ყველა სხვა სავაჭრო პარტნიორის საშუალო გაცვლით კურსზე უფრო მეტად. როგორც ეს სადღეისოდ ფიქსირდება, თურქეთის წილი იმპორტში, დაახლოებით, ცხრათვიანი ჩამორჩენით იზრდებოდა, თუმცა ამას ჯამურ იმპორტზე მატერიალური ზეგავლენა არ ჰქონია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობილია, რომ 1 ამერიკული დოლარის ღირებულებამ ლამის 10 ლირას მიაღწია, ლართან მიმართებით კი, თურქული ვალუტა 32 თეთრამდე არის დასული.

ქართველი ფინანსისტები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის სავალუტო კრიზისი საქართველოზე გარკვეულ დადებით გავლენას მოახდენს. პირველ რიგში, სავაჭრო ურთიერთობებზე, ვინაიდან თურქული პროდუქტი გაიაფდება, რისი ტენდენციაც, ფინანსისტ დავით წიქარიძის განცხადებით, უკვე დაწყებულია.

„არავითარი სერიოზული გავლენა ლირის გაუფასურებას ლარზე არ მოუხდენია არასდროს, მაგრამ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ეს 2 პროცესი ერთმანეთისთვის დაეკავშირებინათ და ამით ლარის გაუფასურება გაემართლებინათ. მონღოლური ტუგრიკი რომ გაუფასურდება, ჩვენზე რა გავლენა უნდა მოახდინოს, ეს მათი პრობლემაა. ასეა თურქეთის შემთხვევაშიც, ქვეყანამ გააფუჭა დასავლეთთან ურთიერთობა და ფინანსური ნაკადები აღარ არის, ამით არის იქ სავალუტო კრიზისი განპირობებული. 

საქართველოს შემთხვევაში, ლარი რომ უფასურდებოდა, ხან ლირას ბრალდებოდა, ხან - რუბლს, ხანაც _ ჩინურ იუანს. რაღაც გავლენა არის, მაგრამ ეს არის მხოლოდ დადებითი, რადგან თურქულ ბაზარზე ვართ ჩამოკიდებული, ხოლო იქაური ვალუტის გაუფასურება იმპორტს გაგვიიაფებს. 

თურქეთიდან შემოტანილი პროდუქტი 10 დოლარი თუ ჯდებოდა, ახლა 5 დოლარი გვექნება გადასახდელი. გამოდის, რომ ჩვენ უფრო მომგებიან სიტუაციაშიც ვართ, როგორც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. თურქული პროდუქტი  უკვე გაიაფდა და ეს ბაზარსაც დაეტყო. არავითარი კავშირი არ არის ვალუტებს შორის, ჩვენ ჩვენი ეკონომიკა და პრობლემა გვაქვს, მათ - მათი“, - განაცხადა „რეზონანსთან" წიქარაძემ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ, ლირის გაუფასურების პარალელურად, თურქულ პროდუქტზე დაბალი ფასი შენარჩუნდება. „ჩვენ რომ თურქეთში დიდი ექსპორტი გვქონდეს, აშკარად იმოქმედებდა, მაგრამ, სინამდვილეში, პირიქითაა და მხოლოდ სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ“, - დასძინა ფინანსისტმა.

რაც შეეხება ლარის კურსს, როგორც ეკონომისტთა ნაწილი აცხადებს, ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გონივრულ ნაბიჯს გადადგამს ეროვნული ბანკი და რა ზომები იქნება მიღებული მთავრობის მხრიდან, რომ თურქეთის სავალუტო ბაზრის მკვეთრად ნეგატიური ტენდენცია საქართველოსთვის გადამდები არ აღმოჩნდეს. 

ჯერჯერობით ასეთ საფრთხეს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე ნაკლებად ხედავს, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ თურქული ვალუტის გაუფასურების ტენდენცია დიდხანს თუ გაგრძელდა, გარკვეულ ირიბ გავლენას აქაც მოახდენს.

„ბუნებრივია, როდესაც უფასურდება ლირა, პირდაპირ თუ არა, რაღაც ირიბ გავლენას ქართულ ვალუტაზეც იქონიებს. არაფრისგან ვართ დაზღვეული, მით უმეტეს, ეს ტენდენცია ხანგრძლივ პერიოდში თუ გაგრძელდება. ცხადია, ლირის გაუფასურება ქართული ლარის კურსზე პირდაპირ არასდროს მოქმედებს, მაგრამ თუ შეიძლება ამას საგარეო ბაზარზე სხვა ცვლილებები მოჰყვეს და გარკვეული რისკი ლარსაც დაემუქროს, ეს უკვე სხვა საკითხია. 

სებ-ი ცდილობს, არ დაუშვას გაუფასურება და საჭირო თუ გახდა ზომების მიღება, მოუწევს ინტერვენციების განხორციელება, რათა ლარზე ნეგატიური ფაქტორების გავლენა შესუსტდეს. ჯერჯერობით კი, სანამ მეზობელ ქვეყანაში ეს მდგომარეობაა, შეიძლება, სარგებელიც კი მივიღოთ, პირველ რიგში, ფასები დაეცეს იმპორტირებულ საქონელზე, კონკრეტულად  იმ პროდუქტებზე, რომლებიც თურქეთიდან შემოდის“, - განაცხადა „რეზონანსთან“ კაპანაძემ.

ცნობისთვის, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა, 21 ოქტომბერს, რეფინანსირების განაკვეთი 18-დან 16%-მდე შეამცირა, რამაც ლირა დოლართან მიმართებით რეკორდულ დონეზე გააუფასურა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×