კატასტროფული ინფლაცია ყველაფერს ძირს უთხრის და გამოსავალი არსაიდან ჩანს
გვანცა წულაია
26.10.2021

საქართველოში კატასტროფულად მაღალი ინფლაცია ნარჩუნდება, ფასების სტაბილიზაციაზე პასუხისმგებელი ორგანო კი საშიშ ნიშნულზე მყოფ ინფლაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ებრძვის, რომელიც დღეს შესაძლოა, კიდევ ერთხელ გაიზარდოს. 

დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების შესახებ მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რა დროსაც გაირკვევა, გაიზრდება თუ არა განაკვეთი, თუ იმავე ნიშნულზე (10%) დარჩება. შემცირება გამორიცხულია, რადგან ქვეყანაში რამდენიმე თვეა, ორნიშნა ინფლაციაა. 

რადგანაც ინფლაციის მოთოკვა ვერაფრით ხერხდება და ამ მხრივ არსებული ვითარება საკმაოდ დრამატულია, ისევე, როგორც უახლოესი პერიოდის მოლოდინი, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ ერთხელ გამკაცრდეს. სწორედ ამის შესახებ საუბრობს საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა. მას გადაჭარბებულად მიაჩნია ეროვნული ბანკის პროგნოზი ინფლაციის მომავალი წლის გაზაფხულიდან შემცირების თაობაზე. 

„ვინაიდან ინფლაციის ტემპი არ ვარდება და ეროვნულ ბანკს კანონით განსაზღვრული აქვს ფასების სტაბილურობა, გამორიცხული არ არის, რომ კიდევ უფრო გაზარდოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და მისი შედეგი ყველამ კარგად იცის. ეს არის დამატებითი ფულის ამოღება მოსახლეობის ჯიბიდან და გადახდისუნარიანობის შემცირება. ეროვნულ ბანკს იმედი აქვს, რომ მომხმარებელს ფული თუ არ ექნება და არ შეიძენს საქონელსა და მომსახურებას, მასზე ფასი დავარდება. 

საერთოდ, ეროვნული ბანკის არც ერთი პროგნოზი, რომლებიც შეეხება ინფლაციას და ზოგადად, მაკროპროგნოზები, არასოდეს გამართლებულა. შესაბამისად, სებ-ის ოპტიმისტური განწყობა მომავალი წლის გაზაფხულისთვის გადაჭარბებულად მიმაჩნია. 

ინფლაცია ითვლება წინა წლის შესაბამისი პერიოდის ფასების შედარებით მიმდინარე წლის ანალოგიური პერიოდის ფასებასთან. ვინაიდან ამ წელს ფასები უკვე აწეულია, ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს ეიმედება, რომ გაისად ფასები ნაკლებად აიწევს, იმას კი არ ამბობს, რომ ფასები შემცირდება, არამედ იმას, რომ დრამატულად არ გაიზრდება. ეს სიტყვების თამაში და რახარუხი შესაძლოა, ვინმეზე დადებითად ნამდვილად მოქმედებდეს, მაგრამ პროფესიონალებმა ვიცით, ამის უკან რაც დგას”, - განაცხადა „რეზონანსთან” ლია ელიავამ და დასძინა, რომ პარლამენტი სებ-ის მიერ კანონის შეუსრულებლობაზე არ რეაგირებს. 

„რატომღაც, საქართველოს პარლამენტი ადეკვატურად ვერ რეაგირებს ეროვნული ბანკის მიერ კანონის იგნორირებაზე და სებ-ს თავი დაუსჯელი ჰქონია, ამიტომაც ვერ ახერხებს ინფლაციის მოთოკვას. საჭიროა, პარლამენტმა უფრო მეტი დრო დაუთმოს ეროვნული ბანკის საქმიანობას და ზოგადად, შეცვალოს ორგანული კანონი „ცენტრალური ბანკის შესახებ”, - დასძინა „რეზონანსთან” ელიავამ. 

ბოლო 10 წელია საქართველოს ასეთი მაღალი ინფლაცია არ ჰქონია. სექტემბერში ფასების ინდექსმა 12.3% შეადგინა, რაც მიზნობრივ მაჩვენებელზე 4-ჯერ მეტია. სებ-ი ინფლაციის შემცირებას მომავალი წლის მარტიდან ვარაუდობს, მანამდე კი რეფინანსიების განაკვეთს მაღალ ნიშნულზე დატოვებს, თუმცა კონკრეტული პასუხი დღეს გახდება ცნობილი. 

ფინანსისტი და ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილი აცხადებს, რომ, თუკი რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ გაიზრდება, ეს იქნება მცირედით მომატებული მაჩვენებელი. 

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდას გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ მან ზემოქმედება მოახდინოს ინფლაციაზე. არაფერი არ არის გამორიცხული და შესაძლებალია, რომ ფასები, რომელიც დღეს არის, დასტაბილურდეს და შესაბამისად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზრდა აღარ შეინიშნებოდეს. თუ რეფინანსირების განაკვეთი გაიზრდება, ეს იქნება მცირედით მატება”, - განაცხადა „რეზონანსთან” მიხეილ თოქმაზიშვილმა და დასძინა, რომ „უკვე შემდგომ პერიოდში ინფლაცია შესაძლოა, საშიშ მოვლენას აღარ წარმოადგენდეს”.  

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სულ უფრო სახიფოთო ხდება, ამიტომ სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოს ცენტრალურმა ბანკმა ქმედითი ნაბიჯი სასწრაფოდ უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც არსებული ვითარებაა მძიმე, იგივე სიტუაცია იქნება უახლოეს მომავალშიც. 

„საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე ფიქრობს, რომ დღეს არსებული რეფინანსირების განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდამ შეიძლება, მსესხებლებზე უარყოფითად იმოქმედოს.

„დღეს ალბათ, ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ინფლაციის მიმართულებითაა. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ გაისად იგი შემცირდება და სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს მივა, თუმცა აქ მთავარი საფიქრალი არის რეფინანსირების განაკვეთი, რადგან იგი ძალიან ზევით არ წავიდეს და მძიმედ არ დააწვეს ეს მოსახლეობას. ამ მიმართულებით, ალბათ, ბალანსია დასაცავი და დღევანდელი რეფინანსირების განაკვეთი, ჩემი აზრით, უკვე ასახავს იმ დონეს, რაც საჭიროა, რათა ინფლაცია დაუბრუნდეს საჭირო მაჩვენებლებს.

ჯამში რომ შევხედოთ, 2021 წელს, განსხვავებით 2020 წლისგან, როდესაც ჩაკეტვები იყო, 2020-ში აქტიური იყო კორპორაციული დაკრედიტება და დაწყებული პროექტების გაგრძელება, მოქმედებდა იპოთეკური სესხების წახალისების პროგრამაც.

წელს კი აქტიურია საშუალო ბიზნესი, სამომხმარებლო სესხები და მიკროსესხები. ანუ ფაქტობრივად, ბიზნესი თავიდან გააქტიურდა, რაც ძალიან კარგი ნიშანია ეკონომიკური სიჯანსაღისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეკონომიკური გააქტიურება ნამდვილად სახეზეა, თუმცა ინფლაცია არის მთავარი გამოწვევა", – აღნიშნა არჩილ გაჩეჩილაძემ. 

ინფლაციის რეკორდულ მაჩვენებელთან ერთად, ასევე რეკორდულ დონემდე - 10%-მდე არის გაზრდილი სებ-ის რეფინანსირების განაკვეთი, რომელმაც მიმდინარე წელს რამდენჯერმე მოიმატა. 

2021 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ 2.8% შეადგინა, თებერვალში - 3.6%, მარტსა და აპრილში - 7.2%, მაისში - 7.7%, ივნისში - 9.9%, ივლისში - 11.9%, აგვისტოში - 12.8%, სექტემბერში - 12.3%. საკმაოდ მაღალი ინფლაციის გამო, არაერთი სპეციალისტი სებ-ის პასუხისმგებლობაზე საუბრობს, რადგან ეს უწყება თავის ერთადერთ მოვალეობას ვერ ასრულებს, რაზეც ოფიციალური მონაცემებიც მეტყველებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×