მსოფლიოში ნავთობის გაიაფება გაგრძელდება და 1 ბარელის ღირებულება 60 დოლარს ჩამოსცდება
ირაკლი ლომიძე
02.12.2021

გლობალურ ბაზრებზე საწვავის გაძვირების ტენდენციას საქართველო უახლოეს დღეებში აუბამს მხარს. რამდენი თეთრით შემცირდება ფასი, ამაზე სპეციალისტებს განსხვავებული ვერსია აქვთ. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია საწვავი რამდენიმე დღეში 15-20 თეთრის ფარგლებში გაიაფდეს. ბაზრის მკვლევარები კი საფასო ცვლილებას იანვრამდე  არ ელოდებიან.  ეს მაშინ, როცა ფასები საერთაშორისო ბაზრებზე 68 დოლარამდე შემცირდა.  ამის მიზეზი კორონავირუსის ახალი შტამია. 

საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის ფასმა დაახლოებით 20%-ით დაიკლო, რაც ყველა პირობას ქმნის, რომ საწვავი საქართველოშიც მკვეთრად გაიაფდეს, მაგრამ ჯერჯერობით ძვრა არ შეინიშნება. 2 დეკემბრის ღამის მონაცემებით 1 ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობი 67.86 დოლარი ღირდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი საწვავის გაიაფებას უახლოს პერიოდში ელის. როგორც მან ,,რეზონანსთან“ დაადასტურა, გლობალურ ტენდენციას საქართველოც უპასუხებს. ამასთან, მთვრალაშვილი საუბრობს იმ გარემოებებზე, რამაც ნავთობის გაიაფება გამოიწვია.

,,პირველი და უმთავრესი ფაქტორია ის, რომ აშშ-მ, და მისმა პარტნიორმა ქვეყნებმა, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ინგლისი და ინდოეთი, მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება  სტრატეგიულ მარაგებთან დაკავშირებით. მათ ნედლი ნავთობი გამოაქვთ შიდა ბაზარზე, რაც  ისტორიული მოვლენაა, რადგან სულ რამდენიმეჯერ მოხდა ისტორიაში, როცა სტრატეგიული მარაგების გახსნეს და ნავთობის გამოყენება დაიწყეს. დღეს კი ვირუსის ახალი შტამი დამატებით მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა, რომ ფასები ჩამოშლილიყო. 

ბოლო 7-8 დღეა, რაც ეს ტენდენცია გრძელდება. პარალელურად მცირდება საერთაშორისო ფასი ,,პლატცის“ მიხედვით და ჩვენთანაც დაიწყება მნიშვნელოვანი კლება. კომპანიები მუდმივად, დროის გარკვეულ მონაკვეთში ახდენენ მარაგის შევსებას, შესაბამისად, დაწყებულია დაბალფასიანი პროდუქტის იმპორტი, რაც ფასების კორექტირებას შესაძლებელს გახდის. უახლოეს დღეებში დაიწყება გაიაფების ტენდენცია და მინიმუმ ეს იქნება 10-20 თეთრის ფარგლებში. ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე გაჩერდება. იმპორტი მუდმივად მიმდინარეობს და როცა ადგილობრივი ბაზარი გადაჯერდება დაბალფასიანი პროდუქტით, ტენდენცია მკაფიოდ გამოჩნდება. სხვა შემთხვევაში ფასებზე საუბარი სპეკულაციურია“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

განსხვავებული მოლოდინი აქვთ ანალიტიკოსებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საეჭვოა, ნავთობპროდუქტების ქართულმა ბაზარმა გლობალური ცვლილება ადეკვატურად ასახოს. ამის საფუძვლად ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია მიიჩნევს სეზონურ ფაქტორს და ასევე ლარის კურსს. ის ფიქრობს, რომ ცვლილებისთვის ბაზარი იანვრიდან იქნება მზად, განსაკუთრებით შუა რიცხვებიდან. რაც შეეხება გლობალურ ბაზრებს, შენგელია ფიქრობს, რომ ტენდენცია გაგრძელდება და ფასები სავარაუდოდ 58 დოლარამდე დაიწევს.

,,მართალია, გლობალურ ბაზრებზე ფასები დაეცა, მაგრამ ჯერ არ ველით, რომ აქაც დაიკლებს. წლის ბოლოა, სეზონური ფაქტორიდან გამომდინარე და ასევე ლარის კურსის გათვალისწინებით, იმპორტიორები მაქსიმალურად შეიკავებენ თავს. ჯერჯერობით  65 დოლარის ფარგლებში იტრიალებს ნავთობის ფასი, ტენდენცია გაგრძელდება იანვრის ბოლომდე და შემდეგ 58 დოლარის ფარგლებში დაფიქსირდება. 

როგორც ცნობილია, საწვავის გაიაფება გამოიწვია იმ ფაქტორმა, რომ აშშ-მ თავისი რეზერვები გახსნა. სანამ ბაიდენს აირჩევდნენ, ვპროგნოზირებდით, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, 6-7 თვეში დაიწყებოდა ფასების ზრდა და ასეც მოხდა. ბოლოს როგორც განვითარდა ტენდენცია,  ყველასთვის ცნოიბილია. 

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე,  საქართველოში საწვავის გაიაფება 30 თეთრის ფარგლებშიც შეიძლება, თუმცა ჯერჯერობით ცვლილებას არ ველოდები. ახლა მხოლოდ სურვილია, რომ ფასი შემცირდეს, მაგრამ ასე სწრაფად არ ხდება, სამწუხაროდ, ამ პროცესს თავისი ციკლი აქვს. აქციზის გადასახადს თუ შეამცირებენ, მინიმუმ გაანახევრებენ, მაშინ უკვე საწვავის ფასი 2,40-ლარიან ნიშნულს დაუბრუნდება, რაც დიდი შეღავათი იქნება მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ნიკა შენგელიამ ,,რეზონანსთან“.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, "ოპეკი პლუსმა" გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება დღეში 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა. ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×