ირაკლი ღარიბაშვილი - ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5 500 დოლარს გადააჭარბებს
ირაკლი ლომიძე
06.12.2021

მშპ-ს  რეკორდული ზრდა, საბიუჯეტო დეფიციტის და საგარეო ვალის შემცირება, ხელფასები საჯარო სექტორში - მთავრობის სამომავლო გეგმები აშკარად უკეთეს ცხოვრებას და ეკონომიკურ წინსვლას გვპირდება. მოსალოდნელი ცვლილება  ბიუჯეტში შესაბამისად აისახა. მთავრობის ეკონომიკური გუნდი განსაკუთრებით 2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრით იწონებს თავს და საუბრობს გაწეულ და სამომავლო ღონისძიებებზეც, რის გავლენაც საქართველოს ეკონომიკაზე  მომდევნო წლიდან გამოჩნდება და ციფრებშიც საკმაოდ მიმზიდველი ჩანს. სპეციალისტები კი საუბრობენ იმ ფაქტორებზე, რაც ერთობლიობაში ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის განმსაზღვრელია, მათ შორის, მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამები, სამუშაო ადგილების ზრდა და ბიზნესის განვითარება, რაც 2020 წელს ქვეყნისთვის დაბრკოლება იყო.

რაც შეეხება მთავრობის სამომავლო გეგმას და 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ ცვლილებებს, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლოს საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავა, რისი საშუალებითაც წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით გაიზარდა. რაც შეეხება საგარეო ვალს, პრემიერის განცხადებით, 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან 51,1%-მდე შემცირდება.

დაპირების შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარი, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი იქნება. გარდა ამისა, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44-ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ 2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარია გათვალისწინებული,  მეწარმეობის განვითარებაზე - 273.5 მლნ ლარამდე;  ერთიანი აგროპროექტისთვის - 261.7 მლნ ლარი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა  საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა, რომლის შეფასებითაც,  ბიუჯეტის ზრდა იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკური შედეგია, ხოლო რეგიონების განვითარება მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია. 

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეგიონების განვითარებას მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს. ფონდი 300 მილიონით განისაზღვრა, რომელიც დაიხარჯება რეგიონებში, მათი ინფრასტრუქტურისთვის და სხვა საჭიროებებზე. მნიშვნელოვანია „აწარმოე საქართველოს“ ფაქტორი კომპონენტების მიმართულებით, ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში.  მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რეგიონებს, მუნიციპალიტეტებს, რომ ის გამოწვევები რაც აქვს ინფრასტრუქტურის კუთხით, წყალმომარაგების ნაწილში, ბიზნესის მხარდაჭერის მხრივ რომ გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა ზარქუამ.

მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის ნამდვილად გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა, სწორედ კერძო სექტორი იქნება. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილმა თქმით, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება გულისხმობს, რომ ქვეყანა მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც საბოლოო ჯამში, მთავარი მესიჯია იმ მიმართულებით, რომ წარმმართველი როლი ეკონომიკაში კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს.

„მომავალი წლის ბიუჯეტში გამოვყოფდი ორ მთავარ მიმართულებას. პირველი ესაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების წამახალისებელი სტიმულები, როგორიც არის სხვადასხვა პროგრამები სამეწარმეო მიმართულებით და ასევე, კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. სწორედ კაპიტალურ ხარჯებზეა  მნიშვნელოვნად დამოკიდებული როგორი ზრდა ექნება ქვეყანას, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში. ამ მიმართულებით, კაპიტალური ხარჯები გვაქვს 9,1% მშპ-სთან მიმართებით, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი, რაც კი წინა წლებში ჰქონია ქვეყანას. 

ძირითადი ნაწილი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, რეგიონალურ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციას. შესაბამისად, ცალსახად იკვეთება ის, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გარდა ამისა, არის სოციალური მიმართულება და მატება გათვალისწინებულია, როგორც პენსიების, ისე სოციალური და მიზნობრივი დახმარებების  ნაწილში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მთავრობის მოლოდინი რეალურია და გაწეულ ღონისძიებებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ეკონომიკის დოქტორმა სოსო არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ისაუბრა იმ დადებით ფაქტორებზე, რისი გათვალისწინებითაც 2022 წელს საქართველოს ეკონომიკაში გარდამტეხი ცვლილებებია მოსალოდნელი.

,,ფინანსური გეგმა დგება იმ რესურსისა და პოტენციალის გათვალისწინებით, რაც გააჩნია ქვეყანას მოცემულ რეალობაში. იმის გათვალისიწნებით, რომ მიმდინარე წლის მარტიდან ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალი ზრდის ტემპი როგორც ეკონომიკაში, ისევე მაკროეკონომიკაშიც - გარევაჭრობა, ბიზნესაქტივობა, კომპანიების ბრუნვის, პროდუქციის გამოშვება, დასაქმების მაჩვენებელი გაუმჯობესდა. მართალია, ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ სამუშაო ადგილები შემცირდა, მე მიმაჩნია, რომ პირიქით, გაიზარდა. განსაკუთრებით მესამე კვარტალში 90 000-ით მოიმატას სამუშაო ადგილების რაოდენობამ. ეს კი ნიშნავს მეტ შემოსავალს. 

ამდენად 2022 წლისთვის დაგეგმილი ზრდა საკმაოდ რეალისტურია. დაახლოებით 6,5-მილიარდიანი მეტობაა მშპ-ში. ახლა ხელფასის მოცულობაც გაიზარდა და ბიუჯეტი იძლევა შესაძლებლობას, ერთდროულად საკმაოდ მსხვილი სახსრები წავიდეს ეკონომიკური მიმართულებით და სოციალური დაცვის მხრივაც. როცა ხდება ეკონომიკის ზედმეტად რეგულირება  - შეზღუდვა, გაჩერება და ლოქდაუნი, რა თქმა უნდა, ეს აფერხებს ბიზნესის განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას. 

საკმარისი იყო ბიზნესს თავისუფლება ეგრძნო, რომ ამან ,,ზურგის ქარის“ როლი შეასრულა ეკონომიკის ზრდაში. ამასთან, მცირე და საშუალო ბიზნესმაც გარკვეული მხარდაჭერა მიიღო სახელმწიფოსგან, თუნდაც ,,აწარმოე საქართველოში“,  შარშან 40 მილიონი თუ დაიხარჯა ამ პროგრამის ფარგლებში, გაისად 300 მლნ  ლარია გათვალისწინებული. მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამები დაახლოებით 300-ზე მეტი მიმართულებით ითვალსიწინებს მეწარმეობის მხარდაჭერას და 1000-ზე მეტ საწარმოზეა გათვლილი, რაც ბიზნესს დიდ დახმარებას გაუწევს“, - განუცხადა არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

სტატისტიკოსმა ასევე ისაუბრა იმ გამოწვევებზეც, რაც ეკონომიკაში გარკვეულ პრობლემას ქმნის და რიგი ობიექტური მიზეზებით არის განპირობებული.

,,მთავარი გამოწვევა შიდა პოლიტიკური და გარე ეკონომიკური ფაქტორებით არის განპირობებული. გვჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყნის შიგნით და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ვინაიდან ეს ფაქტორები გავლენას ახდენენ ინფლაციაზე. იძულებული ვართ, უფრო მეტი გადავიხადოით პროდუქციაში, ვიდრე წინა წლებში ვიხდიდით. მარტო მარცვლეულზე 40-50 მლნ დოლარით მეტის გადახდა მოგვიწევს. ამდენად არის ისეთი ფაქტორებიც, რაც ჯერჯერობით საქართველოს მთავრობისთვის გამოწვევას წარმოადგენს და ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია“, - აღნიშნა არჩვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან.

ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი   ეკონომიკის გასული წლის რეცესიული შოკიდან გამოსვლის დასტურიცაა, რის საფუძველზეც საქართველომ უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა. გიორგი ცუცქირიძის აზრით, მიმდინარე წელს დაფიქსირებულმა უპრეცედენტოდ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მნიშვნელოვანი პარამეტრების რეალური გაუმჯობესება გამოიწვია, როგორიცაა მშპ, საგარეო ვალი, ბიუჯეტის დეფიციტი.

„საქართველომ წელს უპრეცედენტოდ მაღალი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აჩვენა, რაც აისახა  საბიუჯეტო პარამეტრებზე და ადასტურებს, რომ ეკონომიკა გასული წლის რეცესიული შოკიდან გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ 2022 წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი იზრდება 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით, რაც სარეკორდოა ბოლო წლებში. გარდა ამისა, 2022 წელს დაგეგმილია 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5500 დოლარს გადააჭარბებს, ესეც ისტორიული მაქსიმუმია“, - განაცხადა ცუცქირიძემ. 

მისი თქმით, საგარეო ვალის შემცირება დადებითად აისახება ქვეყნის სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებზე, გაზრდის საინვესტიციო მიმზიდველობასაც.

,,პანდემიის შედეგად გაზრდილი საგარეო ვალის შემცირებასთან ერთად, თითქმის ორჯერ მცირდება ბიუჯეტის დეფიციტი და 4,2% იქნება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კაპიტალური ხარჯების მაღალ ნიშნულზე შენარჩუნება, გარდა ზრდის ხელშეწყობისა, მთლიანად თავსებადია პრემიერის დაანონსებულ ახალ სოციალური პოლიტიკის სტრატეგიისა, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების რეგიონებში გადატანით, ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებას ითვალისწინებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით“, - განაცხადა ცუცქირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×