ნინო თანდილაშვილი: „ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი კლიმატთან ადაპტაციის და კატასტროფების რისკების შესამცირებლად, ასევე, მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფისთვის"
თამარ ვეფხვაძე
07.12.2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, საქართველო ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ევროპის ცენტრის (ECMWF) წევრი გახდა. 

3 დეკემბერს,  ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზირების ევროპის ცენტრის (ECMWF) საბჭოს 102-ე სესიაზე საქართველოს, როგორც ცენტრის ახალ წევრს, ოფიციალურად მიესალმნენ გენერალური დირექტორი  ფლორენს ღაბიე, საბჭოს პრეზიდენტი დანიელ გელენი და საბჭოს სხვა წევრები.      

თანამშრომლობის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე კიდევ უფრო გაიზრდება ამინდის პროგნოზების სიზუსტე, რაც შესაძლებელს გახდის სტიქიური მეტეოროლოგიური და მასთან დაკავშირებული ჰიდროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების შესახებ ეფექტური, ადრეული გაფრთხილებების  მომზადებას. 

ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა მსოფლიოში, მეტეოროლოგიის დარგში, რომელიც  1975 წელს დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ამ დროისათვის 34 წევრი ქვეყნისთვის აწარმოებს და ავრცელებს ციფრული ამინდის პროგნოზებს. ასევე, ის მუდმივად თანამშრომლობს წევრი ქვეყნების მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებთან და ხელს უწყობს მათი შესაძლებლობების  გაძლიერებას. ცენტრი ფლობს მთელი დედამიწის  მასშტაბით მეტეოროლოგიურ მონაცემთა არქივებს.

ორგანიზაციის წევრი ქვეყნები რეალურ დროში იღებენ ამინდის პროგნოზის რიცხვითი მოდელების პროდუქტებს, რომელთა ანალიზის საფუძველზე შემდგომში ამზადებენ ეროვნული მასშტაბის ამინდის პროგნოზებს. ამავე დროს, მათ ეძლევათ წვდომა ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის არქივთან. 

„ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს კლიმატთან ადაპტაციის და  კატასტროფების რისკების შესამცირებლად, ასევე, მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფისთვის.

საქართველოს მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტებს შორის არის ეფექტური მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარების ხელშეწყობა.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ECMWF-ის ასოცირებული წევრობა უზარმაზარ როლს ითამაშებს ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში კატასტროფების რისკების შემცირებასა  და კლიმატის ადაპტაციის პოლიტიკის სფეროებში“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა.

საქართველოში, უახლოესი წარსულის გამოცდილებამ ცხადყო, რამდენად მნიშვნელოვანია მეტეოროლოგიის დარგის განვითარება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, რისი ნათელი მაგალითია სხვადასხვა დროს განვითარებული სტიქიური მოვლენები და მათგან გამოწვეული ზარალი. სწორედ ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, სახელწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები დარგის ტექნიკური გადაიარაღების თვალსაზრისით.  დამონტაჟდა და განახლდა  მეტეოროლოგიური სადგურები, ასევე, სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური პროცესების რისკების თავიდან არიდება-შერბილების მიზნით დამონტაჟდა  ადრეული გაფრთხილების სისტემები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე უფრო ზუსტი პროგნოზირების საშუალებას იძლევა, თუმცა ქვეყანა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დარგის უფრო მეტად განვითარებასა და წინსვლას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოსა და ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ევროპის ცენტრის თანამშრომლობა კლიმატის მწვანე ფონდისა (Green Climate  Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×