გვანცა წულაია
07.12.2021

ახალი შტამის გამოჩენის გამო, საქართველო მორიგი საფრთხის წინაშეა და ამის გათვალისწინებით შესაძლოა, დარჩენილი შეზღუდვების შემსუბუქება გაურკვეველი დროით გადაიდოს კიდეც. ამასთან, `მწვანე პასპორტების" არეალი გაფართოვდება და ის უფრო მეტ ობიექტში შესასვლელად იქნება საჭირო. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების მიღებაზე მსჯელობენ.

მართალია, ქვეყანაში, ჯერჯერობით, „ომიკრონი” არ გავრცელებულა, თუმცა რეგიონში ახალი შტამით ინფიცირებულები უკვე გამოჩნდნენ. მორიგი საფრთხის გამო, მთავრობა, დიდი ალბათობით, დარჩენილი შეზღუდვების შემსუბუქებას გადაიფიქრებს, მაგალითად, ღამის კლუბებთან დაკავშირებით. კლუბები საკოორდინაციო საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებას თითქმის ყოველ კვირაში ელიან, თუმცა მათ ამუშავებაზე გუშინაც უარი უთხრეს, მაგრამ შესაძლოა, 16-17 დეკემბრიდან ღამის კლუბებს მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ. 

სწორედ ამაზე საუბრობს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი, ბექა ფერაძე. როგორც მან განაცხადა, თითქმის დასრულებულია უსაფრთხოების პროტოკოლზე მუშაობა, რომელიც უნდა დაამტკიცოს მინისტრმა ბრძანებით და გადაწყვეტილება კლუბების გახსნაზე მიიღოს საბჭომ. 

ალბათ, მალე გაფართოვდება „მწვანე პასპორტების” არეალი. თუ დღეს კონკრეტულ ადგილას „მწვანე პასპორტის” გარეშე შესვლა შესაძლებელია, შემდეგ პერიოდში აიკრძალება. მაგალითად, სავაჭრო ცენტრებში, ბაზრობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხალხს ისევე მოსთხოვენ „მწვანე ბარათს", როგორს დღეს რესტორნებში ითხოვენ. სპეციალისტთა ნაწილი ამ გადაწყვეტილების მიღებას უკვე ისედაც ითხოვს. 

საქართველოში „ომიკრონის” გავრცელების შემთხვევაში, ინფექციონისტები მძიმე სცენარს პროგნოზირებენ. როგორც ისინი ამბობენ, „ომიკრონი”, სხვა შტამებისგან განსხვავებით, ბევრად საშიშია, ამიტომ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და ეს სწორედ „მწვანე პასპორტების” არეალის გაფართოება უნდა იყოს.  

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლადო კახაძე აცხადებს, სადაც რეგულაციების მკაცრად დაცვა შესაძლებელია, იქ „მწვანე პასპორტების” სისტემა არ უნდა იყოს შემოღებული.

„ადამიანები ძირითადად იყოფიან ორ ჯგუფად: მასპინძელი და სტუმარი, „მწვანე პასპორტის” სისტემა კი არის ორივე მხარის თანამშრომლობა. რაც შეეხება არეალის გაფართოებას, მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ტრანსპორტში ინსპექტორმა ამოწმოს „მწვანე ბარათები”, მაგრამ მე უფრო ადამიანის კეთილსინდისიერებას ვემხრობი, რომ მისი მხრიდან რეგულაციები იქნება დაცული”, - განუცხადა „რეზონანსს” ლადო კახაძემ და დასძინა, რომ თუ ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირება დადასტურდება და მისი გავრცელება სწრაფი ტემპით მოხდება, ეს სამედიცინო სექტორისთვის გამოწვევა იქნება. 

„მეცნიერები ამბობენ, რომ „ომიკრონთან” დაკავშირებით, ერთი მხარე არის გავრცელება და მეორე არის სიმძაფრე, ანუ ვირულენტობა. დასკვნა გაკეთდა ასეთი, რომ „ომიკრონი” უფრო სწრაფად ვცრელდება, ვიდრე „დელტა” შტამი, ამიტომ დაუშვეს იმის საშიშროება, რომ მოსახლეობის ფართო მასა დროის მცირე მონაკვეთში დაავადდეს. ამ საკითხს მიაბეს სამედიცინო სექტორის გადატვირთულობა, რაც უფრო მეტი ადამიანი დაავადდება, ნებისმიერი ქვეყნის სამედიცინო სექტორისათვის დიდი გამოწვევა იქნება. თუ ვირულენტობა მაღალი არ იქნება და მხოლოდ გავრცელებით მოიცვა ფართო მასა, მაშინ მოსახლეობის დიდი ნაწილი ბინაზე გადავა და სამედიცინო სექტორი არ გადაიტვირთება. მათ ამ მოსაზრებებს მე ვეთანხმები კიდევაც”, - დასძინა „რეზონანსთან” ლადო კახაძემ.  

სპეციალისტები „მწვანე ბარათების” არეალის გაფართოებას სისტემის დანერგვამდეც ითხოვდნენ. როდესაც ჩამონათვალის შესახებ გახდა ცნობილი, თუ სად იქნებოდა „მწვანე პასპორტის” წარდგენა სავალდებულო. ინფექციონისთა ნაწილი ამბობდა, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა და უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მიიჩნევს, რომ ჯერ საჭიროა გავიგოთ, რამდენად შედეგიანია ახალი სისტემა და შემდეგ მოხდეს არეალის გაფართოებაზე ფიქრი. 

„ჯერ უნდა ვნახოთ, იმ რეგულაციების ფარგლებში რამდენად ეფექტურია „მწვანე პასპორტების" მექანიზმი. რამდენად ხდება მისი დაცვა და აღსრულება. გაფართოება კარგი იქნებოდა, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი: პირველი – მოსახლეობის ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს; მეორე – სახელმწიფოს რამდენად კარგად შეუძლია იმ რეგულაციების გაკონტროლება, რომლებიც ახლავს „მწვანე პასპორტებს”.  

ზოგადად, ტრანსპორტში „მწვანე ბარათების” გაკონტროლება ძალიან რთული იქნება და სახელმწიფოს დიდი რესურსი დასჭირდება, რომ ეს ყველაფერი არ გადაიზარდოს ქაოსში და უკუშედეგები არ მივიღოთ, ამიტომ კარგად დასაფიქრებელია, ამ ეტაპზე რამდენად ღირს „მწვანე პასპორტების” არეალის გაფართოება”, - განაცხადა „რეზონანსთან” ალექსანდრე გოგინავამ და დასძინა, რომ თუ ის მოსაზრებები გამართლდა, რომლებიც „ომიკრონთან” დაკავშირებით არსებობს, მაშინ ახალი შტამი საკმაოდ დიდი პრობლემა იქნება. 

„ამ ეტაპზე, საქართველოში „ომიკრონის” გავრცელების ალბათობა არ არის, რადგან მსოფლიოში ფართომასშტაბიანად არ გავრცელებულა. ის არის გავრცელებული სამხერეთ აფრიკასა და მის მიმდებარედ, მეზობელ ქვეყნებში, თუმცა შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაშიც და ამერიკაშიც, მაგრამ ფართომასშტაბიანი გავრცელება არ არის. ამ ეტაპზე, მისი ბუნებაც ბოლომდე არ ვიცით. არ ვიცით, თუ რამდენად ახასიათებს ისეთივე აგრესიული გავრცელება, როგორიც „დელტა” შტამს. 

მისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი რეინფიცირება, ანუ ადამიანების ხელმეორედ დაინფიცირება, რადგან აქვს უნარი, რომ იმ იმუნიტეტს დაუსხლტეს, რომელიც დაავადების გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ ყალიბდება. თუ ეს ყველაფერი გამართლდა, „ომიკრონი” საკმაოდ დიდი პრობლემა იქნება ჩვენი სამყაროსთვის. იგი ჩაანაცვლებს „დელტა” შტამს და გახდება დომინანტი, მაგრამ, ჯერჯერობით, ამაზე საუბარი ნაადრევია.  

პირველ რიგში, სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს კონტროლი იმ ქვეყნებიდან ჩამომსვლელ პირებთან დაკავშირებით, სადაც ახალი შტამი დაფიქსირდება და მეორე, ვაქცინაციის პროცესი უნდა წავიდეს აქტიურად, რადგან, პირველადი მონაცემებით, ამ შტამით ინფიცირდება ისეთი ადამიანი, ვინც არ არის ვაქცინირებული”, - დასძინა „რეზონანსთან” გოგინავამ. 

აღსანიშნავია ერთი საგულისხმო მომენტიც _ „მწვანე ბარათების” სისტემის დანერგვის შემდეგ ბიზნესს მომხმარებელი შეუმცირდა. კვების ობიექტების წარმომადგენლები დაუფარავად ამბობენ, რომ კლიენტების ნაკადმა 20-40 პროცენტით იკლო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×