„ვფიქრობ, რომ ეროვნულ ბანკს საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს ეკონომიკა, მისი ერთადერთი საზრუნავი არის კომერციული ბანკები"
გვანცა წულაია
08.12.2021

იპოთეკური სესხების გაცემაში ცვლილება შედის. უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დრო 5 წლით შემცირდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გუშინ გამოაცხადა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს ცენტრალური ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას?

უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დრო, ჯერჯერობით, 15 წელია, თუმცა სულ მალე 10 წლით განისაზღვრება. ასეთია სებ-ის გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში 2022 წლიდან შევა. როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, სავალუტო იპოთეკების მსესხებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი „არაჰეჯირებულია” და კურსის მერყეობისგან არაა დაცული, რის გამოც მნიშვნელოვანია, ამ მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. იპოთეკური სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობის შემცირებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს, შეამციროს ახალი იპოთეკების ის წილი, რომელიც 10-15 წლამდე ვადით იქნებოდა აღებული. 

„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. 2021 წლის აპრილიდან, ეკონომიკის აღდგენისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდა დაფიქსირდა. 

არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა „არაჰიჯირებულია“, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და, პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია,  შესაბამისად, სესხებს, გაცვლითი კურსის რისკთან ერთად, თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით. 

უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლების სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული მიმდინარე პანდემიის დროს. ასევე, ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას”, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. 

სპეციალისტთა ნაწილი ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იწონებს, ნაწილი კი, პირიქით – იწუნებს. როგორც საბანკო სფეროს სპეციალიტი ლია ელიავა მიიჩნევს, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მეტყველებს და ამ გზით არა მარტო შემცირდება ახლად აშენებული ბინების იპოთური სესხით შეძენა, არამედ _ თავად ბინათმშენებლობის პროცესიც, რაც რამდენიმე წელში გამოჩნდება. 

„იპოთეკური სესხების ვადის შემცირება ორ სერიოზულ პრობლემაზე მეტყველებს. პირველი - ეს არის ქრონიკული გადაუხდელობის საშიშროება, რომელიც ემუქრება ბანკებს და მეორე - ეს არის ბანკების ფინანსური არასტაბილურობის მაჩვენებელი გრძელვადიან პერიოდში. სამწუხაროდ, ორივე ეს პრობლემა არის ობიექტური და დამახასიათებელი საქართველოს ეკონომიკისთვის. 

ეროვნული ბანკის ამდაგვარი რეაგირება აშკარად მეტყველებს, რომ მას არ უნდა, კომერციულმა ბანკებმა ზედმეტი რისკი აიღონ თავიანთ თავზე, ანუ უფრთხის მათი ფინანსური სტაბილურობის პრობლემას, ამიტომ ამ გადაწყვეტილების დადებითად ან უაყოფითად შეფასება არ შეიძლება, ეს ასახავს რეალობას, რეალობა კი არის ბანკების ფინანსური არასტაბილურობის საფრთხე და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის მკვეთრი ვარდნა, რაც ასევე ობიექტური მიზეზია, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.  

სესხი რაც უფრო ხანგრძლივია, მით უფრო დაბალია თვიური და წლიური საპროცენტო ხარჯი და მოსახლეობისათვის მით უფრო ადვილია მისი დაფარვა. სესხის ვადის შემცირება ავტომატურად ზრდის ყოველთვიურ გადასახადს, როგორც ძირს, ისე პროცენტს და ეს უარესად აწვება მოსახლეობას. ტენდენცია აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ სებ-ი ზღუდავს საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებას, ახალი ოჯახების შექმნას, მოსახლეობის სამომავლო პერსპექტივებს. ამის შედეგი რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდება, რა დროსაც არა მარტო შემცირდება ახლად აშენებული ბინების იპოთური სესხით შეძენა, არამედ _ თავად ბინათმშენებლობის პროცესიც.  

ვფიქრობ, რომ ეროვნულ ბანკს საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს ეკონომიკა და, სამწუხაროდ და საუბედუროდ, მისი ერთადერთი საზრუნავი არის კომერციული ბანკები. ეროვნული ბანკი არის დასაშლელი და მისი ხელმძღვანელობა - გამოსაცვლელი. 

როგორც დეველოპერები, ისე მოსახლეობა ცდილობენ საცხოვრებელი უცხურ ვალუტაში გაყიდონ, რადგან ლარისადმი ნდობა არ არის. გაყიდვა იძულებითი წესით ლარში რომც გახადონ, უძრავ ქონებაზე ფასების დონე იმდენად მოიმატებს, რომ საკმარისი იყოს ლარის ისევ დოლარში გადასახურდავებლად. ლარზე ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნა მას მაინც ვერც სიმყარეს და ვერც მსიყდველობით უნარს ვერ მისცემს. ამ ეკონომიკური კრიზისის დროს დედოლარიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა არის ძალიან უცნაური საქციელი”, - დასძინა ლია ელიავამ „რეზონანსთან”. 

საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი მიიჩნევს, რომ დოლარში გაცემულ იპოთეკურ სესხებზე მაქსიმალური ვადის შემცირება მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ შემდგომში ლარის სესხებზე მოთხოვნა გაიზარდოს. 

„რამდენადაც აქცენტი აღებულია, რომ ლარიზაცია მოხდეს და ეს ხანგრძილივი პროცესია, შესაძლებელია, ეროვნული ბანკის აღნიშნული გადაწყვეტილება სწორედ ამით არის გამოწვეული, თუმცა კიდევ სხვა ფაქტორებიც უნდა იყოს, რომლებსაც ეროვნული ბანკი გულისმობს. ვფიქრობ, აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია ლარის განმტკიცებასთან და ხელის შემწყობი იმდენად იქნება, რამდენადაც დროის ხანგრძლივ პერიოდში არ იქნება დაფიქსირებული სესხი დოლარში, იქნება უფრო საშუალოვადიან ან მოკლე პერიოდში. ეს მეტ შესაძლებლობას იძლევა, რომ შემდგომში ლარში გაცემული იპოთეკური სესხები კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს”, - განუცხადა „რეზონანსს” თოქმაზიშვილმა.  

2021 წლის ოქტომბერში ფიზიკურ პირებზე 367 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გაიცა. აქედან 54%, ანუ 198 მილიონი ლარი ლარის იპოთეკებზე მოდიოდა, 170 მილიონი ლარი კი სავალუტო იპოთეკები იყო. ოქტომბერში ახალი იპოთეკების რაოდენობა 5,153 იყო, მათ შორის ლარის იპოთეკების რაოდენობა 4,509-ს შეადგენდა, სავალუტო იპოთეკების კი _ 644-ს. 

10 წელზე მეტი რაოდენობის ახალ იპოთეკებს შორის ოქტომბერში 121.3 მილიონი ლარის ეროვნული ვალუტის იპოთეკები და 131 მილიონი ლარის სავალუტო იპოთეკები გაიცა. შესაბამისად, 10 წელზე უფრო ხანგრძლივ იპოთეკებს შორის სავალუტო სესხები ჭარბობს, მაგრამ რაოდენობრივად ლარის სესხები 1,572 იყო, სავალუტო სესხები კი – 490. 

ცნობისთვის, 2019 წლის იანვრიდან 200 ათას ლარამდე სესხების აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×