,,მწვანე პასპორტებმა“ ტურიზმშიც საგრძობლად გააუარესა ვითარება
ირაკლი ლომიძე
09.12.2021

სამთო-სათხილამურო კურორტებზე წლევანდელი წინასასეზონო ვითარება იმედს ნამდვილად არ იძლევა.  სასტუმროების ნაწილი გახსნას ვერ ახერხებს,  ნაწილი კი  საახალწლო ჯავშნების კლებაზე საუბრობს. ამ მხრივ გარკვეული გავლენა ,,მწვანე პასპორტის“ შემოღების ვალდებულებაა. ვერ ვიტყვით, რომ მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა მოლოდინმა აშკარად ვერ გაამართლა, რასაც ,,რეზონანსთან“  სტუმარმასპინძლობის სექტორის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა, ოდნავ  უკეთესი მდგომარეობაა გუდაურში,  თუმცა მხოლოდ  ახალი წლის ხარჯზე, სეზონის სხვა პერიოდში სასტუმროებს შეკვეთები პრაქტიკულად არ აქვთ.

„გუდაური ლოფტის“ და „მესტია ინნის“ მმართველის მაია მურაჩაშვილის ინფორმაციით, 1-ლი დეკემბრიდან სასტუმროებში ზამთრის სეზონზე ჯავშნები მკვეთრად შემცირდა, რასაც იგი ქვეყანაში მწვანე პასპორტის ამოქმედებას უკავშირებს.

„მესტიაში ჯავშნების დიდი კლება გვაქვს, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად, განულებულია. არც მოთხოვნა ჩანს და არც გარანტირებული შეკვეთებია. გუდაურის სასტუმრო კი, სადაც, ძირითადად, დამსვენებლები უცხოელი ტურისტები არიან, ახალი წლისთვის თითქმის 100%-ით არის დაჯავშნილი, თუმცა 10 იანვრის შემდეგ დატვირთვა მცირდება. ეს, ალბათ, ახალი ვირუსების გავრცელებიდან გამომდინარეობს, რადგან უცხოელი ტურისტები ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უყურებენ და აქ კი მდგომარეობა იმ ნიშნულამდე ვერ ჩამოვიდა, რომ მწვანე ქვეყნის სტატუსი გვქონდეს“, - აღნიშნა  მურაჩაშვილმა.

მიუხედავად იმისა, რომ გუდაურში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, გამოწვევა სწორედ ,,მწვანე პასპორტებს“ უკავშირდება გაუმართავი აპლიკაციის გამო. ,,ხშირად კოვიდგადატანილი ადგილობრივები სისტემაში ვერ ხვდებიან, რიგ შემთხვევაში უცხოელი ვიზიტორის QR კოდებს ვერ ვკითხულობთ, რაც მათ გაღიზიანებას და პროტესტს იწვევს. ამ გამოწვევების წინაშე ვართ“, - განუცხადა "ბიზნეს მედიას" მურაჩაშვილმა.

რაც შეეხება სვანეთს, მდგომარეობა არაერთგვაროვანია, საოჯახო ტიპის სასტუმროებში ამ მხრივ გაცილებით რთული სიტუაციაა. ძირითადად, მსხვილი სასტუმროები არიან დატვირთული. სექტორი საახალწლოდ უცხოელ ტურისტებს გაუწევს მომსახურებას. სასტუმრო ,,უშბას“ დირექტორის თეა ჟორჟოლიანის თქმით, ადგილები უკვე დაჯავშნილია.

,,სტუმრებს დეკემბრის ბოლოს ველოდებით. შეკვეთები უკვე მივიღეთ, უკრაინელებისა და ბელორუსების ჯგუფი ჩამოდის. ცხადია, ,,მწვანე პასპორტის“ არქონის გამო ბევრმა შეიკავა თავი, წინასწარ გვეკითხებოდნენ, მივიღებთ თუ არა ამ დოკუმენტის გარეშე, უარის შემთხვევაში ბევრმაც გადაიფიქრა. მე პირადად ვარ მომხრე, რომ ტურისტი ვაქცინირებული იყოს და რეგულაციას ამ მხრივ პრობლემად არ მივიჩნევ. 

რაც შეეხება ადგილობრივ დამსვენებლებს, როგორც წესი, ისინი გვიან იჭერენ თადარიგს, რამდენიმემ მოგვმართა, მაგრამ ადგილები უკვე აღარ იყო. იანვრიდან შიდა ტურისტებიც გააქტიურდებიან, ველოდებით, რომ ტურიზმის სფეროში ვითარება ნელ-ნელა გამოსწორდება“, - განაცხადა თეა ჟორჟოლიანმა.

თუმცა, სასტუმროების უმეტესობას რეალურად ძალიან უჭირს და ჯავშნების დეფიციტს განიცდის. ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი სექტორისთვის საკმაოდ დიდი ბარიერია.  მესტიაში მდებარე სასტუმრო ,,ლილეს“ დირექტორის ტარიელ ნიგურიანის თქმით, მუშაობას ვერ აგრძელებენ, რადგან შეკვეთები, პრაქტიკულად, აღარ არის.

,,ახალი წელი ახლოვდება და დღესასწაულს ტურისტების გარეშე ვხდებით. შარშან ამ მხრივ უმძიმესი სიტუაცია იყო და არც წელს იგრძნობა უკეთესობა. შეკვეთები ამ დროისთვის არ გვაქვს. კონკრეტულ მაგალითზე ვამბობ, მაგრამ არც სხვაგან შეიმჩნევა აქტიურობა. როგორც ჩანს, პანდემიის გამო შეშინებულია მოსახლეობაც. ჩვეულებრივ პერიოდში ოქტომბრიდან იჯავშნებოდა ადგილები საახალწლოდ, სადღესასწაულო პერიოდი ჩავარდა, შეიძლება იანვრის ბოლოდან შეიცვალოს მდგომარეობა უკეთესობისკენ, ალბათ უფრო შიდა ტურისტების ხარჯზე“, - აღნიშნა ნიგურიანმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ანალოგიური მდგომარეობაა ბაკურიანში. ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, რომ გაზრდილი ხარჯის მიუხედავად, ფასები შეამცირეს კიდეც, რომ მცირე აქტივობა მაინც შეინარჩუნონ, თუმცა არც ეს იძლევა იმედს. როგორც  ,,რეზონანსთან“ სასტუმრო ,,ვერეს“ წარმომადგენელმა განაცხადა, სიტუაცია ჯერჯერობით უიმედოა. 

,,ქვეყანაში არის უმწვავესი პანდემია, ახლა ინფიცირების ზრდის ტემპით ერთ-ერთი მოწინავე ვართ მსოფლიოში. ასეთ სიტუაციაში ძალიან რთულია ვინმეს  საქართველოში შობა-ახალი წლის გატარება მოუნდეს. რამდენიმე შეკვეთაა და ისიც უკრაინელების ხარჯზე, ძირითადად, ისინი აქტიურობენ, ევროპიდან  იშვიათად, უფრო მაინც ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან არის მოთხოვნა, მაგრამ მიზერულ დონეზე. 

,,მწვანე პასპორტის“ ვალდებულებამ ამ მხრივ ნეგატიური კვალი დატოვა. ჯერჯერობით ადმინისტრაციული ბარიერი არ არის, თუკი სადმე  სისტემური ხარვეზია, თანდათან უფრო მოწესრიგდება და დაიხვეწება“, - განაცხადა სასტუმროს წამომადგენელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×