"სახელმწიფო დახმარებაზე ფიქრობს, ქვეყანას ისე არ დატოვებენ”
გვანცა წულაია
09.12.2021

რუსეთი ხორბალთან დაკავშირებით ბარიერს უკვე ყოველკვირეულად ქმნის, რის გამოც საქართველოში პურის გაძვირების საფრთხე მუდმივადაა. სპეციალისტები მთავრობას უკვე ჩარევას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათი ვარაუდი გამართლდეს. როგორც ირკვევა, ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, თუმცა დეტალები არ ხმაურდება. ასე თუ ისე საახალწლო დღესასწაულების ჩათვლით პურის ფასს არაფერი ემუქრება.

პურის გაძვირების საფრთხის წარმოქმნის მიზეზი რუსეთია. საქართველოს ექსპორტიორმა ქვეყანამ ხორბლის სექსპორტო გადასახადი კიდევ ერთხელ გაზარდა და ღირებულებამ ამჯერად 84.9 დოლარი შეადგინა, ორი დღის წინ კი 80.8 დოლარი ღირდა. საბაჟო გადასახადი გაზრდილია ქერზეც – 68.3 დოლარიდან 75.1 დოლარამდე. მხოლოდ სიმინდზე დარჩა უცვლელი საექსპორტო გადასახადი – 54.4 დოლარი. აღნიშნული გადასახადები 17 დეკემბრამდე იმოქმედებს და შემდგომ შესაძლოა, ღირებულებამ კიდევ ერთხელ მოიმატოს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო ტენდენცია ასეთია და მოლოდინიც მსგავსია შექმნილი. 

რუსეთმა მცურავი საბაჟო გადასახადი 2 ივნისიდან აამოქმედა და მას შემდეგ ხორბალის შემოტანა სულ უფრო და უფრო ძვირდება. ახლა ქვეყანაში რუსული ფქვილის შემოტანა უფრო იაფი ჯდება, ვიდრე შემოტანილი ხორბლისგან გადამუშავებული ფქვილი. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში ფქვილის ექსპორტმა მოიმატა, მაგრამ მეორე მხარეს ქართული წარმოებაა, წისქვილკომბინანტები. საჭიროა, მთავრობამ ოქროს შუალედის დაიჭიროს, რომ ქვეყანაში შედარებით იაფი პროდუქცია შემოვიდეს, რადგან პურის გაძვირების საფრთხე განეიტრალდეს და თანაც არც წისქვილკომბინანტები და იქ დასაქმებული ხალხი არ დაზარალდეს, ფქვილის ექსპორტის გაზრდის გათვალისწინებით. 

სწორედ მთავრობის ჩარევაზე საუბობს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა და აცახდებს, რომ ეკონომიკურმა გუნდმა ხორბლის ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს.  

“რუსეთში 84 დოლარს გადასცდა საექსპორტო ფასი. სამწუხაროდ, ეს საბოლოო ნიშნული არ არის და უახლოეს პერიოდში, კიდევ მოიმატებს იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში ელოდებიან კვოტირების რაოდენობის გასაზღვრას. ეს კი პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში მარცვლეულის ფასთან. 

ჩვენთან დამატებით კიდევ ერთი პრობლემა იჩენს თავს – ელექტროენეგიის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც პირველადი მოხმარების პროდუქციის წარმოების თანადაფინანსებას გულისხმობდა, მთავრდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ რაიმე გადაწყევტილება დროულად მიიღოს ეკონომიკურმა გუნდმა, რათა პურზე ფასის ზრდის დაზღვევა მოხერხდეს”, - განაცხადა სილაგავამ. 

მთავრობაში კი, ჯერჯერობით, არაფერს ამბობენ. მხოლოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა რამდენიმე ხნის წინ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საქმეში ჩაერეოდა. ეს დრო უკვე დადგა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა უარესი სიტუაციაა, ვიდრე მაშინ, როდესაც სახელმწიფო ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას თვეების განმავლობაში ახორციელდება. 

პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ახალ წლამდე პურის ფასს არაფერი ემუქრება, მაგრამ თუ ფქვილის შემოტანა შემცირდება, ეს პირველადი მოხმარების პროდუქციის ფასზე აისახება. 

“რუსეთის მიერ გაძვირების ბოლო ტალღა, რა თქმა უნდა, ხორბლის იმპორტს აზარალებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო ნამდვილად არ არის, მაგრამ ამავე დროს, მიმდინარეობს უკუპროპორციული პროცესი და ეს არის ფქვილის შემოტანა. იგი ისევ რუსეთიდან იყიდება ყოველგვარი დაბეგვრის გარეშე, რამაც მეპურეებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. ფქვილის იმპორტი 5-6-ჯერ გაიზარდა და ეს არის სრულიად ნორმალური ეკონომიკური პროცესი, ხორბლის გაძვირების პირობებში. 

დღეს წისქვილებში 1 ტომარა ფქვილი 70-71 ლარი ღირს და საბაჟოზე ფქვილის შემოტანა თუ შემცირდება, მისი ღირებულება მაშინვე მოიმატებს და მერე გვექნება თავში ხელი სარტყამი, რადგან ეს აუცილებლად აისახება პურის ფასზე. ვერ ვიტყვით, რომ ახლა გაძვირების საჭიროებაა, რადგან ფქვილის შემოტანის საშუალება არის. ალბათ, ახალ წლამდე ასეც გაგრძელდება. შემდგომ კი, არის ასეთი პროცესები, შესაძლებელია ამერიკული დახმარება იყოს – გეგმაში არის, რომ ხორბალი შემოვიდეს და ჩვენმა წისქვილებმა იმუშავოს და ასე მივიდეთ იქამდე, როდესაც ხორბლის მოსავლის აღების დრო მოახლოვდება. მაშინ უკვე ფასი დაბლა ჩამოდის. 

ერთადერთი მთავრობა თუ ჩაერევა იმაში, რომ ქართულმა წისქვილებმა იმუშავოს და როგორც ვიცი, ამ საკითხზე მსჯელობენ კიდეც. შეიძლება მათ ხორბალი შემოიტანონ, შეისყიდონ და ასევე სუბსიდირებაც განახორციელონ, რომ ხორბალი შემოატანინონ და შემდეგ გადაამუშავონ. არის მთელი რიგი პროცესები და ალბათ, სახელმწიფო ამაზე ფიქრობს. ქვეყანას ისე არ დატოვებენ”, - განაცხადა “რეზონანსთან” დოლიძემ. 

ხორბლის საექსპორტო გადასახადის გაძვირებასთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა, ამჯერად ქვეყნის შიგნით. მალე, საწარმოებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირება პროგრამა დასრულდება. მალხაზ დოლიძემ იმედოვნებს, რომ სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამას გააგრძელებს.  

“მალე ელექტროენერგიის სუბსიდირება დასრულდება და მეპურეებს იმედი აქვთ, რომ გაგრძელდება, რადგან პურპროდუქტებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს”, - დასძინა პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარემ.

სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობაზე საუბრობს კიდევ ერთი სპციალისტი, შპს “ლომთაგორას” ხელმძღვანელი კახა ლაშხი, რომელიც ითხოვს, რაიმე გზა გამოინახოს. 

“სახელმწიფო, რა თქმა უნდა, უნდა ჩაერიოს, გზა უნდა გამოინახოს. სუბსიდირების პროგრამა არ არის პრობლემის გადაწყვეტა, ეს დროებით ეფექტს იძლევა და არა გრძელვადიანს. ალბათ, უფრო უპრიანი ადგრილობრივი წარმოების განვითარებაში ჩარევა და მისი გაძიერება. სახელმწიფოში სტრატეგიული რეზერვები უნდა შეიქმნას”, - განუცხადა “რეზონანსს” კახა ლაშხმა. 

2021 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 78.6 მილიონი დოლარის ღირებულების 318 657 ტონა ხორბალი და მესლინი შეიძინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ღირებულებაში 10.9%-ით ნაკლებია, ხოლო საქონლის მოცულობით კლება 21.8%-ია. პარალელურად, 2021 წლის 10 თვეში ხორბლის ფქვილის იმპორტი გაიზარდა, იანვარ-ოეტომბერში საქართველომ 6.8 მილიონი დოლარის ღირებულებას 22 451.86 ტონა ფქვილის იმპორტი განახორციელა, რაც გასული წლის ღირებულების 167.9%-ით, ხოლო მოცულობით 146.9%-ით აღემატება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×