"დიდი ალბათობით ტექინსპექტირების ცენტრებში 2022 წლიდან მიმართვიანობა გაიზრდება"
რეზონანსი
13.12.2021

2022 წელს ავტომფლობელებს არანაირი ახალი ვალდებულებების შესრულება არ მოუწევთ. საამისოდ მზად ვერც მთავრობა აღმოჩნდა და ვერც - მოსახლეობა.  შესაბამისად, ავტომობილების ინსპექტირების ცენტრში რამდენიმე რეგულაცია ერთბაშად გადავადდა. მართალია,  მძღოლებს მანქანების წესრიგში მოყვანის ხარჯი არ გაეზრდებათ, თუმცა არსებული ვალდებულებების შესრულება შეიძლება მკაცრად მოეთხოვოთ. აქედან გამომდინარე, ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა მოიმატებს. რაც შეეხება რეგულაციების გადავადებას, სპეციალისტების განცხადებით, ავტომფლობელების 50%-ზე მეტი ამისთვის მზად არ იყო, ცალკეც პანდემიური მდგომარეობა გაითვალისწინეს და  მთავრობამ ზომები არ გაამკაცრა.

როგორც ცნობილია, 2022 წლის იანვრიდან ავტომობილში სავალდებულო აღარ იქნება  ცეცხლსაქრობის, გამაფრთხილებელი სამკუთხედის, ხმაურის ჩამხშობი სისტემისა და ჩამკეტების, გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობის ქონა. რეგლამენტში შესული ცვლილებით, მძღოლებს ეს ვალდებულება მინიმუმ 2023 წლამდე არ ექნებათ. 

შპს "ავტოტესტ ჯორჯიას" დირექტორის ვაჟა იორდანაშვილის ინფორმაციით, კონკრეტულად  კატალიზატორის ნაწილში  ვალდებულების შესრულების სირთულეს ხარჯი წარმოადგენს, რის გათვალისწინებითაც მთავრობამ რეგულაციები გადაავადა, თუმცა  იგივე  გადაწყვეტილებაა მიიღო  სხვა ვალდებულებებთან დაკავშირებითაც და მძღოლები 2022 წლის განმავლობაში ახალი ვალდებულებებისგან სრულად გათავისუფლდებიან.

,,2022 წლიდან კატალიზატორის ვალდებულება ისედაც არ იყო, მაგრამ მოთხოვნა იყო  გამონაბოლქვის შემცველობის ნორმის დაცვა. ზღვარი 2021 წელს თუ 0,6%-ს შეადგენდა, 2022 წლიდან 0,5% უნდა გამხდარიყო. კანონი რომ ამოქმედდეს, დახარვეზდება ავტომობილების რაოდენობა 50%-ზე მეტი, რაც მთავრობამ გაითვალისწინა. დიდი ალბათობით, ამის გამო არ გაამკაცრეს და გაწელეს რეგულაციების შემოღების დრო. გამოდის, რომ 2022-დან 2023 წლამდე მძღოლებისთვის არაფერი არ  შეიცვლება. ფაქტობრივად, არანაირი ვადებულება არ არის, მათ შორის, ცეცხლმაქრი, უსაფრთხოების სამკუთხედი, სააფთიაქო ყუთი და სხვა ვალდებულებაც გადავადდა. 

სამაგიეროდ, არსებულ რეგულაციებზე ადმინისტრირება გამკაცრდება, რაც გვაფიქრებს, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში 2022 წლიდან მიმართვიანობა გაიზრდება. 2021 წელს რეგისტრირებული 1,3 მილიონი მანქანიდან 500 000-მა ამ სერვისით ისარგებლა, გაისად მათი რაოდენობა  ალბათ 700 000 გახდება. რეგულაციები ერთია, მაგრამ მნიშვნელოვანია, სახელმწიფო მეტად იყოს ინსპექტირების პროცესში ჩართული.  რეფორმა რომ  წარმატებული გახდეს, ერთ-ერთი პირობა რეგულაციების აღსრულებაა, სწორედ ამისკენ უნდა მივმართოთ ყურადღება“, - განაცხადა იორდანაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

მართალია, სასწორის ერთ მხარეს ეკოლოგიური უსაფრთხოებაა, მაგრამ ასევე დიდ პრობლემას ქმნის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა. ცნობილია, რომ ვალდებულების შესრულება საკმაოდ დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული, ხოლო უმუშევრობისა და შემოსავლების შემცირების ფონზე ამის შესაძლებლობა ბევრს არ აქვს.

როგორც ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტმა, ნოდარ რამიშვილმა აღნიშნა, მთავრობამ რეგულაციების გადადებისას სწორედ მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა გაითვალისწინა, თუმცა პარალელურად გაძლიერდება სტანდარტის კონტროლი, რაც მომავალი ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობას გაზრდის.

"ახალი მოთხოვნები 2022 წლიდან რომ ამოქმედებულიყო, მძღოლების 70%-ს შეიძლება ვერ გაეძლო ამ წნეხისთვის. ცხადია, მოქალაქეების ფინანსური მდგომარეობა გაითვალისწინეს. გათვალეს ისიც, რომ ზომების გამკაცრება გამოიწვევდა უკმაყოფილებას, ხოლო არეულობა არავის აწყობს. საბოლოოდ კი გადაწყდა რეგულაციების გადავადება. მართალია,  კატალიზატორის ქონის ვალდებულება ეხება ავტომობილებს, რომლებიც 2022 წლის 1-ლი იანვრიდან გაივლიან რეგისტრაციას, მაგრამ ამას  სტანდარტი ისედაც ითვალისწინებს, ახალ მანქანებს კატალიზატორის გარეშე მუშაობა არც შეუძლიათ.  

აღსანიშნავია, რომ მანქანების უმეტესობა გაზზეა გადაყვანილი. 1 კუბ/მ-ზე გამოიყოფა 1,6 მლ წყალი. იგი როგორც კი ხვდება კატალიზატორში, შლის მასალას და ძრავი ზიანდება, რადგან  ნამწვ აირს ვეღარ ატარებს. ფაქტობრივად 6 თვის შემდეგ ყველა ითხოვს კატალიზატორის ამოღებას, ვისაც მანქანა გაზზე ჰყავს. გარდა ამისა, შესაცვლელია ტექნიკური პასპორტი, რაც ცალკე თანხასთან და დისკომფორტთან არის დაკავშირებული. 

ახლა საკმაოდ მშვიდი წელი ელით მძოლებს, თუმცა არსებული რეგულაციების შესრულება მოუწევთ, რაც ტექინსპექტირების ცენტრებზე მოთხოვნას გაზრდის, სხვა მხრივ 2022 წელს რაიმე არსებით ცვლილებას არ ველოდებით“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ნოდარ რამიშვილმა.

კატალიზატორთან დაკავშირებით რეგულაციების გადავადება  „ბიზნეს-რეზონანსთან" ნეგატიურად შეაფასა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო ექსპერტმა გელა კვაშილავამ, რომელიც მიიჩნევს, რომ ეს ცალსახად უარყოფითი შედეგის მომტანი იქნება.

„საქართველოსთვის ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს ავტოპარკის განახლება, სუფთა ტრანსპორტის წახალისება, რაც ზოგადად, კანონმდებლობის დახვეწის გზით მიიღწევა. ამ მხრივ კატალიზატორის ქონის ვალდებულების ამოქმედება პრინციპულად აუცილებელი პირობა იყო და მისი გადავადება ეკოლოგიური თვალსაზრისით, დიდი ზიანის მომტანია.  გარემოს უსაფრთხოება, სუფთა ჰაერი ჩვენი დროის მთავარი გამოწვევაა. 

მესმის, რომ რეგულაციის აღსრულება მოქალაქეების მხრიდან გარკვეულ ხარჯს მოითხოვს, მაგრამ  პარალელურად ფინანსურ რესურსზე წვდომა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, უსაფრთხო გარემოს კუთხით ნაბიჯი ვერ ვგადავდგით, რაც საბოლოოდ სერიოზულ პრობლემას გამოიწვევს, განსაკუთრებით ჯანდაცვაში, რადგან დაბინძურებული გარემო უამრავი დაავადების გამომწვევია", - განაცხადა კვაშილავამ.

აღსანიშნავია, რომ მომავალი წლიდან კატალიზატორის ვალდებულება შეეხება მხოლოდ იმ ავტომობილებს, რომლებიც პირველად რეგისტრაციას გაივლიან 2022 წლის 1-ლი იანვრიდან. ცვლილების შედეგად, მომავალი წლიდან CO-ს დასაშვები ნორმა კვლავ 0.6% იქნება. გამკაცრება კი ეტაპობრივად მოხდება. კერძოდ, ეს ნორმა 2023 წლიდან - 0,55% იქნება; 2024 წლიდან - 0,5%, ხოლო უკვე 2025 წლიდან მაღალბრუნიან ძრავის მქონე ავტომობილებში (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0,3%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×