ახლა ყველაზე მეტად ეკონომიკის მინისტრის სავარძელია შერყეული
სანდრო მდივანი
13.12.2021

პრემიერის ცვლილების შემდეგ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, თითქმის სრულად შეცვალა. ვინ იქნება შემდეგი და დასრულდება თუ არა ცვლილებები ეკატერინე ტიკარაძის პოსტიდან წასვლით? როგორც ჩანს, ძველი მინისტრების მიერ თანამდებობის დატოვების პროცესი აგრძელდება. ფაქტია, რომ ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტიდან მხოლოდ ლევან დავითაშვილი გამოარჩია და გაავიცეპრემიერა, დანარჩენები ნელ-ნელა ცლიან თავიანთ კაბინეტებს. ,,ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი, ვისაც ცვლილებები შეეხება.

ირაკლი ღარიბაშილმა მეორედ გაპრემიერების შემდეგ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, თითქმის მთლიანად შეცვალა. გამონაკლისი ამ მხრივ ორია - ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.

ახალი პრემიერის მოსვლიდან პირველივე დღეს მინისტრის პოსტი დატოვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა. რამდენიმე თვეში შეიცვალა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც. ბოლოს კი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე გადადგა, რაც პანდემიის პირობებში წარმოუდგენელ ცვლილებაც ითვლებოდა. აქამდე პოსტს მყარად ინარჩუნებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილია, რომლის პოლიტიკა და ხედვები, როგორც ჩანს, იმდენად ემთხვევა ახალი პრემიერის შეხედულებებს, რომ ღარიბაშვილის მეორედ მოსვლას, მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა მოჰყვა.

მთავრობის კაბინეტში ცვლილებასთან დაკავშირებით მედიაში რამდენიმე ვერსია გავრცელდა: ეკატერინე ტიკარაძის შემდეგ შესაძლოა, თანამდებობა დატოვონ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ. ამ უკსნასკნელმა კითხვას - მოსალოდნელია თუ არა მისი გადადგომა - ირიბად უპასუხა და თქვა, რომ მთავრობის კაბინეტში ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილებებს ირაკლი ღარიბაშვილი იღებს.

„სამთავრობო გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერ-მინისტრი, ჩემთვის არ არის ცნობილი რომ უახლოეს პერიოდში რაიმე სხვა იგეგმებოდეს, თუმცა ეს პრემიერის პრეროგატივაა“, – განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრი ამტკიცებს იმასაც, რომ მისი გადადგომა უახლოეს მომავალში არ იგეგმება, თუმცა რა დროა ეს უახლოესი მომავალი, რთული სათქმელია. მით უფრო, რომ გადადგომის წინ ყველა მინისტრი და თვით პრემიერი გახარიაც ამტკიცებდა, რომ ხმები, მათი გადაყენების შესახებ გადაჭარბებული იყო.

„ის ჩიტი, რომელსაც თქვენთან მოაქვს ჩემი გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ბოლო სამი წლის განმავლობაში ერთი 10-ჯერ უკვე შეცდა და ჩამოწერეთ ეგ ჩიტი. რას მელაპარაკებით. ეს ინფორმაცია თქვენ გორიდან ხომ არ გაქვთ, ჰოსპიტლიდან ან სად იგეგმება ეს თქვენი ფანტაზიები. ჩემს გადადგომას ვერ ეღირსებით უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ თურნავამ.

ექსპერტებში კი ფიქრობენ, რომ მინისტრების შეცვლა პრობლემას ვერ მოაგვარებს, სანამ თვითონ მინისტრი გადაწყვეტილებების მიმღები პერსონა არ გახდება. ეს კი, როგორც ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი განმარტავს, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირობებში შეუძლებელია.

,,ჩვენ იმდენად პერსონების პრობლემა არ გვაქვს, უფრო სისტემური მანკიერების, რადგან მართვის ალგორითმი არის აბსოლუტურად გაუგებარი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს და მერე შესაბამისად პასუხისმგებლობას იღებს. მმართველობის სტილი ისეა მოწყობილი, ხვალ ყველა მინისტრი რომ გაუშვან, თუნდაც მთელი პოლიტიკური ელიტა და ქუჩიდან მოიყვანონ ხალხი, შეიძლება, ეს ვერც გავიგოთ.

ორი პრემიერ-მინისტრი წავიდა, მაგრამ ორ დღეში არც ერთი გვახსოვდა და არც - მეორე. დაახლოებით ამ სიტუაციაში ვართ. შესაბამისად, მსჯელობა, რომ ვიღაც სუსტია და ვიღაც - კარგი, საღ აზრს მოკლებულია", - განაცხადა ხუხაშვილმა  ,,ბიზნეს-რეზონანსთან" და დასძინა, რომ არ არის განცდა, მინისტრები დამოუკიდებლად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და საქმეს აკეთებდნენ.

ნათია თურნავას გადადგომის მოლოდინს აჩენს პრემიერის განცხადებაც, რომ ბენდუქიძის კადრების დრო ქართულ პოლიტიკაში დამთავრებულია. თურნავა კი, ნამდვილად არის ბენდუქიძის კადრებიდან ერთ-ერთი. გარდა ამისა, მის კისერზეა სკანდალური ხელშეკრულების ხელმოწერაა ნამოხვანჰესის მაშენებელ კომპანია ,,ენკასთან“, რომლის გამოც რიონის ხეობის მცველები მის გადადგომას რამდენიმე თვეა განუწყვეტლივ ითხოვენ.

პერსონალიების ცვლა, სამწუხაროდ არ შეცვლის სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას, - ასეთია ანალიტიკოს ზვიად ზორგუაშვილის პოზიცია.

,,ბოლო 9 წელია ვავირდებით, როგორ იცვლებიან მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, თუმცა არ იცვლება ძირითადი პოსტულატები და მიმართულებები. 2013 წლიდან სულ იზრდება ბიუჯეტის დეფიციტი, საგარეო ვალი, საჯარო მოხელეების რაოდენობა, სახელმწიფო ტენდერები და ეს ტენდენცია სულ მზარდია. თუ ისევ, შეიცვლება ეკონომიკის მინისტრი ან სხვა ვინმე გუნდში, ისევ იმავე ცვლილებას ველი. მიზეზი მარტივია, "ქართული ოცნების" გუნდში თავად გადაწყვეტილების მიღების უნარიანი ადამიანები არ არიან. ეს არის მთავარი და არა ის, რა ერქმევა რომელიმე მინისტრს ან მის მოადგილეს, - განაცხადა ზვიად ხორგუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×