„იმპორტშიც და რეექსპორტის მიმართულებითაც ვითარება გამოსწორებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა“
რეზონანსი
14.12.2021

საავტომობილო ბიზნესში მდგომარეობა, 2020 წელთან შედარებით, გამოსწორდა, თუმცა პანდემიამდელ ნიშნულზე დასაბრუნებლად ბიზნესს ძალები, ჯერჯერობით, არ ჰყოფნის. ავტოიმპორტიორების შეფასებით, ბაზარი დიდი დატვირთვით ახლაც ვერ მუშაობს, მაგრამ გაუმჯობესება ნამდვილად იგრძნობა. როგორც აღმოჩნდა, იმპორტი არ შეჩერებულა არც პანდემიის დროს, შესაბამისად, როგორც იმპორტში, ასევე რეექსპორტშიც ზრდაა, თუმცა ბიზნესი ვითარდება ინერციით, თანაც წლევანდელი წელი საავტომობილიო ბიზნესისთვის განსაკუთრებით მაღალი ფასებით გახდა გამორჩეული.

კომპანია „რობანი მოტორსის“ დამფუძნებლის, ელგუჯა ჯამაგიძის ინფორმაციით, გლობალურ ბაზრებზე მანქანები მასობრივად გაძვირდა, როგორც ახალი, ასევე მეორეულიც, რაც ადგილობრივ ბაზარზეც აისახა კიდეც. კერძოდ, ევროპაში ავტომობილების ფასმა  15-18%-ით მოიმატა.

„საავტომობილო ინდუსტრიისთვის წლევანდელი წელი მრავალმხრივ საინტერესო იყო. ინერციით იზრდებოდა ბაზარი და ეს ტენდენცია, ჯერჯერობით, გრძელდება.  შეიცვალა ის, რომ ინდივიდუალურმა შეკვეთებმა აზიის მიმართულებით მოიმატა.  ვერ გეტყვით,  კონკრეტულად  რამ გამოიწვია, მაგრამ  ფაქტია, რომ ამან სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოასწორა. კარგი იქნებოდა, რომ მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის შედეგი იყოს,  ბაზარს უფრო დაეტყობოდა. ნებისმიერ ქვეყანაში ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა,  საქართველოს გარდა. 

ბიზნესი სიტუაციას შეძლებისდაგვარად თვითონ აგვარებს. ცალკე საკითხია ფასიც.  ევროპასა და აშშ-ში ავტომობილების ღირებულება გაზრდილია, დაახლოებით, 15-18%-იანი სხვაობაა. რაც შეეხება რეალიზაციას, მცირედით მოიმატა შარშანდელთან შედარებით, თუმცა 2019 წლის მონაცემს ბევრად ჩამორჩება. ახლა ყველა იმას ცდილობს, რომ პანდემია ნაკლები დანახარჯით გადაიტანოს, ამიტომ ფუფუნებაზე არავინ ფიქრობს”, - განაცხადა „რეზონანსთან“ ჯამაგიძემ.

ავტოიმპორტიორების ნაწილი ამბობს, რომ პანდემიის დასრულების შემთხვევაში ბიზნესს, მინიმუმ, 1 წელი დასჭირდება მდგომარეობის მეტ-ნაკლებად დასალაგებლად. კომპანია „იამოტოს“ ხელმძღვანელის, პაატა მაისურაძის თქმით,  სახარბიელო ვითარება ნამდვილად არ არის, მაგრამ, შარშანდელთან შედარებით, ბაზარი უფრო ადაპტირებულია.

„იმპორტშიც და რეექსპორტის მიმართულებითაც ვითარება გამოსწორებულია, მაგრამ  ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა. არსებული სიტუაცია არ არის ისეთი, რაზეც იმედს დაამყარებ. საქართველოს მდგომარეობიდან და ზოგადად, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ავტომობილებზე მოთხოვნა მუდმივად არ შეიმჩნევა, თუმცა ფასები გაზრდილია. ლოგისტიკაზე, განსაკუთრებით აზიის მიმართულებით ტრანსპორტირებისა და გადაზიდვების მხრივ, ფასები გასამმაგებულია, რაც ავტობიზნესზე პირდაპირ ისახება“, - აღნიშნა მაისურაძემ.

გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა მსხვილ კომპანიებში, სადაც ამბობენ, რომ იმპორტში პრობლემა დაძლეულია და რეალიზაციის მხრივაც მაჩვენებლები მკვეთრად არის გაუმჯობესებული. „კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელის, გიორგი სურგულაძის თქმით, იმპორტი გაზრდილია არა მხოლოდ 2020, არამედ 2019 წელთან შედარებითაც. 

„მთელი ბიზნესის სახელით ვერ ვისაუბრებ, თუმცა ჩვენი კომპანიის მდგომარეობა ნამდვილად სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ რეალიზაციაში სერიოზული ზრდაა, განსაკუთრებით _ რეექსპორტში. „კავკასიის ავტოიმპორტის“ წილი ბაზარზე 30-40%-ის ფარგლებში მერყეობს. 

რაც შეეხება იმპორტს, უკვე 50%-იანი მატებაა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში. მყარად ავითვისეთ უკრაინის ბაზარი, სადაც საკმაოდ სოლიდური წილი გვიჭირავს. რეექსპორტზე გავდივართ ასევე აზერბაიჯანის, სომხეთისა და შუა აზიის ბაზრებზე, თუმცა ბევრი სამუშაოა გასაწევი, რომ ეს მოცემულობა შევინარჩუნოთ", - განუცხადა სურგულაძემ „რეზონანსს“.

„საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ოქტომბერში უმსხვილეს საექსპორტო ჯგუფში ავტომობილები მეორე პოზიციაზე იყო. კერძოდ, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა 373 289.6  მლნ დოლარი  შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×