„არ შეიძლება, კერძო სექტორი სულ შეზღუდული იყოს, ამ გზით სიტუაციის გამოსწორება არ ხდება“
გვანცა წულაია
14.12.2021

საქართველოს ახალი საფრთხე ემუქრება _ ეპიდემიოლოგები უკვე ყოველდღიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქვეყანაში „ომიკრონის” ტალღა გარდაუვალია. ჯანდაცვის სისტემა საფრთხეს უკვე გრძნობს. „რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რა ელის ეკონომიკას და როგორი მოლოდინი აქვს ბიზნესს, გრძნობს თუ არა კერძო სექტორი შეზღუდვის საშიშროებას?

ევროპის არაერთ ქვეყანაში „ომიკრონის” გავრცელების გამო, რეგულაციები უკვე წესდება. მაგალითად, საფრანგეთსა და ნორვეგიაში შეზღუდვები მკაცრდება სკოლებთან, რესტორნებთან, ბარებთან, ღამის კლუბებსა და საცურაო აუზებთან მიმართებით. 

ეპიდემიოლოგები ახალ შტამს იმდენად მძიმედ ახასიათებენ, რომ გამორიცხული არაა, რეგულაციებზე ანდა წერტილოვან შეზღუდვებზე საუბარი საქართველოშიც დაიწყოს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში „მწვანე პასპორტის” სისტემა მუშაობს, რაც თავისებურ შეზღუდვას უკვე ნიშნავს კიდეც, თანაც _ მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. 

კერძო სექტორის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ შეზღუდვებზე საუბარიც კი დამღუპველია ბიზნესისთვის. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის დირექტორი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, კერძო სექტორი სულ შეზღუდული იყოს, ამ გზით სიტუაციის გამოსწორება არ ხდება.  

„ბიზნესი საფრთხეს იგრნობს იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ვირუსის ძალიან მაღალი გავრცელება და თუ არ გაიზარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. წინასწარ საუბარი ძნელია, თუმცა ვხედავთ, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება და იწვევს მაღალ ავადობას. ბიზნესზე ეს უარყოფით გავლენას მოახდენს იმ კუთხით, რომ ბევრი ადამიანი გვეყოლება ინფიცირებული და, გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ გარდაცვალების მაჩვენებელიც გაიზარდოს. 

რაღაც გარდამტეხ პრობლემას ვერც „ომიკრონი" შექმნის, რადგან გვესმის და ალბათ, ასეც იქნება, რომ დამატებითი რეგულაციები არ ამოქმედდება. არ მგონია, ახალი შტამი ბიზნესისთვის დიდი დარტყმა იყოს, ეს უფრო მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გააუარესებს.  

თუ ეკონომიკისა და ბიზნესის კუთხით შევხედავთ, სხვა გამოსავალი არ არსებობს. „მწვანე პასპორტებით“ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ადამიანებს აცრას ვერ ვაიძულებთ და, ამავდროულად, მუდმივი რეგულაციებიც შეუძლებელია. არ შეიძლება, რომ კერძო სექტორი სულ შეზღუდული იყოს. ამით სიტუაციას ვერ მოვაგვარებთ. ერთ დღეს შეზღუდვებით ეპიდსიტუაციას ვუშველით, თუმცა ეკონომიკას დავაზარალებთ, მაგრამ რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ ისევ გაიზრდება ინფიცირების მაჩვენებელი და ეკონომიკა დარჩება დაზარალებული. 

თუ რაღაც კატასტროფა არ მოხდა და იმედს ვიტოვებ, რომ კრიტიკული სიტუაცია არ შეიქმნება. ალბათ, აღარც იქნება საჭირო დამატებით შეზღუდვებზე საუბარი. უნდა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად ცხოვრება და ალბათ, მოსახლეობაც უფრო აქტიურად აიცრება”, - განუცხადა „რეზონანსს” კაპანაძემ. 

საქართველოში ახალი შტამით ინფიცირება, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ ეს გარდაუვალია და, სავარაუდოდ, ეს დეკემბრის ბოლომდე მოხდება. საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე არ ელის, რომ ახალი შტამის გავრცელების შემთხვევაში, ბიზნესისთვის რაიმე რადიკალურად შეიცვლება. 

„მოლოდინი იმისა, რომ ახალი შტამი რაღაცას სერიოზულად შეცვლის, არც მე მაქვს და არც ბიზნესს. შეიძლება, „ომიკრონი” სწრაფად გადამდებია, მაგრამ ბიზნესში დასაქმებულების დიდი ნაწილი ვაქცინირებულია, მათ შორის _ უკვე სამჯერაც და თანაც, ლეტალობა არის დაბალი და შეიძლება, ნელ-ნელა გადავიდეთ იმ რელსებზე, რასაც ჰქვია სეზონური შემთხვევები. ამ კუთხით რაღაც განსაკუთრებული შიში და მოლოდინი არ არის. თავისთავად რისკი, რომ თუკი სიტუაცია უმართავი გახდა, მაღალი ინფიცირებიდან გამომდინარე, ამას შეიძლება, მოჰყვეს დამატებითი შეზღუდვები, არსებობს. ამიტომ, სანამ ასეთი ტიპის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით, გონივრულად მივხედოთ ვაქცინაციას. 

„მწვანე ბარათები” არის აუცილებელი, მაგრამ მას, ჯერჯერობით, ვერ ვხედავ იმ ფორმით, რა ფორმითაც ვისურვებდი. თუკი ვითარება დამძიმდება და შეზღუდვების წინაშე აღმოვჩნდებით, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ ექნებათ „მწვანე ბარათები”, ალბათ, გაჩნდება დამატებითი იმპულსი და აცრილთა რაოდენობა გაიზრდება.

ზოგადად კი, სანამ რაიმე ტიპის შეზღუდვას დავაწესებთ, ალბათ, გონივრული იქნება, გავაფართოვოთ პროგრამა. საპენსიო ასაკის ადამიანებში ვაქცინაციის ტემპი მაღალია, თუნდაც იმიტომ, რომ 200 ლარზეა საუბარი, შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ იყოს უფრო წამახალისებელი პირობები სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის”, - განუცხადა „რეზონანსს” ლევან ვეფხვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×