ხალხი მასობრივად იაფფასიან საკვებზე გადაერთო და ეს სამომავლოდ დიდ პრობლემებს გააჩენს
თიკა სიბოშვილი
15.12.2021

იმპორტიორები საახალწლოდ პროდუქტების გაძვირებას ელოდებიან, არადა, ქვეყანაში მდგომარეობა ნელ-ნელა სტაბილურდება. მიზეზები, რომელთა გამოც სურსათზე თითქოს ფასი უნდა გაიზარდოს, გამოსწორების პირასაა: ლარმა გამყარება დაიწყო, ხოლო საწვავმა - გაიაფება. ბოლო რამდენიმე თვეა, სიძვირის გამო, ხალხმა იაფი საკვების შეძენა დაიწყო, რაც რისკის ქვეშ აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას. ახლა გასარკვევი ისაა, გაგრძელდება თუ არა გაძვირება წინასაახალწლოდ და რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მომხმარებელი.

საქართველოში სურსათზე ფასები ყოველდღიურად იზრდებოდა, თუმცა ახლა არსებობს იმედი იმისა, რომ დასტაბილურებულმა მდგომარეობამ ეს პროცესი შეაჩეროს. როგორც ექსპერტმა მადონა კოიძემ აღნიშნა, სურსათის გაძვირებამ მოსახლეობაზე საგრძნობლად იმოქმედა, პრობლემა შეექმნა სამომხმარებლო კალათასაც, რაც საბოლოოდ ცუდად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

„დაბალფასიანი პროდუქტი არ ნიშნავს, რომ სურსათის უვნებლობის პარამეტრები დარღვეულია. ფასთან მიმართებაში თუ ხარისხზე გვაქვს საუბარი, ამას თვითონ მომხმარებელი ირჩევს.

სურსათის გაძვირების შემდეგ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან საქართველოში, სამწუხაროდ, სამომხმარებლო კალათა ისედაც ძალიან მწირეა და ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებსა და ნორმებს, რომელთა მიხედვითაც ჯანსაღმა ადამიანმა სრულყოფილად იცხოვროს და იყოს შრომისუნარიანი.

ახლა კიდევ უფრო „გაღარიბდა" სამომხმარებლო კალათა, მსყიდველუნარიანობა დაეცა და, აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, იმუნიტეტზე, საბოლოოდ კი _ მომავალ თაობაზე. აუცილებელია, მოზარდმა სრულყოფილად იკვებოს და მიიღოს ყველა საჭირო ელემენტი, რადგან თუ ეს ასე არ იქნება, ზრდასრულ პერიოდში ეს ყველაფრი დაღს დაასვამს მის ჯანმრთელობას“, - აღნიშნა კოიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

პანდემიამ მსოფლიო მოულოდნელი, საკმაოდ მწვავე პრობლემების წინაშე დააყენა, რასაც დაემატა  საკვებ პროდუქციაზე  ფასების ზრდა. ასეთ მდგომარეობაში დისტრიბუტორები ორიენტირებულნი უნდა ყოფილიყვნენ პროდუქციის გაიაფებაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. ბოლო პერიოდისგან განსხვავებით, ლარი მყარდება და გუშინ დოლართან მიმართებით 3.09 შეადგინა, ასევეა საწვავიც, თავიდან სტაბილურად იყო, ახლა კი 10-15 თეთრით გაიაფება დაიწყო. ფაქტია, ქვეყანაში აღარ არსებობს არანაირი საბაბი იმისა, რომ სურსათის ფასმა ზრდა განაგრძოს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ეტიკის“ დირექტორი ამირან შენგელია მიიჩნევს, პროდუქცია, რომელსაც საზოგადოება სურსათის შემდეგ ყიდულობს, ფალსიფიცირებულია, იაფფასიანი პროდუქტი კი არ ნიშნავს მყიდველზე ზრუნვას, ეს არის გამყიდველის სარგებელი.

„იაფფასიანი პროდუქცია, რა თქმა უნდა, ცუდია. ზოგდად რის ხარჯზე უნდა გაიაფდეს საქონელი? მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ 100 ლიტრ რძეში 100 ლიტრი რძე უნდა იყოს, ახლა ასე არ არის, ჩაასხამენ 50 ლიტრ წყალს და აბევრებენ ასე. ანალოგიურად არის პურსა და ყველზეც. გამოდის, რომ ფალსიფიცირებულს აკეთებენ.

როდესაც პროდუქცია ძვირდება, მოსახლეობას მისი ყიდვის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ უწევს იმ მავნე პროდუქტების შეძენა, რომლებიც იყიდება მაღაზიებში. 10 პროდუქტიდან  9 ორგანიზმისთვის საშიშია, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ კუჭს ამოგივსებთ. რადგან მაღაზიებში იაფად ყიდიან საკვებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაც თქვენზე ზრუნავს, პირიქით, ის თავის თავზე ზრუნავს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას შენგელიამ.

მიუხედავად იმისა, რომ სურსათის გაძვირება მოსახლეობასა და, იმავდროულად, ბიზნესზე ცუდად მოქმედებს, ფაქტია, პროცესი არ ჩერდება. აშკარაა, რომ მდგომარეობიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს, საბოლოოდ უნდა შეწყდეს ფასების ზრდა და მოსახლეობას უნდა მიეცეს სრულფასოვნად კვების შესაძლებლობა.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონიას აზრით, წლის ბოლოსთვის ფასებთან მიმართებით რადიკალური ცვლილებები არ იქნება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი გაძვირდება.

„წლის ბოლოსთვის რადიკალური ცვლილებები გველის, მაგრამ საექსპორტო ბაზრებზე ფასები შეცვლილია, მაგალითად, ზეთზე. ეს არის გადასახადიდან გამომდინარე, რომელიც  დააწესა რუსეთმა, ასევეა ხორბალთან დაკავშირებითაც. ლოგიკურია ეს ყველაფერი და ერთმანეთთან ბმაშია. გამოდის, რომ,  მოთხოვნიდან გამომდინარე, არასეზონური პროდუქტი, რომელიც შემოდის, სამწუხაროდ, ძვირდება", - აღნიშნა ჭყონიამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

„საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.5% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.1% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.1 პროცენტით განისაზღვრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×