"ვერ ვხედავ საფუძველს, რომ სათამაშო ბიზნესმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლოს. საბოტაჟის მცდელობას აქვს ადგილი"
გვანცა წულაია
15.12.2021

აზარტული თამაშების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებულია. წინ კიდევ ორი განხილვაა და იგი ძალაში შევა. ხელისუფლების მიდგომა ამჯერად ხისტია. მთავრობაში ამბობენ, რომ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მსჯელობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუკი კანონპროექტი მიზანს ვერ მოემსახურება, შესაძლოა, მომავალში სხვა აკრძალვებზეც იყოს საუბარი. 

მოსახლეობა კმაყოფილია, მთავრობის გადაწყვეტილებას ყველა იწონებს. მართალია, ბიზნესმა უკმაყოფილება უკვე გამოხატა, თუმცა მთავრობის მიდგომა მკაცრია. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ და აზარტული თამაშების შეზღუდვის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ერთ-ერთმა ავტორმა დავით სონღულაშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესს მოუწევს იმ მოცემულობაზე გადაწყობა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.

„პირდაპირ გეტყვით, ინვესტორი იმისთვის დებს ფულს, რომ მოგება მიიღოს, თუმცა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გააჩნია პრიორიტეტული სექტორები და გააჩნია სექტორები, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს აზიანებს და სახელმწიფო იმისთვის არის სახელმწიფო, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე მიიღოს. ეკონომიკურ გათვლებთან მიმართებით რაც არ უნდა ვიმსჯელოთ, ბიუჯეტს მეტად დააკლდება თუ ნაკლებად, ეს მეორეხარისხოვანია. თუ შევამჩნევთ, რომ ეს კანონპროექტი ვერ არეგულირებს და ვერ ემსახურება მიზანს, მისი შემდგომი განვითარება აუცილებლად მოხდება”, - განაცხადა სონღულაშვილმა.  

საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი გამართულად იმუშავებს. დეპუტატი ბეჟან წაქაძე დარწმუნებულია, რომ კანონპროექტი ქმედითი იქნება.

სათამაშო ბიზნესმა უკმაყოფილება თავიდანვე გამოხატა, ახლა კი აზარტული თამაშების კომპანიები იმუქრებიან, რომ უარს იტყვიან ქართული სპორტის სპონსორობაზე, თუკი დამტკიცდება სათამაშო ბიზნესის მკაცრი რეგულაციები.

„გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონპროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს“, - აცხადებენ სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში.

ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც კანონპროექტი მოიცავს, აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვაა, ამიტომ, ოპოზიციური არხები, ბიზნესთან ერთად, პროტესტს გამოთქვამენ. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ტელევიზიების სახელით განცხადება „ტვ პირველის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა აბურჯანიძემ გააკეთა და კანონპროექტის ინიციატორებს რამდენიმე თხოვნით მიმართა – რეკლამის სრულად აკრძალვის ნაცვლად, დაწესდეს სარეკლამო დროის რეგულაცია და კანონი ამოქმედდეს არა მომავალი წლის პირველი იანვრიდანვე, არამედ _ გონივრულ ვადაში. 

„რა ქმედითი ნაბიჯების შემოთავაზება შეგიძლიათ იმ დიდი დანაკლისის ასანაზღაურებლად, რაც სარეკლამო ბაზარს აკლდება? საუბარია 20%-ზე. ამის ალტერნატივად რას გვთავაზობთ როგორც მედიას იმისთვის, რომ არ გადავშენდეთ? რას დაეყრდნო ის გადაწყვეტილება, რომ რეკლამის შესახებ ცვლილება 30 დღეში უნდა შევიდეს ძალაში? 

სარეკლამო ბაზრის 20%-ით შემცირება ჩვენთვის პატარა საქმე არ არის. ვიმსჯელოთ კანონის ამოქმედების გონივრულ ვადებზე. რატომ არ შეიძლება, დაწესდეს დროითი შეზღუდვები? მაგალითად, 22:00 საათის შემდეგ იყოს რეკლამა ან წამახალისებელი გათამაშება ნებადართული?” - განაცხადა აბურჯანიძემ. 

პარტია „ლელო“ კი მედიის რამდენიმე წლით გადასახადებისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის. შესაბამისი განცხადება პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა საბა ბუაძემ პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა. 

სპეციალისტები თავის პოზიციას დიდი ხანია, ღიად აფიქსირებენ. ეკონომისტ ზურა კუკულაძის აზრით, კარგი იქნება, თუ მოთამაშე ადამიანის იდენტიფიცირება მოხდება. ასევე აუცილებელია, რომ წაგებების ლიმიტები მიებას შემოსავლებს. 

„რეკლამის შეზღუდვა ძალიან სწორი მიმართულებაა, მაგრამ აქედან, პრაქტიკულად, არაფერი გამოვა, რადგან უკვე გვყავს აქტიური მოთამაშეები და ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მათ საერთოდ აღარ სჭირდებათ რეკლამა, რომ ითამაშონ; მეორე საკითხი არის საგადასახადო ტვირთის გაზრდა. ეს ძალიან კარგია და ბიუჯეტში შენატანებს გარკვეულწილად გაზრდის, მაგრამ რეალურად არ მოაგვარებს იმ პრობლემას, რასაც ჰქვია აზარტული თამაშები; მესამე საკითხი არის ასაკობრივი ცენზის აწევა, ეს საერთოდ არ არის პრობლემა არავისთვის, რომ ითამაშონ. 

თუ მთავრობას სურს, რომ ამ საკითხს სეროიოზულად მოჰკიდოს ხელი, მაშინ უნდა განიხილოს ნებისმიერი ნორმალური ევროპული ქვეყნის მიდგომა. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მოთამაშეების იდენტიფიცირება და ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული აზარტული თამაშების მომწყობი საიტების თუ კომპანიების კეთილსინდისიერებაზე და ასევე, საგადასახადო სამსახურს უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია, თუ ვინ არის მოთამაშე. ასევე აუცილებელია, რომ წაგებების ლიმიტები მიებას შემოსავლებს, მაგალითად, როგორც საბანკო სესხების შემთხვევაშია. თუ, პირობითად, ადამიანს ოფიციალური შემოსავალი აქვს 1000 ლარი და საბანკო სესხზე არის მისი 30% გათვალისწინებული, აი, მსგავსი რამ უნდა მოხდეს”, - განაცხადა „რეზონანსთან” კუკულაძემ და დასძინა, რომ მოთამაშეები წავლენ და წასაგებ თანხას დახარჯავენ სხვა რეალურ სექტორებზე, რაც იქნება სიკეთის მომტანი ინვესტიცია. 

„ვინ დამაჯერებს, რომ ვინც ონლაინ თამაშებში ფულს აგებს, წავა და ამ თანხას მუთაქებში შეინახავს. ეს გამორიცხულია. ეს ადამიანები წავლენ და ამ თანხას დახარჯავენ სხვა რეალურ სექტორებზე და ამ შემთხვევაში ეს იქნება სიკეთის მომტანი ინვესტიცია, იმაზე ბევრად შედეგის მომტანი, ვიდრე უცხოელის მიერ ჩადებული კაპიტალი. 100-ლარიანი აზარტული თამაშების მომხმარებელი წავა და ამ ფულით იყიდის თუნდაც პროდუქციას, ამით ხომ გაიზრდება იმ ადამიანების შემოსავლები და ბრუნვა, ვის საქონელზეც მოთხოვნა გაიზრდება, ანუ ეკონომიკა ფულს კი არ დაკარგავს, რეალურად მიიღებს ძალიან დიდ ინვესტიციას. აზარტული თამაშების თუნდაც სრულად შეზღუდვით ეს ადამიანები არც იატაკქვეშეთში წავლენ და არც _ რეალურ კაზინოში”, - დასძინა „რეზონანსთან” კუკულაძემ. 

საქართველოს მთავრობას აზარტული თამაშების წინააღმდეგ არაერთხელ გაუბრძოლია. პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივები მრავალჯერ ჩავარდა, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის მიდგომა კი მკაცრი და ხისტია. ექსპერტი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ არის სურვილი, მაქსიმალურად მოხერხდეს მოსახლეობის დაცვა და საზოგადოებაშიც განწყობა არის შესაბამისი.

„როდესაც პრემიერმა ინიციატივა გაახმოვანა, მოვისმინეთ, რომ, ერთი მხრივ, არ სურთ მთლიანად სათამაშო ბიზნესის დაზარალება, მაგრამ, მეორე მხრივ, არის სურვილი, რომ მაქსიმალურად მოხერხდეს მოსახლეობის დაცვა. ასაკობრივი ზღვარი, ალბათ, შემთხვევით არ არის შერჩეული და ეყრდნობა კვლევებს. 

მესმის უარყოფითი დამოკიდებულება, განსაკუთრებით _ მედიის და კიდევ უფრო ზუსტად _ ტელევიზიების მხრიდან, მაგრამ ეს სარეკლამო შემოსავლები არ არის ის ციფრები, რომლებსაც ეყრდნობიან ტელევიზიები. თანხა მიზერული არ არის, მაგრამ არც ისე დიდია. ტელევიზიის თანამშრომლები, მათი მფლობელები ხომ ამ საზოგადოების წევრები არიან?! იმის გამო, რომ ტელევიზიების შემოსავლებს რაიმე პრობლემა შეექმნება, მთელი ქვეყანა ხომ არ უნდა დაზარალდეს? 2020 წლის მონაცემებით, სადღაც 52 მილიონზეა საუბარი მთლიანად, რასაც ტელევიზიები იღებენ სარეკლამო შემოსავლებიდან და აქედან 1/3 „იმედზე" მოდის, დანარჩენ ტელევიზიებს მიაქვს 2/3. „მთავარი არხის” წილი სადღაც 1/8-ია, ანუ დაახლოებით 7-8 მილიონზეა საუბარი და თუ ამის 20%-ს ავიღებთ, ცოტა გამოდის. 

ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ სათამაშო ბიზნესმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლოს. საბოტაჟის მცდელობას აქვს ადგილი, რომ სპორტი არ დაფინანსდება და ა.შ. მათ თუ საზოგადოება არ ადარდებთ, რატომ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა მოსახლეობისგან? როდესაც საზოგადოების მხარდაჭერა არ ექნებათ, ისინი სახელმწიფოსთან დაპირისპირებაში წააგებენ, მათ ადგილას კი შემოვლენ სხვები, რომლებიც დაიცავენ რეგულაციებს”, - განუცხადა „რეზონანსს” სალუქვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×