"ამის შემდეგ სხვებიც შეიტანენ სარჩელს და „კარფურის” წინააღმდეგ დავას დაიწყებენ"
გვანცა წულაია
16.12.2021

„კარფურის” წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ჰიპერმაკეტების ქსელის სრული კრახით მიმდინარეობს. კომპანია „გრანდმა“ მათ წინააღმდეგ სართლებრივი დავა პირველ ინსტანციაში უკვე მოიგო. კომპანიაში კმაყოფილნი არიან და ამბობენ, რომ ეს ძალიან კარგი პრეცენდენტია და სხვებისთვისაც მაგალითი იქნება. თავად „კარფური” წაგებით გამოწვეულ დუმილს ინარჩუნებენ.

2021 წლის მარტში სასამართლოში 10-მდე ადგილობრივმა მწარმოებელმა სარჩელი კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიამის“ წინააღმდეგ შეიტანა. დავის საგანი მსხვილ სუპერმარკეტებსა და ადგილობრივ მიმწოდებლებს შორის პარტნიორული ურთიერთობების არათანაბარი პირობები იყო. საქმე ეხება „კარფურის“ მხრიდან მიმწოდებლებისათვის თანხების უკანონო ჩამოჭრის პრაქტიკას, რაც კომპანიებს სოლიდური თანხებით აზარალებდა. 

სადისტრიბუციო კომპანია „გრანდის” პრეზიდენტის და დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ივა ჭყონია სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ფაქტიურად, ყველა კომპანიამ მიიღო სასურველი შედეგი, ვინც კი „კარფურის” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

„ეს არ არის პირველი კომპანია, იყვნენ სხვები, რომლთა ნაწილმაც უკვე იხეირა. რიგ შემთხვევაში, მორიგების გზით წავიდნენ და მორიგდნენ. ასევე, „გრანდის” გარდა, იყო კომპანიები, რომლთაც სასამართლომ პირველი ინსტანცია დაუკმაყოფილა. 

„კარფურის” წინააღმდეგ, ვინც კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა, ყველა კომპანიამ თავის სასარგებლო შედეგი მიიღო, ზოგი მორიგებით დასრულდა და ზოგიც სასამართლოს გზით. ამ შემთხვევაში, მორიგებაზე არ წამოსულან და „გრანდმა” პირველი დავა მოიგო და რამდენადაც ინფორმირებული ვარ, თითქმის ყველა მოთხოვნა, რომელიც იყო, სასამართლომ დააკმაყოფილა. 

ეს ძალიან სერიოზული მაგალითია. ყველა კომპანიამ უნდა იგრძნოს, რომ სასამართლოში საქმის აღძვრა საფრთხის შემცველი არ არის, პირიქით. 

ზუსტად არ ვიცი, სასამართლომ დავის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ფინანსურს ნაწილში გამოიტანა, თუ სხვა მიმართულებითაც. გარდა ფინანსებისა, რამდენიმე კომპონენტი შედიოდა, მაგალითად, ორენოვანი ხელშეკრულება არ იყო შესაბამისობაში ერთმანეთთან და სხვა ბევრი პუნქტები.

ვფიქრობ, ალბათ, ეს პრეცენდენტი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ორჭოფობდნენ. ამის შემდეგ ნამდვილად შეიტანენ სარჩელს და „კარფურის” წინააღმდეგ დავას დაიწყებენ. ძალიან კარგი პრეცენდენტი შეიქმნა”, - განუცხადა “რეზონანსს” ივა ჭყონიამ. 

კომპანიები „კარფურთან” „ჭიდილში” უკვე წლებია ჩართულნი არიან და არ არის გამორიცხული, რომ მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს პრეცენდენტული გადაწყვეტილების გამო. 

იურისტი ალექსანდრე ნაჭყებია, რომელიც კომპანიების უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ კომპანია „გრანდის“ შემთხვევაში, დავა ორ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობდა.

„მოსარჩელე შპს „გრანდის“ სარჩელი სასამართლოს პირველმა ინსტანციამ სრულად დააკმაყოფილა. ჩვენ „კარფურს“ 22 000 ლარამდე ღირებულების მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდას ვედავებოდით. მეორე სასარჩელო მოთხოვნა იყო ასეთი: 2019 წლის 3 სექტემბრიდან 2021 წლის 9 მარტამდე პერიოდში მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2387 ლარის ოდენობით.

2021 წლის 9 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე გადაუხდელი ნასყიდობის საფასურის წლიური 8.8%-ის გადახდას ვფიქრობდით და ესეც სრულად დაკმაყოფილდა. საპროცენტო ხარჯები, საპროცესო ბაჟი და იურიდიული მომსახურების საფასური სრულად „კარფურს“ დაეკისრა.

ამის საპირისპიროდ „კარფურს“ ჰქონდა შემოტანილი შესაგებელი და ამბობდა, რომ ეს თანხა გარკვეული მარკეტინგული მომსახურების საფასურში უნდა გაექვითა. ჩვენი მთავარი სადავო საკითხიც ეს იყო, რომ გაქვითვის უფლება მათ არ ჰქონდათ. „კარფურის“ მხრიდან საპირისპირო მოთხოვნები წარმოშობილი არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდა „კარფურისთვის“ დაეკისრებინა“, - აღნიშნა ნაჭყებიამ “ბიზნეს მედიასთან”. 

ახლა კომპანია „გრანდის“ მიერ მოგებული დავა, სხვა კომპანიებისთვის მაგალითი იქნება, რადგან ყველა კონტრაქტორს „კარფურთან“ ხელშეკრულება ანალოგიური პირობებით აქვს გაფორმებული.

„სასამართლოს კონკრეტული დასაბუთება არ ვიცით, მაგრამ ჩვენი კლიენტი თანხას მიიღებს და ასევე, როგორც მინიმუმ მიიღებს იმ განმარტებას, რომელსაც შემდგომში ყველა ის კომპანია გამოიყენებს, რომელსაც „კარფურთან“ დავა აქვს წამოწყებული“, - აღნიშნა ნაჭყებიამ და დასძინა, რომ დღეისთვის მას სასამართლოში სამი სარჩელი აქვს წარდგენილი, აქედან ერთი მორიგებით სრულდება, ორი კი განხილვაშია.

თავად „კარფურში” ჯერჯერობით განცხადებას არ აკეთებენ. თავდაპირველად, მათ ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ ყველა კანონისა და რეგულაციის დაცვით მოქმედებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×