წლიურ ჭრილში ყველაზე მზარდია საავიაციო ნავთის დინამიკა
ირაკლი ლომიძე
20.12.2021

ნავთობპროდუქტების იმპორტში ტენდენცია საკმაოდ პოზიტიურია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მატება შეინიშნება, თუმცა ყველაზე მზარდი დინამიკა საავიაციო ნავთის იმპორტშია, რაც ტურიზმის გამოცოცხლებასა და ზოგადად, ავიაციაში გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება. 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ნოემბერში თითქმის 90%-ით გაიზარდა სანავთობო ბიტუმის იმპორტი, თუმცა წლიურ ჭრილში იმპორტმა ამ მიმართულებით უმნიშვნელო კლება განიცადა, საავიაციო ნავთის იმპორტში 11 თვეში 244,4%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,4 ათასი ტონა, რაც 6,8 ათასი ტონით, ანუ 89,5%-ით მეტია ოქტომბრის  მაჩვენებელთან (7,6 ათასი ტონა) შედარებით და 0,1 ათასი ტონით, ანუ 0,7%-ით ნაკლებია გასული წლის ნოემბრის  მაჩვენებელთან (14,5 ათასი ტონა) შედარებით. 

აქედან იმპორტის 96,5% (13,9 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 3,5% (0,5 ათასი ტონა) - თურქმენეთზე, 0,3% (0,05 ათასი ტონა) - ერაყზე.

2021 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 107 ათასი ტონა, რაც 12,6 ათასი ტონით, ანუ 10,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (119,6 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 89,5% (95,8 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 5,8% (6,2 ათასი ტონა) - თურქმენეთზე, 4% (4,3 ათასი ტონა) - ერაყზე, 0,5% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთზე, 0,1% (0,1 ათასი ტონა) - თურქეთზე.

დადებითი ტენდენციით ხასიათდება საავიაციო ნავთის იმპორტიც. კერძოდ, 2021 წლის ნოემბერში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 12,4 ათასი ტონა, რაც 3 ათასი ტონით, ანუ 31,9%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან (9,4 ათასი ტონა) და 8,8 ათასი ტონით, ანუ 244,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (3,6 ათასი ტონა)  შედარებით. 

მათ შორის, 2021 წლის ნოემბერში საავიაციო ნავთის იმპორტის 82,3%  (10,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,9% (1,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4%  (0,5 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან. 

2021 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 85,8 ათასი ტონა, რაც 34,6 ათასი ტონით, ანუ 67,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,2 ათასი ტონა) შედარებით და 6,4 ათასი ტონით, ანუ 6,9%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2  ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 50,6%  (59 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14% (12 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 12,7% (10,9 ათასი ტონა) - იტალიიდან, 11,4% (9,8 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,7% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 0,6% (0,5 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 0,6% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან...

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის შეფასებით, საავიაციო ნავთის იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა უკავშირდება მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის შედეგად ტურისტებისა და ვიზიტორების მნიშვნელოვნად მომატებულ ოდენობას ქვეყანაში, რაც, თავის მხრივ, პირდაპირაა დაკავშირებული საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტენდენცია უახლოეს მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება.

„საერთაშორისო ავიარეისები მნიშვნელოვნად არის მომატებული, რაც დადებითად აისახა იმპორტის მხრივ და ტენდენცია, ფაქტობრივად, შემოაბრუნა. საჰაერო მიმოსვლის გააქტიურებამ ეკონომიკურ ზრდაშიც საკმაოდ სერიოზული წვლილი შეიტანა და ეს ჩანს სტატისტიკაშიც. ამ თვალსაზრისით, საავიაციო ნავთის იმპორტში ჩვენ სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად გვაქვს, შარშანდელთან შედარებით დიდი ზრდაა. 

რაც შეეხება სანავთობო ბიტუმს, ინფრასტრუქტურული სამუშაოები საკმაოდ გააქტიურებულია და ეს ადეკვატურად აისახა იმპორტზეც. მართალია, იმპორტი ამ მიმართულებით უმნიშვნელოდ შემცირდა, მაგრამ ნეგატიური მოლოდინი არ გვაქვს, სექტორში მაინც შეინიშნება პოზიტიური ძვრები. ვფიქრობთ, როგორც საავიაციო ნავთის, ასევე ბიტუმის იმპორტში ზრდა გაგრძელდება. 

საჰაერო მიმოსვლა ქვეყანაში აღდგენის პროცესშია, აქტიურად მიდის ეს საქმე, შესაბამისად, რეისები უფრო და უფრო ფართოვდება და, ჯერჯერობით, ყველა პირობაა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდეს“, - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×