ვარლამ გოლეთიანი: „ვემხრობით, რომ მსგავს სტრატეგიულ ობიექტებს სახელმწიფო ფლობდეს, მაგრამ მანამდე ბევრი რამ არის შესასწავლი"
ნინა გარდაფხაძე
20.12.2021

გამორიცხული არ არის, ნამოხვანჰესი სახელმწიფომ ააშენოს, თუმცა იქამდე უნდა გაირკვეს, ნამდვილად გადის თუ არა თურქული კომპანია „ენკა“ ქვეყნიდან. რა პლუსები და პრობლემები აქვს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ მსგავსი მასშტაბის პროექტს და როგორი იქნება რიონის ხეობის მცველების პოზიცია, ახლა ესაა საინტერესო. „ბიზნეს-რეზონანსი“ დაინტერესდა ყველა მხარის პოზიციით და აზრი პროტესტის ავტორებსა და დარგის სპეციალისტებს ჰკითხა.

ნამოხვანჰესის ინვესტორმა კომპანია „ენკამ" საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე 22 სექტემბერს განაცხადა. ინვესტორი 800-მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში სამინისტრო გააგრძელებს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და, ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

ჯერჯერობით, ნამოხვანჰესის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით, საარბიტრაჟო პროცესი დაწყებული არ არის. ამ ეტაპზე ინვესტორთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. თუ „ენკა" პროექტში არ დარჩება, მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ნამოხვანჰესი სახელმწიფოსა და სხვა ინვესტორის დაინტერესებით აშენდება.  

„ჯერჯერობით „ენკასთან" მოლაპარაკების პროცესში ვართ. თუ ინვესტორი და ჩვენ ვერ შევთანხმდებით პირობებზე, რითიც მათი დაბრუნება შეიძლება, პროექტიდან მათი გასვლა უნდა იყოს ურთიერთშეთანხმებითი. მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს პროცესი არბიტრაჟის გარეშე გადავწყვიტოთ.  

თუ „ენკა" პროექტში არ დარჩება, მომავალში შეიძლება, თვითონ სახელმწიფომ განახორციელოს. ურიგო არ იქნება, „ლიდერშიფი" სახელმწიფოს ჰქონდეს. შეიძლება, სახელმწიფო სრულად არ იყოს და სხვა ინვესტორიც შემოვიდეს პროექტში. რაც მთავარია, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა ამ პრობლემამ, დაგვანახვა, რომ ასეთ მსხვილ პროექტებს სჭირდება განსხვავებული მიდგომა, მეტი მუშაობა მთავრობის მხრიდან მოსახლეობასთან და უფრო მეტი მომზადება. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ნამოხვანი აშენდება, პროექტში სახელმწიფოს დიდი ჩართვით", - აღნიშნა თურნავამ და დასძინა, რომ ნამოხვანჰესის მშენებლობას ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  

რეალურად, როგორ ხედავს ენერგოდამოუკიდებლობის თემას ეკონომიკის მინისტრი, უცნობია, რადგან არც ერთხელ დეტალურ დიალოგზე თურნავა არ წასულა. ისმის მხოლოდ მოკლე კომენტარები და ხმამაღალი სლოგანები მედიასთან, რომ ჰესები სჭირდება ქვეყანას.

ის, რამაც ქვეყანაში ,,ენკას“ ოპერირება შეაჩერა, რიონის ხეობის მცველების პროტესტია, რომლის მთავარი აქტორი ვარლამ გოლეთიანი „ბიზნეს-რეზონანსთან“ აცხადებს, რომ იდეაში ეთანხმებიან, რომ სახელმწიფოს მფლობელობაში იყოს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პროექტები, თუმცა ეკონომიკის მინისტრის განცხადებას არ აქვს არავითარი არც ეკონომიკური და არც გარემოზე ზემოქმედებითი დასაბუთება.

„განცხადებები ისევ ზედაპირულად კეთდება, საერთოდ ვერ ვიგებთ საფუძველს.  მიმდინარეობს პროცესები, მათ შორის _ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის  შემუშავება, რომელმაც თავის მხრივ უნდა განსაზღვროს მომავალში ქვეყნის ენერგოპოლიტიკა და ამით უნდა დასაბუთდეს საჭიროება, რას და რატომ ვავითარებთ. 

შინაარსობრივი პრობლემა რაც იყო ამ საკითხში, რომ  სტრატეგია არ არსებობს და პროექტი დაუსაბუთებელია, ისევ ასეა, წინსვლა არ გვაქვს. როცა მომგებიანობა არ დათვლილა, გარემოზე ზემოქმედება არ შესწავლილა, ყველა განცხადება პოპულიზმია საზოგადოების იმ  ნაწილისთვის, რომელიც ბოლომდე  ვერ ერკვევა საკითხში და აქვს ნაკლები ინფორმაცია.

ზოგადად, რასაკვირველია, ვემხრობით, რომ მსგავს სტრატეგიულ ობიექტებს სახელმწიფო უნდა ფლობდეს. ნამოხვანი იქნება ეს თუ სხვა მსგავსი ტიპის პროექტი, ჩვენი პოზიცია ასეთია. უბრალოდ, იქამდე ბევრი საკითხია გასავლელი, რომლებიც არ შესწავლილა“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისივე თქმით, ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ენერგეტიკული და კლიმატის ეროვნული სტრატეგიის განხილვა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, რაც დიდი პრობლემაა.

„ხეობაში პროტესტი გრძელდება. ჩვენ ისევ კარვებში ვართ, რადგან კომპანიის ტექნიკა რჩება ხეობაში. დიდხანს ვერ გაგრძელდება ასე. მალე უნდა ითქვას, გადის თუ რჩება „ენკა“ და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ ჩვენც.

არ გვაქვს არავითარი პირდაპირი კომუნიკაცია ხელისუფლების არც ერთ შტოსთან. ერთადერთი ფორმატი, რაშიც ვმონაწილეობთ, ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული გეგმის შემუშავებაა, რომელიც მედიისა  და საზოგადოების ინტერესს მიღმა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. ეს ცხადია, არასწორია და ამას ვაპროტესტებთ. საჯაროობა არის აუცილებელი, რადგან ამან უნდა განაპირობოს ენერგოპოლიტიკა ქვეყანაში. ახლა, თუ ეს ყველაფერი გააპარეს, იქნება დიდი პრობლემა ქვეყნისთვის. პროცესი მიდის არასწორად და, როგორც ყოველთვის, არც ახლა  თანხმდებიან საჯაროობაზე“, - დასძინა გოლეთიანმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

ჰიდროელექტროსადგურის სახელმწიფოს მიერ აშენებას ემხრობა ენერგეტიკოსი, საქართველოს ყველაზე დიდი ჰესის - ენგურის - მმართველი, ლევან მებონია. მისი აზრით, ეს დაჯდება უფრო იაფი და მოსახლეობის მხრიდან, სავარაუდოდ, ნაკლები პროტესტი მოჰყვება.

„მხოლოდ მივესალმები, თუ ნამოხვანის ჰესს სახელმწიფო ააშენებს. ძალიან დავაშავეთ, რომ ამდენი ხანი არც ხუდონი, არც ნამოხვანი და არც ნენსკრა არ ავაშენეთ. ენერგეტიკული სექტორისთვის დიდი განსხვავება არ იქნება, სახელმწიფო ააშენებს თუ კერძო კომპანია, მაგრამ ცოტათი უფრო იაფი დაჯდება მთავრობის განხორციელებული პროექტი. მათ შეუძლიათ, უფრო იაფად აიღონ და მოიძიონ კრედიტი, რადგან სახელმწიფო გარანტია მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეორე მხრივ, ტარიფი მაინც ვერ იქნება იაფი, ახალი ჰიდროელექტროსადგურები ძვირი ჯდება. 

ყველაზე მთავარი ისაა, რომ მოსახლეობასაც ამ შეთხვევაში ბევრად მეტი ნდობა ექნება და წინააღმდეგობა ნაკლები შეხვდება. ნამოხვანჰესი რომ აუცილებელია, არ შეიძლება, ორი აზრი არსებობდეს, მაგრამ აუცილებელია თანამედროვეობაზე მორგებული უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების კვლევებიც“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ლევან მებონიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×