სოსო არჩვაძის აზრით, მარტის ბოლოდან ვითარება საგრძნობლად შეიცვლება
გვანცა წულაია
12.01.2022

2021 წელს ფასები ძალიან გაიზარდა. დეკემბერში ინფლაციამ 13.9% შეადგინა, ეს კი საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის რთული გადასატანია. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ ინფლაციის ფორმირებაში საგარეო ფაქტორების წილი უდიდესი აღმოჩნდა. 

სტასტიტიკოსი, სოსო არჩვაძე შარშანდელ მაჩვენებელს აფასებს და საკუთარ პროგნოზსაც აკეთებს, თუ რა შეიძლება იყოს მიმდინარე 2022 წელს მოსალოდნელი. როგორც აღმოჩნდა, ვითარება დასტაბილურების გზას ადგას.

“რეზონანსი”: როგორ ფიქრობთ, ინფლაციის მონაცემებში, რა წილი აქვს მსოფლიოში განვითარებულ ტენდენციებს და რა ქვეყნის შიგნით არსებულ მოვლენებს?

სოსო არჩვაძე: გარე ფაქტორები წილი, ცულ ცოტა, 2/3 მაინც არის. თითქმის 14%-იან ინფლაციაში დაახლოებიოთ, 8.5-9%-მდე მოდის გარე ფაქტორებზე. ჩვენ, სამწუხაროდ, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ექსპორტი იმპორტის მხოლოდ 45%-ს ფარავს. ამაზეა დამოკიდებული მაგალითად ის, რომ უარყოფითი საგადასახდელო ბალანსი გვაქვს. 

შარშან მსოფლიო ბაზარზე მკვეთრად გაძვირდა ნავთობრპოდუქტები, სურსათი, რომელთა იმპორტიორები ვართ. მარტო ნავთობპროდუქტებში, 2021 წელს დაახლოებით, 200 მილიონი დოლარით მეტის გადახდა მოგვიწია. რომ არა გარე ფაქტორები, ინფლაცია გვექნებოდა არაუმეტს 4.5-5 პროცენტის ფარგლებში, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. 

შარშან მიმდინარეობდა სუბსიდირება კომუნალურ გადასახადებზე. სტატისტიკის სამსახურმა იხელმძღვანელა სავალლუტო ფონდის რეკომენდაციებით და გააკეთა შემდეგი რამ, რამდენითაც შეუმცირდა მოსახლოებას ხარჯები (სუბსიდირების გამო), ეს პროცენტი ასახა ფასების ინდექსში. პირობითად, თუ მოსახლეობას 100 მილიონს იხდიდა დენში ან ბუნებრივ აირში და სუბსიდირების პირობებში 60 მილიონის გადახდა მოუწია, აჩვენა ფასების 40%-იანი შემცირება, მაგრამ მოსახლოებას ამით მხოლოდ ხარჯები შეუმცირდა. სტატისტიკამ კი აჩვენა, რომ თითქმოს, დენის ტარიფი შემცირდა 19-დან 11-თეთრამდე. სინამდვილეში ფასები არ შემცირებულა, ეს უბრალოდ სტატისტიკამ აჩვენა და ამიტომ, 2020 წლის დეკემბერი 2019 წლის დეკემბერთან იყო ძალიან დაბალი, 2.4%-იანი ნიშნული; მაგრამ ერთი წლის შემდეგ როდესაც დაგვჭირდა ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშება, სტატისტიკა იძულებული გახდა, მაგალითად, გაზის ტარიფი - 51 თეთრი - შეედარებინა არა ისევ 51 თეთრზე, არამედ შემცირებულ 31 თეთრზე და გამოვიდა ასეთი გაზრდილი ინფლაცია. ფაქტიურად, ჩვენ წინ დაგვხდა ის არასწორი მეთოდოლოგიური მიდგომა, რითაც ვიხელძღვანელეთ და ხელოვნურად შევამცირეთ 2020 წლის დეკემბრის ინფლაცია. 

ეს რომ არ გაგვეკეთებინა, გვექნებოდა ნაკლები, 10-10.5 პროცენტიანი ინფლაცია. ჩვენ გვინდოდა არა დახატული ციფრები, არამედ რეალური მაჩვენებელი. ვფიქრობ, 2021 წლის დეკემბერში, რეალური მაჩვენებელი გვაქვს 10-10.5%-ის ფარგლებში. ეს, რა თქმა უნდა, არ ცვლის იმ სიმწვავეს, რასაც მოსახლოება განიცდის, მაგრამ რეალური მდგომარეობა ასეთია.

“რ”: რადგანაც ძირითადად საგარეო ფაქტორების გამო გვექმნება პრობლემები, ქვეყნის შიგნით რა ბერკეტი გაგვაჩნია? ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა არაერთხელ გაამკაცრა, მაგრამ ფაქტია, შედეგი არ არის...

ს.ა: მონეტარულ პოლიტიკა გარკვეული ზემოქმედების მოხდენა შეუძლია, მაგრამ გულახდილად, რომ გითხრათ, მონეტარული პოლიტიკის რესურსი საკმარისია მხოლოდ ერთობლივი მოთხოვნისა და ბიზნესის აქტიურობის წასახალისებლად ან შეზღუდვისათვის. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდას, გარე ფაქტორებზე რეალური გავლენის მოხდენა არ შეუძლია. აქ მთავრობის შესაძლებლობა უფრო მეტია. 

ისეთი სტრატეგია უნდა ავირჩიოთ, რომ ორი მთავარი ამოცანა ამოვხსნათ. პირველი – მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით, რისი პოტენციალი და გამოცდილება გაგვაჩნია, ის გავაძლიეროთ და იმპორტზე დამოკიდებული ნაკლებად ვიყოთ. მეორე – გავზარდოთ საგარეო ეკონომიკური ექსპანსია, ანუ ექსპორტი, რათა ამ გზით ქვეყანაში მეტი ვალუტა შემოვიდეს და შევძლოთ მოთხოვნილების დაკმაყოფილება, რომელიც ისევ მსოფლიო ბაზარზე უნდა შევიძინოთ, პირველ რიგში, ნავთობპროდუქტები, ენერგომატარებლები, ავტომობილები და ა.შ. 

“რ”: ეროვნული ბანკი არის ფასებზე პასუხისმგებელი ორგანო, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. რადგანაც გასულ წელს ფასები ძალიან გაიზარდა, სებ-ს უნდა მოეთხოვოს თუ არა პასუხი?

ს.ა: ქვეყნის ყველა ინსტიტუტი პასუხისმგებელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ამ შემთხვევაში ფასების ზრდაზე პირდაპირი მოთხოვნა არსებობს ეროვნული ბანკის მიმართ. ეს ჩანაწერი, ორგანულ კანონში ეროვნული ბანკის შესახებ, გაკეთდა მაშინ, როდესაც ჩვენი საგარეო ვაჭრობის მოცულობა ნაკლები იყო, ხოლო ეგზოგენური ფაქტორების გავლენა - შედარებით ნაკლები. 

დღეს, დაახლოებით, 140 ქვეყანასთან გვაქვს ეკონომიკური კავშირი. იმდენად დიდია იმპორტის მოცულობა, არ იქნება სწორი, რომ მხოლოდ ეროვნულ ბანკს ავკიდოთ ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, კრიტიკის ობიექტი შეიძლება იყოს სებ-ი, იგი ხშირად აგვიანებს რეაგირებას, მონეტარული პოლიტიკისა და სავალუტო ინტერვენციების მხრივ. 

“რ”: მთავრობა და სებ-ი ვარაუდობს, რომ ინფლაცია გაზაფხულიდან დაიწყებს შემცირებას, თქვენ რას ფიქრობთ? 

ს.ა: ეს ნამდვილად მოსალოდნელია, რადგან ახლახანს გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის პროგნოზი, სადაც ზომიერ დონეა ნავარაუდევი, ენერგომატარებლებზე და სურსათზეც. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვცემს საშუალებას დავზოგოთ სავალუტო რეზერვები. 

მარტიდან მოიხსნება ის ფაქტორი (სუბსიდირება), რომელიც ხელოვნურად ზრდიდა ინფლაციის წლიურ მაჩვენებელს. სუბსიდირების გამო, არასწორად დაანგარიშებული ინფლაცია და პოზიტიური გარეგანი ფაქტორები, მოგვცმეს იმის მყარ გარანტიას, რომ პირველი კვარტლის ბოლოდან, გვქონდეს სტაბილური რეჟიმი სამომხმარებლო ფასების მხრივ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×