შვედეთმა ეს ნაბიჯი უკვე გადადგა, ევროპის სახელმწიფოებიც მალე ამ გზას დაადგებიან – რას იზამს საქართველო?
გვანცა წულაია
10.02.2022

მსოფლიოში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაცია ნელ-ნელა მსუბუქდება. იტალიასა და ესპანეთში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის. შვედეთმა კი პანდემია საერთოდ დასრულებულად გამოაცხადა. საინტერესოა, როდის შეიძლება გადადგას მსგავსი ნაბიჯი საქართველომ და რა ასახვას მოახდენს ის ეკონომიკასა და ბიზნესზე?

იტალიასა და ეპანეთში აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობს გაუმჯობესობის გამო მიიღეს. რაც შეეხება შვედეთს, მეცნიერების გაფრთხილების მიუხედავად, ქვეყანამ პანდემია დასრულებულად გამოაცხადა და თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა. შვედეთის მთავრობამ გადაწყვეტილება “ომიკრონის” ვარიანტის სისუსტისა და სიკვდილიანობის შემცირების გამო მიიღო.

რაც შეეხება საქართველოს, ჯერჯერობით ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად 20 ათასს აჭარბებს, თუმცა, წინა პერიოდთან შედარებით, სიკვდილიანობა და გართულებები ნაკლებია. 

როგორც ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი ხარებავა მიიჩნევს, საქართველოში ჯერ ადრეა მსოფლიოში გადადგმული ნაბიჯების ანალოგიური ქმედების განხორციელება, თუმცა სიტუაცია ნამდვილად აქეთკენ მიდის. 

“ჩვენთან ჯერჯერობით არ არის ის სიტუაცია, რომ პანდემია დავასრულოთ, მაგრამ აქეთკენ ნამდვილად მივდივართ. ვფიქრობ, ამ წლის პირველ ნახევარში ჩვენთანაც ანალოგიური სიტუაცია შეიქმნება. 

კორონავირუსის გამო შემოღებული რეგულაციების და შეზღუდვების სრულად გაუქმება იქნება ზუსტად ის ნაბიჯი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს იქამდე, რომ პანდემიას ჩავთვლით დასრულებულად. შეზღუდვების მოხსნა რომ დაწყებულია, ეს ვიცით და ვხედავთ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ამას რაღაც პერიოდი დასჭირდება. ძალიან რთული სათქმელია, ზუსტად 6 თვეში მოხდება თუ არა, შეიძლება ცოტა ადრეც გადაიდგას ეს ნაბიჯი და ცოტა გვიანაც. ეს ყველაფერი გაკეთდება სიტუაციიდან გამომდინარე, რადგან ისევ არის მოსაზრებები და მოლოდინი, რომ შესაძლოა, უფრო მეტად პათოგენური შტამი გამოჩნდეს ან მოულოდნელი გართულება მოჰყვეს. 

შეიძლება და სასურველიც იქნება, რომ ყველაფერი გამარტივდეს და სწრაფად მივიდეთ იმ მომენტამდე, როცა ყველანაირი რეგულაცია გაუქმდება და საქართველოშიც ჩავთვლით, რომ ეს აღარ არის დიდი საშიშროება და პრობლემა”, - განაცხადა “რეზონანსთან” გიორგი ხარებავამ და დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს ყოველდღიური სტატისტიკური მაჩვენებელი, მისი გამოქვეყნება არ უნდა შეწყდეს. 

“რაც შეეხება სტატისტიკას, სანამ პანდემიის ფორმალური სტატუსი ნარჩუნდება და სანამ სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობს, რაც არ უნდა პრობლემური იყოს მაჩვენებელი, მაინც უნდა ქვეყნდებოდეს, რადგან ეს გარკვეულ ორიენტირს იძლევა სიტუაციის შესახებ და მისგან არ უნდა შეიქმნას გარკვეული პოლიტიკური მომენტი. სტატისტიკა უნდა ვრცელდებოდეს იქამდე, ვიდრე ჩვენთანაც პანდემია დასრულებლად არ გამოცხადდება”, - დასძინა “რეზონანსთან” ხარებავამ.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები თითქმის სრულად მოხსნილია, პანდემიის მიმდინარეობა ეკონომიკასა და ბიზნესზე მაინც ახდენს გავლენას, ამიტომ, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი აცხადებს, კოვიდრეგულაციების სრულად მოხსნა, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ პროცესებს კიდევ უფრო ააჩქარებს.

“არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, სახელს რას დავარქმევთ. მთავარია, რამდენად ვაძლევთ ეკონომიკას მუშაობის საშუალებას. თუ ვიტყვით, რომ პანდემია დასრულდა, ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული ფსიქოლოგიური ეფექტი ექნება, მაგრამ ტექნიკურად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 

ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული რეგულაციების ჩამონათვალი, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ეკონომიკის მუშაობას. რასაკვირველია, თუ მივიღებთ იმის გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვები სრულად მოიხსნას, ეს გარემოება ეკონომიკის აღდგენის პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს. ამაზე გადაწყვეტილება ვინც უნდა მიიღოს, ეს ცალკე საკითხია - როგორ განიხილავენ ამ საკითხს, მაგრამ ჩემი, რიგითი ეკონომისტის გადმოსახედიდან, არსებული რეგულციების სრულად მოხსნა, რა თქმა უნდა, აღდგენის პროცესს კიდევ უფრო ააჩქარებს”, - განუცხადა ბაირახტარმა “რეზონანსს”. 

გუშინ დღის ბოლოს გაირკვა, რომ „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. 

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებში – სამედიცინო, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, „კოვიდ-19“-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, დასაქმებულთა იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.

ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება „კოვიდ-19“-ის დადასტურებიდან შვიდი კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან, მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან ხუთი დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია.

საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ ათი კალენდარული დღით. სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×