მილებში ჰაერის შერევა გამორიცხულია, მაგრამ პრობლემის თავი და თავი მოწოდებული გაზის ხარისხი, რომელიც ძალიან დაბალია
ქეთო გოგოხია
14.02.2022

საქართველოსთვის მოწოდებული გაზის ხარისხი სტანდარტს მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს. საქართველოში სამომხმარებლო გაზის ხარისხი უკვე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრებებით თუ ვიმსჯელებთ, მოქალაქეების  მოსაზრება, რომ  ბუნებრივ აირს რაღაც გაურკვეველ ნივთიერებას ან ჰაერს ურევენ,  დიდი ეჭვის საფუძველია. ეს იწვევს გაზის ნაკლებკალორიულობას და გადასახადიც ამიტომ იმატებს. თუმცა, როგორც სპეციალისტებმა "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადეს, ეს მხოლოდ ვარაუდია და სინამდვილეში გადასახადი მოსახლეობას გაზის ხარისხის გამო გაეზარდა.

მექანიზმის გამოყენებას, რომლითაც შეიძლება  ხარჯის ხელოვნურად ზრდა, აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე გამორიცხავს, თუმცა ადასტურებს, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, რასაც იგი ბუნებრივი აირის დაბალ ხარისხს უკავშირებს.

,,მოსაზრება, რომ გაზში ჰაერს უშვებენ, გამორიცხულია. ყველამ ვიცით, რომ წლებია უკვე, რაც აზერბაიჯანი გვამარაგებს, თუმცა რაც მოგვეწოდება, გაუფილტრავი, დაუმუშავებელი აირია. რაც შემოდიოდა რუსეთიდან, სტანდარტთან სულ თანხვედრაში იყო - 1 კუბ/მ გაზის წვისგან 9 კვტ/სთ ელექტროენერგიას ვიღებდით. ახლა ეს მაჩვენებელი 6 კვტ/სთ-ს შეადგენს, ვინაიდან გაზი არ სუფთავდება. რუსული გაზი გაცილებით მაღალი ხარისხისაა. ძალიან ძვირია ასევე ირანული, რომელიც 11 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას იძლევა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ხარისხის მიხედვით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე უნგრეთის გაზია, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება და თავის დროზე ჰიტლერმაც ვერ გამოიყენა. 

კარგი გაზის შემადგენლობაში არის 8600 კილოკალორია, რაც დაახლოებით 9-10 კილოვატის ტოლია. ამ ნორმას რუსული გაზი 100%-ით აკმაყოფილებს. ჩვენ გაზს არ ვყიდულობთ კილოკალორიებით, მრიცხველიც წერს და წერს, რაც საბოლოოდ მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზია“, - განაცხადა სიმონ ბარამიძემ.

მისივე თქმით, გაზში დაუშვებელია რაიმე ნივთიერების დამატება, გარდა ოდორანტისა, რომლის შერევაც მინიმალური მოცულობით შესაძლებელია, რათა გაზის სუნი ვიგრძნოთ.

,,მე თვითონ მაქვს გაზის ხარისხი შესწავლილი და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ რასაც მოვიხმართ, ძალიან დაბალი დონისაა, მაგრამ იაფი. ვერ ვიჯერებ, რომ ჰაერს უშვებენ, ეს აფეთქებას გამოიწვევს. გაზის შემადგენლობაში ჟანგბადის კონცენტრაცია 8%-ს რომ მიაღწევს უკვე ფეთქებადსაშიშია, არ მგონია, ამ რისკზე ვინმე წავიდეს. ამდენად, გამორიცხულია, რამეს ურევდნენ ხარჯის გაზრდის მიზნით. 

ერთხანს გავიძახოდი, რომ ბუნებრივ აირში შეერიათ ოდორანტი, რომელიც სპეციფიკური სუნის მქონეა. 64 გრამი საკმარისია 1000 კუბ/მ გაზში.  მთელი გაზგასამართი სადგური მოსახლეობის ქსელზე დაჯდა და ამიტომ ახლა ოდორანტს ვერ გაურევენ, არადა მისი გაშვება აუცილებლია, რათა სუნი ვიგრძნოთ იმ შემთხვევაში, გაზი იპარება თუ არა სისტემიდან“, - დასძინა სიმონ ბარამიზემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ანალოგიური მოასზრებისაა,,ყაზტრანსგაზ თბილისის" ყოფილი თანამშრომელი სოსო სიმონიშვილი, რომლის შეფასებითაც, ტექნიკურად შეუძლებელია, რომ გაზის კომპანიამ ბუნებრივი აირის მოხმარება რაიმე მაქინაციებით გაზარდოს. 

,,ვინმეს რომც მოუვიდეს თავში აზრად, რომ  ხალხს ხარჯი გაუზარდოს და ამ მიზნით ჰაერი შეუშვას გაზში, მის განხორციელებას ფიზიკურად ვერ შეძლებს. ასეთი მიდგომით თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილის პრეტენზიები გაზგამანაწილებელი კომპანიის მიმართ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობის ზრდასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადად გაზი საშიში თბომატარებელია, მასში, მაგალითად, ჰაერის ჩამატებამ შეიძლება მილების შიგნით აფეთქება გამოიწვიოს. ეს რომც მოინდომოს ვინმემ, ტექნიკურად ძალიან ძნელია, იმიტომ რომ გაზის მილებში გაზი წნევით მოდის“, — აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.

რაც შეეხება ბუნებრივი აირისთვის წყლის ან ორთქლის დამატების შესაძლებლობას, სიმონიშვილის ინფორმაციით, ერთიც და მეორეც გაზის მილებში შეიძლება ბუნებრივად წარმოიშვას და აორთქლდეს კიდეც გარკვეულ ტემპერატურაზე, მაგრამ ეს დანახარჯის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამან მხოლოდ შეიძლება შეუცვალოს ფერი გაზის ალს და ცოტა მოწითალო გახადოს.

სპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ანალოგიური პრობლემა მომავალ წლებში უფრო მასშტაბური გახდეს. გაზის ხარისხის ექსპერტ  ნოდარ რამიშვილის განცხადებით,  5-დან 15%-მდე გაზის ჰაერში შერევა თვითაალებას იწვევს, თვითმკვლელობის ტოლფასია და გამორიცხულია, ამ რისკზე ვინმე წავიდეს.

,,როგორც წესი, ბუნებრივი აირი მიწის წიაღიდან მოიპოვება და სხვადასხვა წნევით ნაწილდება მილების საშუალებით. ზამთარში, ტემპერატურის დაცემასთან ერთად, ჭაბურღილიდან უფრო დაბალკალორიული აირი ამოდის. წესით, 1 კუბ/მ გაზზე 7600 კილოკალორიაა მიღებული. კალორიულობას განსაზღვრავს 4 ძირითადი ნივთიერების შემადგენლობა: მეთანი, ეთანი, პროპანი და ბუტანი. გარდა ამისა, იგი 13-მდე სხვადასხვა ნივთიერებას შეიცავს, მაგრამ გაზის ხარისხი იზომება მეთანის შემადგენლობით, რომელიც მისი ძირითადი კომპონენტია. მეთანის წილი 70-75%-მდეა. 

წესით, ხარისხიანი გაზი მოლურჯო-მოიისფროა, მაგრამ ზოგჯერ მოწითალო ელფერი დაჰკრავს, რაც ნიშნავს, რომ მისი თბოუნარიანობა (კილოკალორიულობა) ეცემა, ამიტომ იხარჯება მეტი.

სითბოს ეფექტის მისაღებად მომხმარებელს სულ უფრო მეტი გაზი სჭირდება, შესაბამისად, გადასახადიც მეტი მისდით. გაზს ზამთარში არ აქვს ის ეფექტი, რაც სხვა პერიოდში. თანაც პრობლემა უფრო თვალსაჩინოა, როცა გაზი დაბალი ხარისხისაა, საქართველოს მოსახლეობა კი, ძირითადად, ასეთ გაზს მოიხმარს. 

პრობლემა  წინა წლებში ნაკლებად შესამჩნევი იყო, რადგან მოხმარება არ იყო დიდი. როგორც კი მოხმარებამ იმატა (გამრიცხველიანების პროცესიდან გამომდინარე), პრობლემამ უფრო იჩინა თავი. კიდევ ერთხელ ვამბობ. გამორიცხულია, ვინმე ჰაერს უშვებდეს მილებში, ასეთ რისკზე წასვლა თვითმკვლელობის ტოლფასია", - განმარტა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ნოდარ რამიშვილმა. 

გარდა ამისა, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზოგ შემთხვევაში, გაზრდილი გადასახადი შეიძლება იყოს მრიცხველის გაფუჭების ან სხვა ადგილობრივი ხარვეზის გამო, რაც მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გამოარკვიონ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×