ჯერჯერობით სამუშაო ადგილებს თვითონ სახელმწიფო შექმნის და გაზაფხულიდან მსურველებს შესთავაზებს
ქეთო გოგოხია
14.02.2022

სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების მთავრობისეული გეგმა ცნობილია. პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სხვა სამინისტროები 50 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნიან, რომლის რაოდენობაც წლის ბოლომდე შეიძლება 100 ათასამდეც გაიზარდოს. შრომის ბაზრის ახალი შესაძლებლობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად უნდა იქცეს. ეკონომისტთა წრეშიც სამთავრობო პროგრამას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მთავარი პირობაა, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯება რესურსი. ეს ერთ-ერთი გზაა, რომ პროგრამა ფინანსური მხარდაჭერა ინფლაციის პროცესზე ნეგატიურად არ აისახოს.

როგორც ცნობილია, ახალი პროგრამის მეშვეობით, ერთი მხრივ, სოცდაუცველები დასაქმდებიან, მეორე მხრივ კი, მათ არ შეუწყდებათ დახმარება სახელმწიფოსგან. მეტიც, ისინი ყოველთვიურად დამატებით 300 ლარს მიიღებენ.

პროგრამა უკვე მზად არის და მისი ამოქმედება 1-ლი მარტიდან დაიწყება. პრემიერი ფიქრობს, რომ ეს ქვეყანას სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება.

,,მოსარგებლეს შემწეობა გაუგრძელოდება მაშინაც, თუ იგი არ დათანხმდება არც ერთ შემოთავაზებას, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ხელახლა გადამოწმდება, რაც ვფიქრობთ სამართლიანია. ამ დროის განმავლობაში მას შეეძლება, შეცვალოს გადაწყვეტილება და ხელახლა მიმართოს დასაქმების ან სოციალური მომსახურების სააგენტოს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საზოგადოებრივი სამუშაოები სამიზნე ჯგუფებისთვის შეიქმნება, სადაც ისეთ დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია. ეს ხელს შეუწყობს მოქალაქეების მოტივაციის ამაღლებას, წაახალისებს მათ შრომის ბაზარზე გასააქტიურებლად. ჯამში, მთავრობა 200 000 სოცდაუცველის “ამუშავებას” გეგმავს.

სოცდაუცველი მოქალაქეების დასაქმებაზე დიდ იმედს ამყარებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ უჯობესია, ამ ადამიანების დამსაქმებელი კერძო სექტორი გახდეს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფერო. სადაც დასაქმების მეტი შესაძლებლობაა.

,,სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების დასაქმება არ არის ახალი ამბავი, მსგავი პოლიტიკა გამოუყენებიათ რიგ  ქვეყნებს და გარკვეული შედეგისთვის მიუღწევიათ. თუკი დასაქმება შექმნის პროდუქტს, საბოლო ჯამში, მხოლოდ სიკეთის მომტანი იქნება. ეს ადამიანები ხელფასსაც მიიღებენ და ამავე დროს გაიყიდება მათ მიერ შექმნილი პროდუქცია, რაც ერთერთი გზაა, შემსუბუქდეს მძიმე სოციალური მდგომარეობა. 

არსებობს ეს და კიდევ სხვა გზაც, მთავარია, თანხა არამიზნობრივად არ დაიხარჯოს, დასაქმდნენ ადამიანები და შექმნათ პროდუქტი, რაც ამ მათთვის და ეკონომიკისთვისაც დიდი სარგებლის მომტანია. სოფლის მეურნეობაში ძალიან დიდია  დასაქმების პოტენციალი, აუთვისებელია ტერიტორიები, ამიტომ საწარმოებს თუ განვავითარებთ, შევქმნით სამუშაო ადგილებს, შედეგიც მიიღწევა“, - განაცხადა სილაგაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“. 

მისი აზრით, სოცდაუცველების დასაქმების პოტენციალი არის საჯარო სექტორშიც, თუმცა ამ მიმართულებით პროექტის განხორციელებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

,,საჯარო სექტორშიც შეიძლება სამუშაო ადგილის შექმნა, ოღონდ მთავარია, ფიქტიური დასაქმება არ იყოს. რაც შეეხება თანხის გაცემის მომენტს,  არამიზნობრივად თუ გამოიყენებენ, ისე, რომ არ შეიქმნას პროდუქტი, ეს უკვე ინფლაციას გამოიწვევს და არ უნდა დაუშვან. 

საბოლოო ჯამში, ათასობით ადამიანისთვის გაჩნდება დამატებითი შემოსავალი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია და უკვე სხვა სექტორში შექმნიან დამატებით სამუშაო ადგილებს. პროგრამა კარგად რეალიზებადი თუ იქნება, ეკონონომიკის ზრდასაც ხელს შუწყობს. როცა ვგეგმავთ მშპ-ს 5-10%-იან ზრდას, ამაში არცთუ უმნიშვნელოა ახალი სამუშაო ძალების წილი“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ავთო სილაგაძემ. 

მთავრობის სოცდაუცველი მოქალაქეების დასაქმების პოლიტიკას დადებითად აფასებს ეკონომისტი ირაკლი მაკალათიაც, თუმცა იქვე ყურადღებას ამახვილებს მოსალოდნელ საფრთხეზე, რასაც, პირველ რიგში, ინფლაციასთან დაკავშირებით ხედავს. იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალში ეს ადამიანები პოლიტიკური მიზნისთვის იქნას გამოყენებული, როგორიცაა მათი ხმა არჩევნებში.

,,კარგია, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებაზე ზრუნავს სახელმწიფო, მაგრამ ძირითადი დამსაქმებელი უნდა იყოს ბიზნესი. სამთავრობო პოლიტიკაც მიმართული უნდა იყოს ბიზნესის განვითარებისკენ, რომ მერე კერძო სექტორმა შექმნას ახალი სამუშაო ადგილები და არა საჯარო სტრუქტურებმა. სხვა შემთხვევაში მუდმივად იქნება რისკი, რომ შემდეგ ამ ადამიანებს თავიანთი მოთხოვნები წაუყენონ და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებენ. ფრთხილად უნდა განხორციელდეს პროექტი, რომ საბოლოოდ პოპულისტურ ნაბიჯად არ იქნას აღქმული.  

საინტერესოა ერთი დეტალიც, მთავრობა გეგმავს, რომ დასაქმებულ სოციალურად დაუცველებს დამატებით 300 ლარი გადაუხადოს. ფულის დარიგება, რომელიც არ ქმნის პროდუქტს, იწვევს ინფლაციას, მსგავსი პრობლემები იყო წინა ხელისუფლების დროსაც, როცა ადამაინები დაასაქმეს ისე, რომ რეალურად ხელფასები დაარიგეს და მერე ამან ინფლაცია გამოიწვია. ამ დეტალებს სჭირდება კარგი ანალიზი, რათა რისკები გამოირიცხოს. სხვა მხრივ, ადამიანების დასაქმებას ალტერნატივა არ აქვს, ეს ერთადერთი გზაა, რომ სიღარიბე დავძლიოთ და შემოსავალი გავზარდოთ, რაც საბოლოოდ ეკონომიკურ ზრდაზეც დადებით გავლენას მოახდენს“, - განაცხადა მაკალათიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ახალი პროგრამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 2021 წლის ნოემბერში დააანონსა. მაშინ ღარიბაშვილმა იმდროინდელ გარემოს დაცვისა და დღეს უკვე ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს დაავალა, შექმნილიყო კომისია, რომელიც ამ მიმართულებით ევროპის ქვეყნების გამოცდილებას შეისწავლიდა და პროგრამა საქართველოშიც ამოქმედდებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×