ნიკა შენგელია: სავარაუდოა, რომ ლარი 3.0-იან ნიშნულთან ახლოს იტრიალებს
გვანცა წულაია
15.02.2022

ეროვნული ვალუტის მკვეთრი გამყარება დროებითი აღმოჩნდა, ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო. 2.91-დან კურსი 2 დღეში 3.02-მდე გაიზარდა. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, რას უკავშირდება ასეთი მერყეობა და შესაძლებელია თუ არა, ლარმა მოულოდნელად დაკარგული პოზიციები დაიბრუნოს?

საგრძნობლად გამყარებული ლარი ახლა ისევ უფასურდება. „ბლუმბერგის“ სავაჭრო პალტფორმაზე გუშინ, დღის ბოლოს, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 3.01 ლარი შეადგინა, ოფიციალურად კი 1 აშშ დოლარი 3.0276 ლარი ღირს. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9687 ლარი იყო. შესაბამისად, ერთ დღეში დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0589 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4348 ლარია მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.3594 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილება 0.0754 ლარია.

როგორც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელია ვარაუდობს, ლარი 3.0-იან ნიშნულთან ახლოს იტრიალებს. 

„ლარის კურსის გაუფასურებას დავუკავშირებ იმას, რომ ასეთი რამ ჩვენს ვალუტას სჩვევია, როდესაც ერთბაშად მყარდება, შემდეგ მალევე ისევ იწყებს გაუფასურებას. ჩვენ გვქონდა ამაზე გაკეთებული განცხადება, რომ ასე მოხდებოდა. ვფიქრობდით, რადგან დაიწყეს ლარის გამყარების პროცესი, ალბათ, 2.85-ის ფარგლებში ჩამოვიდოდა. ზოგადად, მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, რომ ლარი გაამყაროს, ეროვნულ ბანკთან ერთად, რადგან ფასების შემდგომი ზრდა არ დაუშვან. თუ კურსს ვერ დაიჭერენ და ლარი ისევ შევა 3.10-იან შუალედში, მაშინ ფასების შენარჩუნებაზე ფიქრიც ზედმეტი იქნება. 

ახლა მოთხოვნაა დოლარზე. გაზაფხული მოდის და, აქედან გამომდინარე, იმპორტი იზრდება. ინვესტიციები, ფაქტობრივად, არ გვაქვს. თანაც, გასულ პერიოდში საკმაოდ შემოვიდა დოლარი, რათა შეძენელიყო ქართული სახელმწიფო ფასიანი აქტივები. მასზე იყო მოთხოვნა და პროცესს ხელი ამანაც შეუწყო. ახლა სწორედ მათი განაღდების პერიოდია და რეზიდენტები მიღებულ სარგებელს დოლარში აკონვერტირებენ.

ემიგრანტებისგან საკმაოდ დიდი თანხა ირიცხება და ეს უწყობს ხელს ლარის გამყარებას, მაგრამ ბოლომდე მათ იმედზე ვერ ვიქნებით. ცოტა სახელმწიფომაც და ეროვნულმა ბანკმაც უნდა შეუწყოს ხელი იმას, რომ ლარის გაუფასურება არ მოხდეს. წინააღმდეგ შეთხვევაში, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას. 

გვქონდა პროგნოზი, რომ ლარის კურსი 3.15-იან შუალედში უნდა შესულიყო თებერვლის ბოლოსთვის. აქამდე საქმე შეიძლება არ მივიდეს, მაგრამ, ყველა შემთხვევაში, 3.0-იან ნიშნულთან ახლოს იტრიალებს“, - დასძინა „რეზონანსთან“ ნიკა შენგელიამ. 

1-ლი იანვრიდან 9 თებერვლამდე ლარი 17 თეთრით, 2.92-მდე გამყარდა დოლართან მიმართებით, რაც ბოლო 23 თვის რეკორდი იყო, 10 თებერვლიდან კი კურსმა ისევ გაუფასურება დაიწყო, რაც დღემდე გრძელდება. ფინანსისტ მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, პოზიტიური ძვრები, რაც ლარს გამყრებაში ეხმარება, დროებითია.

„ლარის გამყარება დამოკიდებული იყო გლობალურად დოლარის გაუფასურებაზე. ამასთან, ეკონომიკაშიც გარკვეული სახის დადებითი ძვრები შეინიშნება, რომელიც კიდევ უფრო ხელს უწყობდა ლარის სტაბილურობას, თუმცა ასეთი პოზიტიური ძვრები მხოლოდ და მხოლოდ დროებითია. საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდაც დროებითია. ეს ტალღა გადაივლის და შემდეგ, ალბათ, ლარის მერყეობა უფრო თვალსაჩინო გახდება. 

ძალიან ძნელი სათქმელია, რა მოხდება მომავალში ლარის კურსის მხრივ. თუ არაფერი შეიცვალა და ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლაა, მაშინ ლარმა შესაძლოა, შეინარჩუნოს დღევანდელი წონასწორობა, მაგრამ თუკი გლობალური სიტუაცია გამწვავდა და ეს ჩვენს რეგიონზეც აისახა, მაშინ ეროვნული ვალუტა დაიწყებს გაუფასურებას, თუმცა ლარისათვის რყევები ჩვეულებრივი სიტუაციაა და უკვე არავის უკვირს“, - განუცხადა „რეზონანსს“ თოქმაზიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×