სამშენებლო კომპანიებს მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდებათ
გვანცა წულაია
15.02.2022

სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზება იგეგმება. მთავრობა ახალი ინიციატივით გამოდის, რომელსაც სამშენებლო კამპანიის წარმომადგენლები მიესალმებიან. რას მოუტანს ინიციატივა სამშენებლო სექტორს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიზნესი პანდემიამ ძალიან დააზარალა? 

პრემიერ-მინისტრის დაანონსებული ახალი პროგრამის მიხედვით, საუბარია ხელშეკრულებების გაფორმებაზე სამშენებლო კომპანიებთან, სადაც დამკვეთი სახელმწიფო იქნება, თანხას კი ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის კომპანიები რამდენიმე წლის განმავლობაში მიიღებენ. ამ კრედიტების გარანტორი მთავრობა იქნება, რომელიც მშენებლობის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანიას დაფინანსებას განვადების გზით გადაუხდის. 

„ჩვენი მიზანია საჯარო და კომუნალური მშენებლობების წახალისება და დარგში კონკურენციის გაზრდა. ამ მხრივ ჩვენ დამატებით 500 მილიონი ლარიდან 1 მილიარდ ლარამდე ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე.

დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე, პოლიციისთვის გვაქვს ასაშენებელი ახალი ობიექტები და საცხოვრებლები. ამიტომ ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ მათ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ბანკებიდან ჩვენი გარანტიით, ანუ მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა სახელმწიფოს მხრიდან და 3-5 წლის განმავლობაში განვადებით გადავიხდით ამ თანხას. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს, როდესაც მსგავსი პროექტი თავდაცვის სამინისტროში ჩემი მინისტრობისას განვახორციელეთ. 4-5 წლის გასაკეთებელს გავაკეთებთ ერთ წელიწადში. ეს 1-დან 2%-მდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი იქნება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინიციატივას სამშენებლო სექტორი მიესალმება, თუმცა, პარალელურად, ბევრი კითხვა გაუჩნდათ. მაგალითად, რა ვალუტასა და რა ვადაში იქნება გაცემული სესხები. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი ანა საბახტარიშვილი ფიქრობს, რომ მთავრობამ ამ პროგრამის პირობები როგორც საბანკო, ასევე სამშენებლო სექტორთან დეტალურად უნდა გაიაროს, რათა ის ეფექტი მიიღოს, რაზეც პრემიერი მთავრობის სხდომაზე საუბრობდა.

„გარკვეული კითხვები თავად სექტორსაც აქვს. პირველ რიგში, ალბათ ის, თუ რა პირობები იქნება. მომზადებული პროექტი გამოვა და შემდგომ მასზე ჩატარდება ტენდერი თუ თავად კომპანიამ უნდა შესთავაზოს სახელმწიფოს პროექტი. პრემიერმა კონკურენცია ახსენა, ამიტომ საინტერესოა, კომპანიების შერჩევა რა პრინციპით მოხდება. ალბათ მთავარი, რაზეც მთავრობამ სექტორთან ერთად უნდა იმსჯელოს, მათ შორის ბანკებთან, სესხის პირობებია. ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებს, რომლებიც საკმაოდ რთული კრიზისის წინაშე დგანან, შესაძლოა, გაუჭირდეთ სესხის მიღება და თანაც _ კარგი პირობებით. 

მეორე საკითხია, რა ვალუტაში იქნება კრედიტები. თუ ვსაუბრობთ ამ თანხის განაწილებაზე, მნიშვნელოვანია, რა ვალუტით უნდა მიიღონ მათ სესხი. თუ დოლარში აიღებენ, მაშინ ამ შემთხვევაში სავალუტო რისკებია გასათვალისწინებელი. თუ ლარში იქნება, მაშინ მნიშვნელოვანია მოგების მარჟა, რომელიც დააბალანსებს გაძვირებულ საპროცენტო ხარჯს”, - განაცხადა საბახტარიშვილმა და დასძინა, რომ მთავრობას ამ პროექტზე კონსულტაცია სამშენებლო სექტორთან არ გაუვლია და მხოლოდ ცალკეულ კომპანიებს ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია.

„როგორც გავიგე, ამ გზით დამატებითი რესურსები მოიძებნება ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. ეს უფრო კერძო-საჯარო პარტნიორობის მოდელია, რომელიც კომპანიისთვის დამატებით რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს რისკები დამატებითი მოგებით უნდა დაბალანსდეს. კერძოდ, თუ აქამდე ვსაუბრობთ მიზერულ მოგებაზე, რომლის გამოც სამშენებლო კომპანიები ტენდერებში იღებდნენ მონაწილეობას და ვაჭრობას, ისინი, მაქსიმუმ, 8%-იანი მოგებიდან იწყებდნენ და რეალურად ეს მარჟა მცირდებოდა. აქ შესაძლოა, ეს საკმარისი არ იყოს, რადგან რისკი გაცილებით მაღალია. ანაზღაურება გაწელილია დროში, ხოლო სამშენებლო სამუშაობს სრულად საკუთარი, მოზიდული ფინანსებით ახორციელებს კომპანია”, - დასძინა საბახტარიშვილმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხვალ-ზეგ სამშენებლო სექტორი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება და, დიდი ალბათობით, ზუსტი დეტალები გახდება ცნობილი. ალბათ, დაზუსტდება დაანონსებული პროგრამის ამოქმედების თარიღი. 

მენაშენთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი აცხადებს, რომ უცნობია, ინიციატივა როგორ შეუწყობს ხელს სამშენებლო სექტორს, რადგან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და სანახავი.

„პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია. როგორც მივხვდი, მისი მიზანია, მოკლე პერიოდში მოხდეს თანხების საქართველოს ეკონომიკაში ჩაშვება. მგონია, რომ აღნიშნული ინიციატივა ძალიან კარგ შედეგს მოიტანს. 

რაც შეეხება უშუალოდ სექტორზე გავლენას, არ ვიცი, სამშენებლო სფეროს როგორ შეუწყობს ხელს, რადგან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და სანახავი, მაგალითად, რა პროდუქცია როგორ უნდა შეიძინონ. თუ იქნება ბინათმშენებლობა პოლიციელებისთვის, სამხედროებისა და დევნილებისთვის, ამ შემთხვევაში დეველოპერული ორგანიზაციები მიიღებენ მონაწილეობას და თავიანთ პროდუქციასაც წარადგენენ“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას როსტომაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×