ევროპაში და მეზობელ ქვეყნებში ამ გზას უკვე დაადგნენ, ახლა საქართველოს მთავრობის ჯერია
გვანცა წულაია
16.02.2022

მსოფლიომ 2022 წლის ორიენტირად ფასების შემცირება აირჩია. სწორედ ამიტომ ქვეყნებმა ინფლაციასთან საბრძოლველად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს. ფაქტია გარკვეული ზომების მიღება საქართველოშიც საჭიროა, რადგან 2021 წელს ქვეყანა ინფლაციამ „შეჭამა“. რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ და ფასების შესამცირებლად რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი? სპეციალისტების აზრით, აუცილებელია გადასახადების შემცირება, რათა მოსახლეობასაც და ბიზნესსაც მეტი სტიმული მიეცეს.

შარშან არანორმალურად გაზრდილმა ფასებმა მთელი მსოფლიო მოიცვა და გამონაკლისი არც საქართველოს აღმოჩნდა, თუმცა სხვადასხვა ქვეყნებმა ინფლაციასთან ბრძოლა აქციზის და დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) შემცირებით გადაწყვიტეს. მაგალითად პოლონეთსა და მეზობელ თურქეთში, დღგ-ს გადასახადი შემცირდა. პოლონეთის შემთხვევაში, 2022 წლის თებერვლიდან 31 ივლისამდე 0%-მდე დავიდა სურსათის, ბუნებრივი აირისა და სასუქის დღგ. გადასახადები დაკლებულია ენერგოპროდუქტებზეც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საწვავს შეეხო, რომლის დამატებითი ღირებულების გადასახადი 23%-დან 8%-მდე ჩამოვიდა. 

რაც შეეხება თურქეთს, მეზობელი ქვეყნის მთავრობამ, 3 დღის წინ, დღგ-ს განაკვეთი 8%-დან 1%-ზე ჩამოიყვანა. ასეთი განაკვეთის ქვეშ მოექცა თითქმის ყველა პროდუქტი. მაგალითად, თუ 14 თებერვლამდე მარილი, ზეთი, მაკარონი, ფქვილი, ყველი და ჩაი 242 თურქული ლირა (17.75 დოლარი) ღირდა, ორშაბათს დილიდან იგივე პროდუქტები 14,5 ლირით (1.06 დოლარით) ნაკლებია და 227 ლირა (16.67 დოლარი) ღირს.

საქართველოში ინფლაციას მხოლოდ მონეტარული პოლიტიკით ებრძვიან, რასაც სპეციალისტების შეფასებით, შედეგი არ მოაქვს. ქვეყანა ახლა საწვავის გაძვირების ზღვარზე დგას, რომელსაც ინფლაციურ ჭრილში დიდი ადილი უკავია. საინტერესოა, როგორი იქნებობა, მაგალითად, ნავთობპროდუქტის ღირებულება აქციზის და დღგ-ს გარეშე. საქართველოში 1 ტონა საწვავი 500 ლარის აქციზით იბეგრება, რაც ყოველ ლიტრზე 38 თეთრის გადასახადს ნიშნავს. ამას გარდა, თითოეული ლიტრი საწვავი 18%-ის ოდენობით დღგ-ით იბეგრება, რაც 3.12 ლარის ღირებულების რეგულარის შემთხვევაში 48 თეთრის დღგ-ს ნიშნავს. მხოლოდ ამ ორი გადასახადის ჯამი 86 თეთრია და მის გარეშე საცალო ქსელში "რეგულარის" მარკის საწვავი 2.25 ლარი ეღირებოდა.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2021 წელს მთავრობამ საწვავის აქციზიდან 543 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ნავთობპროდუქტების დღგ-დან მიღებული შემოსავალი კი დაახლოებით 640 მილიონ ლარს შეადგენდა. შედეგად, გასულ წელს ავტომფლობელებმა და ბიზნესებმა მთავრობას საწვავის აქციზით და დღგ-ით 1 160 000 000 ლარი გადაუხადეს. ეს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლის 10% იყო.

სპეციალისტები ამბობენ,  რომ აქციზის და დღგ-ს შემცირება ნამდვილად კარგი გამოსავალია, თუმცა როგორც ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, ეს არ იქნება მარტივი არჩევანი, რადგან ამ ნაბიჯის გადადგმა უზარმაზარ შემოსავლებზე უარის თქმას ნიშნავს. 

„თურქეთი რასაც აკეთებს ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით, არაფრის მაგალითად არ გამოდგება. იქ გადაწყვეტილებები პოლიტიკურად მიიღება. ერდოღანმა 4-ჯერ მოსხნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ფასები ზრდა დღევანდელ მსოფლიოში არის მთავარი პრობლემა. 

რასაკვირველია, საქართველოს მსგავსი არჩევნის გაკეთების საშუალება აქვს, რომ აქციზი და დღგ დროებით შეამციროს ან გააუქმოს, რაც ფასებს შეამცირებს, მაგრამ ეს არ არის მარტივი არჩევანი, რადგან ნიშნავს უზარმაზარ შემოსავლებზე უარის თქმას. სხვა საკითხია, რადგანად შეუძლია სახელმწიფოს ამ ნაბიჯის გადადგმა. თეორულად ეს შესაძლებელია, თუმცა სახელმწიფოს მოუწევს ქამრების შემოჭერა, ხარჯების შემცირება, თანამშრომლების და ვიღაცების სახლში გაშვება, რადგან უზარმაზარ შემოსავლებზე უარი უნდა თქვას, რაც მოკლევადიან პერიოდში პრობლემა იქნება. 

გრძელვადიან პერიოდში ფასების ზრდის შემცირება შეუძლებელია, მაინც გაიზრდება, თუმცა თუ აქციზი და დღგ ნაკლები გვქნება, ზრდა მოხდება სხვა ნიშნულიდან“. - განაცხდა „რეზონანსთან“ბერიკაშვილმა. 

კატასტროფულად მაღალი ინფლაციის (იანვარში 13.9%) შემცირებას საქართველოს ეროვნული ბანკი გაზაფხულიდან პროგნოზირებს. იგივე მოლოდინი აქვს სოსო ბერიკაშვილს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ინფლაციის შემცირება ფასების კლებას არ ნიშნავს. 

„ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, მაგრამ გაზაფხულიდან ინფლაცია უნდა შემცირდეს, თუმცა აქვე ხაზს ვუსვამ იმას, რომ ინფლაციის შემცირება ფასების კლებას არ ნიშნავს. გაძვირება გაგრძელდება ისევ, ოღონდ უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე აქამდე“, - დასძინა „რეზონანსთან“ ეკონომისტმა. 

მართალია, საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა და ამის გათვალისწინებით მსოფლიო ტენდენციებთან ფეხის აწყობა უწევს, საერთაშორისო სიტუაცია ქვეყანაზე გავლენას ახდენს, მაგრამ სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობას ამ ყველაფერთან საბრძოლველად ბერკეტები უნდა გააჩნდეს. ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ დღეს ნამვილად შეიძლება საგადასახადო შეღავათებზე ფიქრი. 

„ინფლაცია დიდი პრობლემაა და უნდა მოვაგვაროთ, უნდა შევამციროთ. რაღაც კონკრეტულ პროდუქტებზე, რომელიც პირველადი მოხმარებისაა, შეიძლება საგადასახადო შეღავათებზე საუბარი, მაგრამ ინფლაცია რაიმე ერთი პროდუქციის გაძვირება კი არაა, არამედ ეს არის ფასების საერთო დონის ზრდა. პროდუქციის დიდი ნაწილი გაძვირებულია და ყველაფერზე ფასს ვერანაირად ვერ შეამცირებ. 

ისეთ საქონელზე, რომლის ღირებულებას ვერანაირად აკონტროლებ, მაგალითად, ნავთობი და ხორბალი, შეიძლება საგადასახადო შეღავათებზე ფიქრი, მაგრამ აქ მეორე საკითხია, როდესაც ვიღაცას საგადასახადო შეღავათს აძლევ, ბაზარზე კონკურენცია უნდა იყოს, ფასი რომ შემცირდეს. ჩვენთან კი კონკურენციის სერიოზული პრობლემაა, იგივე ნავთობპროდუქტების ბაზარზე. ამიტომ არც იმას გამოვრიცხავ, რომ გადასახადი შემცირებამ დიდი კლება არ გამოიწვიოს. 

ეროვნული ბანკი ერთი ხელით თუ ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას, მეორე ხელით ხელს უწყობს მიმოქცევაში მიბმულ ვალუტის რაოდენობის ზრდას. ერთი ხელით ცდილობს ინფლაციის მოთოკვას და მეორე ხელით ზრდის ინფლაციას და შესაბამისად, ამ პირობებში ძნელი იქნება მისი მოთოკვა. არ ვარ იმ იდეის მომხრე, რომ საქართველოში არსებული 14%-იანი ინფლაცია, თურმე მთლიანად იმპორტირებულია და მონეტარული პოლიტიკა ძალიან კარგ დონეზე გვაქვს“, - განუცხადა „რეზონანსს“ მერაბ ჯანიაშვილმა.

ეროვნულმა ბანკმა ინფლაციასთან საბრძოლველად, გასულ წელს, რეფინანსირების განაკვეთი არაერთხელ გაზარდა. ამჯერად, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ს შეადგენს, რომელიც სებ-მა უცვლელად რამდენიმე დღის წინ დატოვა. სებ-ის პროგნოზით ინფლაცია მარტიდან უნდა შემცირდეს. მას შემდეგ, რაც ინფლაცია შემცირებას დაიწყებს, რეფინანსირების განაკვეთიც ეტაპობრივად დაიკლებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×