"კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები“
გვანცა წულაია
17.02.2022

საქართველოში პირველი მარტიდან ახალი მასშტაბური პროგრამის განხორციელება დაიწყება, რომელიც სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებას გულისხმობს. პროგრამის დიდმა ნაწილმა შესაძლოა, სოფლის მეურნეობა მოიცვას, სადაც შარშან მუშახელის დეფიციტი შეიქმნა. 

ერთი შეხედვით, თითქოს სამსახურს ბევრი ეძებს, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და დასაქმება პრობლემაა, თუმცა, მეორე მხრივ, ბიზნესი კადრების დეფიციტზე ჩივის. განსაკუთრებული პრობლემა სოფლის მეურნეობის მიმართულებით, სეზონურ სამუშაოებზე შეიქმნა. შარშან მუშახელი სანთლით საძებნელი გახდა, მიუხედავად იმისა, რომ დღიური ანაზღაურება 35-50 ლარის ფარგლებში მერყეობდა. ამ პრობლემამ მთელი საქართველო მოიცვა. 

აღნიშნული პრობლემა შესაძლოა, სწორედ ახალი პროგრამის დაწყების შემდეგ ნელ-ნელა მოგვარდეს. დიდი ალბათობით, სოციალურად დაუცველ ადამიანებს სოფლის მეურნეობაში გაანაწილებენ. თუმცა, პროფესორი პაატა აროშიძე ფიქრობს, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების მცირე ნაწილი შეიძლება დასაქმდეს ფერმერულ მეურნეობებში და ძირითადი ნაწილი მუნიციპალურ სერვისებში.

„თუ სახელმწიფო აცხადებს იმას, რომ სოციალურად დაუცველებს თავად დაასაქმებს, მაშინ მან უნდა დაავალოს კერძო სექტორს, რომ მიიღოს ამა თუ იმ საწარმოში, გარკვეული რაოდენობის მუშახელი. საკითხავია, კერძო მეწარმე, ფერმერი მიიღებს კი იმ ადამიანებს, რომლებიც არანაირი გამოცდილებით არ გამოირჩევა? ვფიქრობ, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ სოციალურად დაუცველი ადამიანები დასაქმდებიან მუნიციპალიტეტების, მერიების ქვემდებარე დაწესებულებებში, მაგალითად, ისეთები როგორიც არის: დასუფთავება, კეთილმოწყობა, მუნიციპალური სერვისების სააგენტო და ა.შ. 

სოფლის მეურნებაში ამ რაოდენობის ხალხის დასაქმება საკმაოდ რთული იქნება და მგონია, რომ თავადაც არ მოინდომებენ, რადგან სოციალურად დაუცველი ადამიანების დიდი წილს სოფლის მეურნეობაში დასაქმება რომ სურდეს, თავის ნაკვეთში დაამუშავებს მიწას. 

ფაქტია ერთი რამ, ოჯახიდან შორს ყოფნას და უცხოეთში სეზონურად დასაქმებას, სჯობს, სამშობლოში დასაქმდეს ადამიანი და თავისი შრომითი შესაძლებლობები საკუთარ ქვეყანას შექმნას მოახმაროს“, - განუცხადა „რეზონანსს“აროშიძემ.

აგრონომები, დარგის ექსპერტები, ტექნოლოგები თუ სხვა მაღალი დონის სპეციალისტები ქვეყანაში ძალიან ცოტაა. რთულია მასშტაბური აგროპროექტების მენეჯერების, სპეცტექნიკის ოპერატორების, ტექნიკოსების თუ დამხმარე სპეციალისტების მოძიება. შესაბამისად, წარმოების ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება სერიოზული გამოწვევაა სოფლის მეურნეობაში. სპეციალისტთა ნაწილი აცხადებს, რომ თუ მთავრობის პროგრამის ნაწილი სოფლის მეურნეობისკენ იქნება მიმართული, მუშახელიც სანთლით საძებნელი აღარ იქნება. 

როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭიჭაყუა აღნიშნავს, მთავრობამ კერძო სექტორთან თანამშრომლობა მოუწევს. 

„რა თქმა უნდა, ინიციატივა ცუდი არ არის, მაგრამ მეორე საკითხა, რამდენად შესრულდება. ცოტა რთულად მეჩვენება. სოფლის მეურნეობაში ყოველ წელს მატულობს დეფიციტი, განსაკუთრებით სეზონურ სამუშაოებზე. მუშების, მწყემსების, მომვლელის პოვნა უკვე დიდ სირთულეს წარმოადგენს. ადამიანმა ცხვარი რომ გადენოს, ესეც პრობლემა გახდა. თხილისა და ყურძნის მკრეფავსაც ვეღარ იშოვი. 

ქვეყნიდან მუშახელი გაედინება და ამიტომაცაა ჩვენთან დეფიციტი. შარშან თხილის კრეფაზე 35-დან 45-ლარამდე მერყეობდა ანაზრაურება. ასევე იყო აღმოსავლეთ საქართველოში, კურძნის კრეფაზე. ამიტომ სეზონურ სამუშაოებზე სახელმწიფომ კერძო სექტორთან ხელშეკრულების ფორმით უნდა შექმნას სამუშაო ადგილები“, - განუცხადა „რეზონანს“ მიხეილ ჭიჭაყუამ. 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ხალხის მასშტაბურად დასაქმებას გეგმავს, სოფლის მეურნეობის დარგის ექსპერტი ბადრი რამიშვილი მიიჩნევს, რომ ეს პროგრამა ვერაფერ მნიშნველოვანს ვერ მოაგვარებს. 

„200 ათასი ადამიანი იძულებული იქნება, რომ ეკონომიკურად აქტიური გახდეს, ეს კარგია, მაგრამ თითქოს ამით დასაქმების პრობლემა მოგვარდება, ეს არარეალურია. საქართველოში კადრების სასტიკი დეფიციტია, საერთოდ აღარ არის მუშახელი. ყველა აქტიური და მეტ-ნაკლებად კვალიფიციური ადამიანი ქვეყნიდან გაქცეულია“, - განუცხადა „რეზონანსს“ რამიშვილმა. 

როგორც რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი არსებობს, მაგალითად სატყეო სააგენტოში, სადაც მუშახელის დეფიციტია. სახელმწიფო პროგორამის ფარგლებში კი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი მოქალაქეები სწორედ ასეთ ადგილებზე დასაქმდებიან. 

სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან დაიწყება და სოციალურად დაუცველები, ვინც საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმდებიან, ხელფასთან ერთად სოციალურ დახმარების სახით 300 ლარსაც მიიღებენ.

დღეს, საქართველოში საარსებო შემწეობის სახით სოციალურ დამხრებას 633 000 ადამიანი იღებს, რაც მოსახლოების 17 პროცენტია. მათგან თითქმის, 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც დასაქმებისგან თავს იმ მიზეზით იკავებენ, რომ  დახმარება შეუწყდებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×