ომმა ყველაფერი შეცვალა - დევალვაცია გარდაუვალია, ეკონომიკური ზრდა მინიმუმამდე დაეცემა
ქეთო გოგოხია
28.02.2022

უკრაინაში მიმდინარე ომის ეკონომიკური დანაკარგი საქართველოში პირველი დღიდანვე აისახა. ტენდენცია გრძელდება და ის განსაკუთრებით ლარის კურსისთვის აღმოჩნდა მძიმე - ძლივს გამყარებული ლარი ისევ უფასურდება. სავალუტო  კურსზე პირდაპირ ახდენს გავლენას ის გარემოება, რომ რუსეთს უწესდება ფინანსური სანქციები და ქვეყნის ეროვნული ვალუტა კატასტროფულად არის გაუფასურებული, ხოლო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებიც თანდათან სუსტდება. 

ცხადია, ეს ყველაფერი დაარტყამს ფასებსა და ეკონომიკას და დაგეგმილი ზრდა 5-6%-ის ფარგლებში შეიძლება, შეუსრულებელი დარჩეს. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ უკვე დაადასტურა, რომ ლარის დევალვაცია მოსალოდნელია.

„ლარის კურსთან მიმართებით გარკვეული რყევა უკვე დაფიქსირდა და არაა გამორიცხული,  კიდევ გაგრძელდეს. დღეს ჩვენი რეზერვები ადეკვატურ დონეზეა, რაც განპირობებულია იმით, რომ პანდემიის შემდეგ პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტებისგან მივიღეთ საკმაოდ დიდი ოდენობის ფინანსური დახმარება. ამასთან, პანდემიამდეც ხდებოდა სავალუტო რეზერვის დაგროვება. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მილიარდამდე დოლარის რეზერვის გამოყენება მოხდა პანდემიის პერიოდში, დღეს სებ-ს კვლავ გააჩნია ადეკვატური რეზერვები“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ლარის მკვეთრ გაუფასურებას არ პროგნოზირებს ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი ვახტანგ ჭარაიაც, რომლის შეფასებითაც,  ეკონომიკურ კონტექსტში ლარს გაუფასურება არ უწერია, თუ მდგომარეობას  არ დავძაბავთ.

„ლარის რადიკალურ გაუფასურებას არ ველოდებით და შეიძლება, მნიშვნელოვნად არც გაუფასურდეს. გაუფასურებას ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ - თუ ჯიხურებთან არ დავაყენებთ რიგებს და თუ ბიზნესი არ დაიწყებს ლარის გადახურდავებას, ეს არ მოხდება", - განაცხადა მან.

თუმცა სპეციალისტების ნაწილის პროგნოზი გაცილებით პესიმისტურია. ლარის კურსთან დაკავშირებულ ნეგატიურ მოლოდინზე საუბრობს ანალიტიკოსი ნიკა შენგელია, რომლის შეფასებითაც, ახლა მთავარია, კურსი შენარჩუნდეს 3,20-3,25-ის ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში გაძვირება გარდაუვალია.

„შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე კურსი ძალიან არ გაქცეულია, თუმცა ტრენდი გაგრძელდება. რუსეთ-უკრაინის ომის პირველი შედეგი, რაც საქართველოს ეკონომიკამ იგრძნო, პირველ რიგში, სწორედ კურსზე აისახა და პირველსავე დღეს ლარმა ნახტომისებური გაუფასურება განიცადა. ძალიან ცუდია, რომ ეროვნული ბანკი ვერ ართმევს თავს, რათა ასეთი მკვეთრი გაუფასურება არ მოხდეს. 

ბოლო პერიოდში ხალხი შეგუებული იყო, რომ კურსი მყარდებოდა, ამას ფსიქოლოგიური მომენტიც განაპირობებდა. ეს მოლოდინი, ფაქტობრივად, გაქარწყლდა. ომი რომ არა, მარტიდან გაუფასურებას ისედაც ველოდით, მაგრამ  პროცესი დაჩქარდა. კარგი იქნება, ლარმა  შეინარჩუნოს კურსი 3,20-3,25-ის ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში გაძვირება გარდაუვალია“, - განაცხადა შენგელიამ „ბიზნეს-რეზონანსთან“. 

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გარკვეულ ზეწოლას მოახდენს ლარის კურსზეც და გამოიწვევს ფასების მატებას, განსაკუთრებით _ პირველადი მოთხოვნის საქონელზე.

„საგარეო ვაჭრობის დიდი ნაწილი უკრაინასა და რუსეთზე მოდიოდა. უკრაინაში გადაზიდვები  საერთოდ გაჩერდება, ამიტომ ალტერნატიული ბაზრების მოძიება გახდება საჭირო. მოგეხსენებათ, რა სიძვირეა ევროპაში, თუ იქით მივმართავთ აქცენტს, დოლარზე გაიზრდება ზეწოლა და ესეც დიდ პრობლემას შეუქმნის ლარს. მოკლედ, მრავალმხრივ გველის პრობლემა, რაც ყველაზე მეტად კურსს დააწვება და განსაკუთრებით მარტიდან იქნება გამოხატული. 

ვფიქრობ, ეკონომიკურ ზრდას ციფრებში დიდი არაფერი დაემართება, მაგრამ დაგეგმილი ზრდა მაინც ვერ იქნება მიღწეული, რომელიც ისედაც არ აისახება მასებზე, როგორც კეთილდღეობა“, - განაცხადა შენგელიამ „ბიზნეს-რეზონანსთან“. 

შექმნილ სიტუაციაში სერიოზული რისკია საქართველოს  ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებითაც. სპეციალისტები ადასტურებენ, რომ დაგეგმილი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის ვარაუდით, შეიძლება, მინუსებში არ გადავიდეს ეკონომიკა, მაგრამ 2%-იან მაჩვენებელს ვერ გადააბიჯებს, ესეც _ „საუკეთესო“  შემთხვევაში. 

„საქმე ისე მიდის, რომ რუსეთი კატასტროფას განიცდის ცალკე ომის, ცალკე ეკონომიკური სანქციების გამო, რაც თვალსაჩინოა. შესაბამისად, 1 მილიარდი დოლარი, რაც წლიურად მოდის რუსეთიდან, შეიძლება, ვერ ჩამოირიცხოს. მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მით უმეტეს, რომ სერიოზულად ვართ იმპორტდამოკიდებულნი, დიდწილად - რუსეთზე, ამიტომ ამ მხრივაც პრობლემა შეგვექმნება. 

ველოდებით, რომ შემცირდება ექსპორტიც, ეს ყველაფერი ეკონომიკურ ზრდაზე იმოქმედებს. არ ვფიქრობ, რომ მინუსში გადავალთ, მაგრამ მგონია, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, დაახლოებით, 2%-ის ფარგლებში გაიზრდება, დაგეგმილთან შედარებით“, - ვარაუდობს სიმონიშვილი და დასძენს, რომ შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანია მრეწველობის ზრდის მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რის გარეშეც ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა ვერ მიიღწევა.

„1992 წელს რომან გოცირიძემ თქვა, საქართველოს არ სჭირდება ინდუსტრია, ვინაიდან მსოფლიოში პოსტინდუსტრიული ხანა დადგაო, ეს იყო ყველაზე მცდარი აზრი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენ დაგვრჩა იმ დროისთვის მაღალი დონის სამრეწველო აღჭურვილობა. ეს უნდა შეენარჩუნებინათ და გადაეწყოთ ქარხნები, მაგრამ მთელი ეს სიმდიდრე ჯართად გაიყიდა. ამის შესაძლებლობა მაშინ იყო, ვინაიდან თურქეთი ჯერ კიდევ არ წარმოადგენდა მაღალინდუსტრიულ ქვეყანას, ამიტომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან სამეურნეო კავშირები არ გაწყვეტილიყო.  

მთავრობა უნდა მიხვდეს, რომ მრეწველობა ქმნის ყველაზე დიდი რაოდნობით სამუშაო ადგილს და სწორედ ამისკენ უნდა აიღოს გეზი, რაც ერთადერთი გამოსავალია“, - განაცხადა სიმონიშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

აღსანიშნავია, რომ „თიბისი კაპიტალმა" რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის საქართველოზე გავლენის ეკონომიკური შეფასება გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით,  წმინდა დანაკარგი სავალუტო შემოდინებებიდან 2022 წლის კონფლიქტამდე არსებულ საბაზო სცენართან შედარებით 740 მლნ დოლარს, ხოლო 2021 წელთან შედარებით, 110 მილიონ დოლარს შეადგენს.

„ლარის მხოლოდ მცირე, 5-10%-ით გაუფასურების შემთხვევაში, 2022 წლის ზრდა კონფლიქტამდე არსებული 6%-იანი პროგნოზიდან, დაახლოებით, 0.5%-მდე შემცირდება და წმინდა შემოდინებების დანაკლისი ეროვნული ბანკის ინტერვენციებითა და მთავრობის საგარეო დაფინანსებით დაბალანსდება. ჩვენი შეფასებით, ჯამურად, 550 მლნ აშშ დოლარის მიწოდება საკმარისი იქნება. ამ შემთხვევაში კურსი, დაახლოებით, 3.15-ის ფარგლებში შენარჩუნდება.

მნიშვნელოვანი გაუფასურების სცენარში კი, ლარი დოლართან, დაახლოებით, 3.50-მდე გაუფასურდება და წმინდა შემოდინებების დანაკლისი, დაახლოებით, განახევრდება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მხრივ, დაახლოებით, 1.5-2.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრებაა მოსალოდნელი, თუმცა _ მხოლოდ წლის ბოლოსკენ მნიშვნელოვანი შერბილების გათვალისწინებით, როდესაც ინფლაცია სამიზნეზე მაღალი იქნება, მაგრამ ერთნიშნა მაჩვენებელს არ გადააჭარბებს”, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის" შეფასებაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×