"ამ ყველაფერს კი, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე უკვე მალე ვიგრძნობთ"
გვანცა წულაია
01.03.2022

რუსეთის უკრაინაში შეჭრას საქართელოსთვის მძიმე ეკონომიკური შედეგები მოაქვს. ზარალი ქვეყანას უკვე დაეტყო გამყარებული ლარის საგრძნობლად გაუფასურების მხრივ, თუმცა ეს ყველაფერი არაა და ახლო მომავალში შესაძლოა, უფრო რთული პრობლემები წარმოიშვას. მოსალოდნელია პროდუქციის ნახტომისებური გაძვირება, რის ფონზეც ინფლაციას შემცირება არ უწერია. 

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი და უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებია, ოკუპანტის მიერ დაწყებული ომით, საქართველოც იზარალებს. საფრთხეშია ეკონომიკის მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის ვაჭრობაც. საქართველოს რუსეთთან და უკრაინასთან მჭიდრო სავაჭრო პერტნიორობა აკავშირებს, როგორც იმპორტის, ისე ექსპორტის მხრივ. 

შექმნილი ვითარების გამო იმპორტიორებს სხვა ბაზრებზე გადაწყობა მოუწევთ. სწორედ ამაზე საუბრობს იმპორტიორი კომპანიის „ალფას“ ხელმძღვანელი გურამ ბროძელი.  

„ეკონომიკაში პრობლემები იქმნება, მაგრამ უნდა მოხდეს გადატვირთვა და სხვა ქვეყნებიდა უნდა შემოვიდეს პროდუქცია. ეს ადრეც მომხდარა და ახლაც ასე იქნება. რასაკვირველია, რაღაც პრობლემები იქმნება, მაგრამ უნდა გავუმკლავდეთ. რა თქმა უნდა, სხვა ბაზრებზე გადაწყობას შევეცდებით, მხოლოდ რუსეთი ხომ არ არის. გვქონდა მსგავსი შემთხვევა 2008 წელს და ჩვეულებრივად გადავლაგდით. 

ჯერ ადრეა საუბარი ეს გამოიწვევს თუ არა პროდუქციის გაძვირებას, მაგრამ კურსის ცვალებადობა, ყველა შემთხვევაში, მოახდენს ფასებზე გავლენას. გადაზიდვის მანძილი როდესაც იზრდება, ასეთ შემთხვევაშიც ხდება მომატება. მგონია, რომ ქამრები ცოტა ჩვენც უნდა შემოვიჭიროთ“, - განუცხადა „რეზონანსს“ გურამ ბროძელმა. 

უკვე აშკარაა, რომ საფრთხეშია ინფლაციის მაჩვენებელიც, რომლის შემცირება ეროვნულმა ბანკმა გაზაფხულიდანვე დაანონსა, თუმცა მაშინ მოსალოდნელი ომის საფრთხე არ იყო გათლილი. დღესდღეობით კი ქვეყანას ამ მხრივ ძალიან გაუჭირდება.  

როგორც დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აღნიშნავს, სურსათის დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, მაგრამ სავარაუდოა პროდუქტების 10%-ზე მეტად გაძვირება.

„დეფიციტთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად არ შეინიშნება, თუმცა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის ბაზრებზე ჩვენი იმპორტდამოკიდებულება ძალიან დიდია. შესაბამისად, ეს კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ ნეგატივის მომტანია. პირველადი მოხმარების პროდუქტი: ბურღულეული, ზეთი, რძის ნაწარმი და სხვა სასურსათო პროდუქტები საკმაოდ იაფად შემოდის ორივე ქვეყნიდან. ერთი მხრივ, ლოგისტიკის ღირებულება 50%-ით ნაკლებია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, მეორე მხრივ კი, რუსეთსა და უკრაინაში პროდუქტი უფრო იაფია. 

ალტერნატიულ ბაზარზე გადაწყობა შესაძლებელია, მაგრამ გაცილებით გაძვირდება თვითღირებულება. იმ ფონზე კი, როცა ლარი ისევ უფასურდება, ცალსახად ნეგატიურად აისახება ფასებზე.

რამე კონკრეტული პროდუქტის დეფიციტი არ შეიქმნება. შეიძლება, დახლებზე კონკრეტული ბრენდი არ დაგვხვდეს, მაგრამ მისი იქნება ანალოგი, თუმცა გაძვირებული. 

შეზღუდვები, ცხადია ცუდად მოქმედებს. მაგალითად, რუსეთის "სვიფტის" სისტემიდან გათიშვის გამო, დღეს პრობლემა არ დგას, მაგრამ ხვალ უკვე იქნება და პროდუქციის შემოტანაც გაჭირდება. ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რომ გადავეწყოთ სხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს რადიკალურად გაზრდის ფასებს და ეს არ იქნება 5-10% მატება, არამედ ბევრად მეტი“, - განუცხადა ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსს“.

სიტუაციას რა მიმართულებითაც არ უნდა შევხედოთ, ყველგან პრობლემას წავაწყდებით. საფრთხეშია, როგორც ვაჭრობა, ისე ტურიზმი, ინვესტიციები,  ფულადი გზავნილები. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როდემდე გააგრძელებს რუსეთი უკრაინაში დაწყებულ ომს. 

როგორც სტატისტიკოსი  გივი მომცელიძე აცხადებს, ეკონომიკის მიმართულებით საფრთხე ნამდვილად არსებობს და რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სწრაფად ვერ მოხერხდება. პროდუქციის გაძვირების პირობებში კი, ინფლაციის შემცირების პერსპექტივა ძალიან საეჭვო გახდება.

„საფრთხე არსებობს. პირველ რიგში, ფულადი გადმორიცხვების საკითხი, შემდეგ ვაჭრობა, როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი. ჩვენ საომარ მდგომარეობაში მყოფ  ქვეყნებში რაღაც პროდუქცია გაგვაქვს და რაღაც შემოგვაქვს, ამიტომ ეს საკითხიც პრობლემურია, მაგალითად, უკრაინაში პროდუქციის შეტანა უკვე ძნელია. ორივე ქვეყნიდან საქონლის შემოტანაც გაჭირდება, რაც ქართველ იმპორტიორებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. 

ამ ყველაფერს დაემატება პრობლემები ტურიზმში. ორივე ქვეყნიდან საკმაოდ ბევრი ვიზიტორი ჰყავს საქართველოს, განსაკუთრებით რუსეთიდან. შეიძლება ტურისტები ჯერ კიდევ შემოდიოდნენ, მაგრამ მაინც შეიქმნება დაბრკოლება. თუნდაც ავიღოთ პოლიტიკური ამბავი, ვიღაცებს შეეშინდებათ ანტირუსული განწყობა არ დახვდეს საქართველოში და ამის გამო თავს შეიკავებენ. ამ ყველაფერს კი, სამწუხაროდ, ძალიან მალე ვიგრძნობთ. ინვესტიციებს თვალსაზრისით ხომ მთლიანად რეგიონს გაუჩნდება პრობლემები. 

რაც არ უნდა იყოს, რუსული პროდუქტის ჩანაცვლება უცებ ძნელი იქნება. ითვლება, რომ იგი მაინც იაფი ნედლეულის ქვეყანაა, თან ახლო მეზობელია. მაგალითად, ყაზახეთიდან რომ შემოვიტანოთ ხორბალი, ის უფრო ძვირი იქნება, რადგან ქვეყანაა შორსაა. ხორბლის გარდა, კიდევ უამრავი პროდუქციაა, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაგვიძვირდება და ეს ინფლაციის შემცირებას შესაძლებლობას სერიოზულად დაააბრკოლებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ მომცელიძემ. 

შარშან ინფლაციამ ქვეყანა ისედაც „შეჭამა“. კატასტროფულად მაღალი მაჩვენებლის (13.9%) შემცირებას საქართველოს ეროვნული ბანკი გაზაფხულიდან ვარაუდობდა. იგივე მოსაზრება ჰქონდათ ეკონომისტებსაც, თუმცა ომმა სიტუაცია სრულიად შეცვალა. ახლა საქართველოს ისევ მაღალ ინფლაციასთან მოუწევს გამკლავება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×